გოჩა მირცხულავა: ვერ ახერხებენ, საკუთარი თავი დაიცვან, ესენი ქვეყანას როგორ იცავდნენ?! უნდა დასრულდეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობა!
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისიის გზავნილი ნათელია: უკრაინა წინსვლისთვის მზად არის
გიორგი ახობაძის განცხადებით, თავს დაესხნენ
71 წლის აქციის მონაწილე აზა ჩილაჩავა გათავისუფლდა
Zelensky signs law on temporary deferral from mobilization for defense industry workers with military registration issues
General Staff confirms strike on Saratov oil refinery and several Russian army logistics facilities in Luhansk region
სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატია არ არის მორჩილება! ქვეყნის ერთგულება არ იზომება კარიერული სიჩუმით!

გოჩა მირცხულავა: ვერ ახერხებენ, საკუთარი თავი დაიცვან, ესენი ქვეყანას როგორ იცავდნენ?! უნდა დასრულდეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობა!

04.11.2025 ნახვები: 415

"ორი ყოფილი შს მინისტრი, გახარია და ღარიბაშვილი, ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დღეს ვერ ახერხებენ, საკუთარი თავი დაიცვან, ესენი ქვეყანას როგორ იცავდნენ?!

"ბიძინა ივანიშვილი გაზაფხულზე არჩევნებს დანიშნავს!"

"პოლიტიკოსები, რომლებიც ვერ ქმნიდნენ პოლიტიკურ დღის წესრიგს,  ციხეში ჯდომა ამჯობინეს?! ახლა თუ ფიქრობენ, იქიდან რომ გამოვლენ, გმირები იქნებიან და დაფნის გვირგვინებს დავადგამთ, ძალიან ცდებიან"

"ლელომ" ბიძინას სასარგებლოდ თავი გაიბანძა"

„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- გოჩა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის პროცესებს? რა ხდება ჩვენს თავს? საით მივდივართ? იკრძალება ოპოზიცია. კორუფციის სახელით იჭერენ საკუთარ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს. სრული ტერორი ქვეყანაში, გადავსებული წინასწარი დაკავების იზოლატორები.

- ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ვთქვათ, რომ ძალაუფლების ტკბობაში არიან ახლა ის ადამიანები, ვინც რეალურად პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ტიპები არიან. ეს ხალხი ტკბება საკუთარი ძალაუფლებით, მაგრამ მათი პოზიციები არ არის მყარი და ცდილობენ, რომ ამ ქმედებებით გაიმყარონ. სიმართლე გითხრათ, აღშფოთებული ვარ, გუშინ მეორედ დააკავეს 71 წლის ქალბატონი აზა ჩილაჩავა. ვითომ რას გვეთამაშებიან, რომ კანონი კანონია?!  პრობლემას იმაში ვერ ხედავენ, რომ 71 წლის ადამიანი ქუჩაში დგას?! თანაც როგორი ისტორიის მქონე ადამიანი. ამაში პრობლემას ვერ ხედავენ?! სწორედ ამიტომ არსებობს ხელისუფლებასა და ხალხს შორის უდიდესი ნაპრალი. მათ საერთოდ არ ესმით, ხალხს რა პრობლემები აქვს. სულ ტყუილად დაიარებიან გაბღენძილი „ოცნების“ ჩინოვნიკები. ბიძინა ივანიშვილი მათ, აბსოლუტურად ყველას, მდაბიო მსახურებად მიიჩნევს. ძალაუფლებით ტკბობა იმ პირობებში, როდესაც ეს ძალაუფლება მყიფეა, მათთვის არის საშინელება.

- ასევე თვალს ვადევნებთ „ოცნების“ კარის ბიზნესმენებისა და მათი ოჯახის წევრების სრულ ისტერიკას. რატომ აქვთ ასეთი ისტერიკა, ეშინიათ რომ მალე მათაც მიადგებიან?

- დღეს ბიზნესი ყველაზე მძიმე სიტუაციაშია. დასაკარგი თუ ვინმეს აქვს, პირველ რიგში, მათ აქვთ დასაკარგი. სახელმწიფო მათთვის მეწველი ძროხაა! რაც შეიძლება მეტი უნდა ჩამოწველონ, მერე "ატკატებით" იმუშაონ და რაც შეიძლება მეტი უნდა დარჩეთ.

- აქამდე ღარიბაშვილის მზეს რომ იფიცებდნენ, ახლა მისი ხსენებისაც კი ეშინიათ...

- ჟანრის კლასიკაა. მშიშარა და მხდალი ადამიანი რა მნიშვნელობა აქვს რა ტიტულის მატარებელია. წრუწუნა რომ ლომად გადააქციო, მაინც წრუწუნას გული აქვს მას. დღეს ქართველი ბიზნესმენების უმრავლესობა არის ლომის სამოსში გამოწყობილი წრუწუნა. ამ დღეებში ვნახეთ ეს კასტა, თურმე კორუფციას ვერ გრძნობენ. როგორ იგრძნობენ კორუფციას, როცა თავად კორუფციის ნაწილი არიან! მთელი ქონება ხომ ხალხის ხარჯზე დააგროვეს ამ გარეწრებმა! მითვისებული სახელმწიფო ქონებისა და რაღაც ტენდერების ხარჯზე.

- ახლა ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს მიადგნენ, თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ მისი მოადგილე დააკავეს. ეს დაშინებისა და ფულის ამოღების მეთოდია?

- რაც შეიძლება დიდი ფული უნდა ამოიღონ. ამის შემყურე, სხვა უნდა დააშინონ. აი ეს ტაქტიკაა. ღარიბაშვილისგან ამოღებული თანხა, ასე პირდაპირ კი არ თქვა კობახიძემ, 6 მილიონ 500 ათასი დოლარიო, არამედ 20 მილიონი ლარიო, დააკონვერტირა. 20 მილიონი ლარი მიმართული იქნა ბიუჯეტშიო. ამ 20 მილიონით, რომელიც მათ მოიპარეს და წაართვეს საქართველოს მოსახლეობას, რამდენი სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი?!

- გოჩა, ღარიბაშვილს ბრალი მაინც წარუდგინეს და ლილუაშვილთან დაკავშირებით რა ხდება, მისი საკითხი რატომ მიყუჩდა, ჩაიფარცხა?

- ზოგადად, სპეცსამსახურების  შფების დაკავების პრაქტიკა ძალიან მცირეა. დემოკრატიულ ქვეყნებში მათ იმუნიტეტი იცავს. ყოფილა დაკავების შემთხვევებიც, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ღალატს, კორუფციას და ასე შემდეგ. მოარული ხმებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები თითქოს ლილუაშვილს უნდა დაუკავშირონ. თუმცა მე სულ სხვა ხედვები მაქვს. ლილუაშვილთან დაკავშირებული მომენტი უკავშირდება მის ვიზიტს ამერიკაში, როდესაც ვერ დაალაგა რაღაცეები ბიძინას სასარგებლოდ და ამ გუნდმა ჩათვალა, რომ ბიძინასთვის ვერ დაალაგა, მაგრამ დაალაგა თავისთვის, რადგან სანქცირებულთა სიაში არ მოხვდა. ანუ ბიძინა სანქცირებულია და სუს-ის უფროსი არა. მეორე მომენტი, სუს-ის უფროსი ფლობს დიდ ინფორმაციებს და ამ ინფორმაციების გაჟონვა არ მოხდეს. ამიტომ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად უდგებიან. მე ერთი რამ მინდა ვთქვა,  ძალიან გულწრფელად, ორი  ყოფილი შს მინისტრი, გახარია და ღარიბაშვილი, დავანებოთ თავი მათ პრემიერობას, დღეს ვერ ახერხებენ საკუთარი თავი დაიცვან, ესენი ქვეყანას როგორ იცავდნენ?!

- რას ფიქრობთ ოპოზიციის აკრძალვაზე?

- მოდით პირდაპირ ვთქვათ, ეს ფუსტრირებული ოპოზიცია, რასაც ჩვენ ოპოზიციას ვეძახდით, რეალურად არც არსებობდა. შარშანდელი არჩევნების შემდეგ ესენი გაქრნენ პოლიტიკური ველიდან. პოლიტიკური ძალები, პერსონები, რომლებიც ვერ ქმნიან პოლიტიკურ დღის წესრიგს, ისინი რატომ არიან პოლიტიკური ლიდერები?! ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც წლებია დგანან პარტიის სათავეში და მათ არ აქვთ არანაირი წარმატება და არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ თანაპარტიელებისა და ამომრჩევლების წინაშე, თუნდაც დამარცხებული არჩევნების გამო, შიდა დემოკრატია არა აქვთ, მე რატომ მაქვს იმის გარანტია, ესენი ხელისუფლებაში რომ მოვლენ, პატარ-პატარა ბიძინები არ იქნებიან?! ეს ოპოზიციური პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც უკვე გახრწნის პროცესში იყო, რეალურად არც არსებობდნენ, ამათ ფორმალურად გააუქმებ თუ არა, ეს არაფერს არ ცვლის. ჩემთვის აქ მნიშვნელოვანია სულ სხვა მომენტი...

- რა?

- ის სახალხო პროცესი, რაც ახლა ქუჩაში მიდის, ეს აუცილებლად უნდა კონვერტირდეს პოლიტიკურ პროცესში. ხოლო ამის პოლიტიკურ პროცესში კონვერტირებას აუცილებლად სჭირდება სტრუქტურირება და კონკრეტული დღის წესრიგით პოზიციონირება. ჩვენ დავაბნიეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ადამიანები ვერ მიხვდნენ, რა ხდება. აი ამაზე კი პასუხისმგებლობა "ლელომ" უნდა აიღოს!

- გახარიამ?

- გახარია შევიდა პარლამენტში, მან თავისი რეალური სახე აჩვენა. გახარიამ შეასრულა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის თამაში. ერთი პერიოდი გაფანტული „ქართული ოცნების“ მომხრეები შემოიკრიბა და რეალურად ეს ხმები ისევ უკან მიუტანა ბიძინას! ეს კიდევ ცალკე მომენტია. აი "ლელომ" პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მთელი დასავლეთი დააბნიეს. ხომ ჰქონდათ არგუმენტები, არჩევნებზე რომ გადიოდნენ?!

- მათაც ითამაშეს ბიძინას თამაში, თუმცა მაინც აიკრძალნენ.

- ბიძინას სასარგებლოდ თავი გაიბანძეს. დასავლეთი გაოცდა. ვეღარ გაიგეს რომელი გზა იყო სწორი, ის, რომ ხალხი ქუჩაში დგას, ბოიკოტის რეჟიმშია და იქიდან აპროტესტებს, თუ ის არის სწორი, არჩევნებზე რომ გადის?! რომელ პოლიტიკურ ცენტრს დაველაპარაკოთ, ფიქრობდნენ ისინი. დაიბნენ დასავლელი პარტნიორები. დღესაც არ იციან, ვის ელაპარაკონ. ხალხი, შუამავლები არ გვყავს, რომლებიც დასხდებიან და ორივე მხარეს დაელაპარაკებიან. ომის პერიოდშიც არსებობენ მესინჯერები, რომლის მეშვეობითაც გარკვეული კომუნიკაცია ხდება. აქ კი არანაირი კომუნიკაცია არ არის. პოლიტიკას სჭირდება ნეიტრალური პირები. დროა, ფოკუსი გავასწოროთ და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით სწორად ჩამოვყალიბდეთ!

მკვეთრად და ნათლად ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი ემზადება გაზაფხულზე არჩევნების დასანიშნად. ჩვენ გავიგეთ ისიც, რომ 2035 წლამდე უნდა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში დარჩენა. 10-წლიან განვითარების გეგმას ქმნიან. აქედან გამომდინარე, სწორად უნდა დავინახოთ რაღაცეები.  ემოცია გადასარევია, მაგრამ პოლიტიკას პრაგმატიზმი სჭირდება! პასუხისმგებლობის აღება ოპოზიციასაც მოუწევს! წულუკიანის ე.წ. კომისიას რაც შეეხება და შემდეგ პოლიტიკური ლიდერების პატიმრობას, ზოგი იმიტომ ხომ არ წავიდა ციხეში, რომ იცოდა გარეთ ვერაფერს გააკეთებდა?! პოლიტიკოსები, რომლებიც ვერ ქმნიდნენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ციხეში ჯდომა ამჯობინეს?! ახლა თუ ისინი ფიქრობენ, იქიდან რომ გამოვლენ, გმირები იქნებიან და დაფნის გვირგვინებს დავადგამთ, ძალიან ცდებიან. ეგრე არ ხდება! ჯერ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ყველამ 26 ოქტომბერთან დაკავშირებით! ყველამ გარეთ მყოფმაც და შიგნით მყოფმაც! პერსონების დონეზე, რადგან პარტიების დონეზე მაინც აღარ არსებობენ! ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობა!

ნონა ცაბაძე

ახალი თაობა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა