დიზაინის ინსტიტუტის გრძელვადიანი პროგრამები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
თინა ბოკუჩავა - ევროპა იწყებს მოქმედებას იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია აღდგეს და საქართველო დააბრუნონ ევროპული, ნორმალური ცივილიზებული განვითარების გზაზე
ლევან ვასაძე - საქართველოს საბანკო სისტემამ დევნა განახორციელა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების მიმართაც
გიორგი ვაშაძე - რატომ უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე? პასუხი მარტივია, ეს ქვეყანა ჩვენია, ქართველი ხალხის და არა ივანიშვილის!
ლევან ხაბეიშვილი - ხვალ ჩემი გული თქვენთან იქნება სიამოვნებით შევაგდებდი ჩემს ტყავს და თავისუფლებას ამ ბრძოლაში, გამარჯვება გარდაუვალია!
გოჩა მირცხულავა: 4 ოქტომბერს, რუსთაველზე ლიდერიც და პოლიტიკოსიც ხალხია!
ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლემ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

გოჩა მირცხულავა: 4 ოქტომბერს, რუსთაველზე ლიდერიც და პოლიტიკოსიც ხალხია!

03.10.2025 ნახვები: 325

ნებისმიერი პოლიტიკური კონფიგურაციისას, 5 ოქტომბერი  საქართველოსთვის სულ სხვანაირი გათენდება!

ვინც დაიჭირეს ამ ადამიანებისგან ერთი უღირსი ფაქტი არ გვინახავს

დაშინებების მიუხედავად, ამ ადამიანებს, საკმარისი დრო ჰქონდათ თავიანთი ქმედებებიც შეეფასებინათ და უსამართლობაც დაენახათ

ადვილად არავინ არავის არ მისცემს თავ-პირის დალეწვის უფლებას

თუ ხალხს უნდა მონობა ყაჩაღთა ბანდის, ეს გადაწყვეტილებაც მისი მისაღებია, ხოლო თუ მას უნდა გამარჯვება, ეს გამარჯვებაც მისი იქნება!

ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- გოჩა, ხვალ 4 ოქტომბერია, დაძაბულობა და ინტრიგაც სულ უფრო მატულობს. ვხედავთ, „ოცნების“ ხელისუფლება რა დღეშია. გაივსო ციხეები, ყოველ დღე ახალ-ახალი პოლიტპატიმარი გვყავს. რა მოლოდინი გაქვთ და პროვოკაციებს რამდენად ელით?

- რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს არის  რეჟიმის აგონიაში ყოფნის ერთ-ერთი მომენტი. ყოველ შემთხვევაში, ის, რასაც ესენი დღეს აკეთებენ, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თუნდაც საკუთარი თანაგუნდელების დაჭერაც, ერთ-ერთი მესიჯია ბიზნესმენებისათვის, რომ მათ არ უნდა გაბედონ და რაიმე სხვა სახის გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ.

ბიზნესმენების რამდენიმე წერილს გადავაწყდი, რომ თურმე დუღს და უდუღთ ბიზნესები, რომ სტაბილურობაა და ყველაფერი კარგად აქვთ. როგორ არ იქნება კარგი მათი ცხოვრება, 94 მილიონს რომ მისცემენ და სახელმწიფო ტენდერებში რომ აფათურებენ ხელს. მეორე მხრივ, ეეჭვებათ ხოლმე სიტუაცია, რადგან ბევრი მათგანი „გაპარსეს“. „ოცნების“ მხრიდან მიდის აქტიური დაშინების პოლიტიკა, რომ რამე არ გაბედოთ, თორემ თქვენც იგივე დაგემართებათ!

- ბოლო პერიოდია, აქტიურად გამოდის ინფორმაციები, რომ „ოცნება“ ძალოვნებს ვეღარ აკონტროლებს. რატომ გაჩნდა ეს განცდა? გაქვთ ამაზე რაიმე ინფორმაცია?

- ვერავისაც ვერ აკონტროლებენ. ზუსტად მაგას ვამბობდი წინა პასუხში, თუ ვინმეს კონტროლს ინარჩუნებენ, ამასაც დაშინებებით.  დაშინებების მიუხედავად, ამ ადამიანებს, გასული წლიდან მოყოლებული, საკმარისი დრო ჰქონდათ თავიანთი ქმედებებიც შეეფასებინათ და ის უსამართლობაც დაენახათ, რაც მანამდე მათთვის შეუმჩნეველი იყო. აქედან გამომდინარე, შიში აქვთ, არ იციან, რა ელოდებათ. საკუთარი ოჯახის წევრები აუჯანყდა ამ ხალხს. აქედან გამომდინარე, არავის არ უნდა ბარიერს იქითა მდგომი საკუთარი ოჯახის წევრი, რადგან შეიძლება დააზიანონ. აქ უკვე ფიზიკურ დაზიანებაზეა საუბარი, იდეოლოგიურად უკვე დაზიანებულები არიან.  როდესაც ამ დაჭერებს აგრძელებენ, ერთ რაღაცას ვერ მიხვდა „ოცნება“, ვინც დაიჭირეს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამ ადამიანებისგან ერთი უღირსი ფაქტი არ გვინახავს, რეჟიმთან არ გარიგებულან. ეს კიდევ უფრო დიდ ძალას აძლევს აქეთ მხარეს მყოფ ადამიანებს, რომ არამხოლოდ სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად იბრძოლონ, არამედ იმ რეჟიმის დასასჯელად, რომელიც დღეს ასე თავხედურად პარპაშებს,

- ამ ფონზე ვისმენთ ირაკლი კობახიძის ტრაბახს, ხომ ხედავთ მამუკა მდინარაძის ხელში სუს-როგორ ამუშავდაო.

- რითი ტრაბახობენ?! იმითი, რომ მდინარაძე და კობახიძე წლების განმავლობაში უმრავლესობის ლიდერი და ამ პარტიის თავმჯდომარე იყვნენ, მათ მიერ დანიშნული მინისტრები და მათი მოადგილეები კორუფციაში იყვნენ ჩართულები?! საკუთარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ?! რით ტრაბახობენ?! საკუთარ ჩასვრილს რეცხავენ ახლა?! ეს არ გამოვა! ისე ყარს ირგვლივ ყველაფერი, რაც არ უნდა რეცხონ, მაინც ვერ გარეცხავენ! მე მინდა ერთი რამ ვთქვა, იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებაში საკმაოდ პოზიტიური განწყობებია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, მაგრამ კითხვის ნიშანიც არის. არავის არა აქვს უფლება, ამ სიტუაციაში შეეცადოს,  რომ აი ეს პროტესტის მუხტი რაიმე ფორმით ჩააქროს. ადამიანებს აქვთ სრული უფლება, გამოხატონ საკუთარი აზრი და პოზიცია.

- რისთვის ემზადებიან? იქნება პროვოკაციები?

- მოემზადებიან ყველაფრისთვის. არ არსებობს უტიფრობა და არ არსებობს ქმედება, რომელიც მათ თავში არ მოიხარშოს. შესაბამისად, ყველაფრის გათვლა სკრუპულოზურად ბოლომდე შეუძლებელია, თუმცა მე ღრმად ვარ დარწმუნებული და სწორად ბრძანა ბატონმა პაატა ბურჭულაძემ, რომ ეს იქნება ერთგვარად ეროვნული კრება, იმისათვის, რომ ამ ხალხმა თქვას საკუთარი სათქმელი. იქ არავინ არ მიდის ვიღაცისთვის თავ-პირის დასალეწად. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ამ ხალხს თავ-პირი დაალეწოს, ამისთვის საკმაოდ გავიზარდეთ! ამ სიტყვების მიღმა ნამდვილად ვგულისხმობ იმას, რომ ასე ადვილად არავინ არავის არ მისცემს თავ-პირის დალეწვის უფლებას.

ერთი მნიშვნელოვანი პასაჟია, ევროსაბჭოში საქართველოს საკითხის განხილვაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადეკვატურად აფასებს „ქართული ოცნების“ საქმიანობას. რეჟიმი საერთაშორისო იზოლაციაშია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ამ კეთროვანი რეჟიმის შენარჩუნება შეუძლებელია. მე ვთქვი, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ საქართველო არ იქნება ისეთი, როგორიც იყო. არ იქნება.

- რას გულისხმობთ?

- ამ შემთხვევაში მე ძალიან ბევრ რამეს ვგულისხმობ. ყველზე მთავარს კი იმას  ვგულისხმობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ფიქრობენ, რომ მაინც არაფერი გამოვა ამ საკუთარი ფრაზით არიან ძალიან ამაზრზენები და რეჟიმის გამაძლიერებლები, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე თავად რეჟიმის მსახურები და ერთგული მხარდამჭერები! აი ისინიც კი მიხვდებიან საკუთარი სიტყვების დანაშაულის წონას.

- ხომ ვხედავთ როგორია მათი შურისძიების მასშტაბები. ვიტყვით, რაღამ უნდა გაგვაოცოს და ვნახეთ, რომ ბაჩიაშვილის მშობლებს პატიმრობა შეუფარდეს…

- ჩვენ ამაზე ადრეც ხომ ვისაუბრეთ, როდესაც კანონში შეიტანეს შესაბამისი ცვლილებები. ეს იყო კონკრეტულად მორგებული კანონი პიროვნებებზე, ქონების ამოღებასთან დაკავშირებით. მაშინაც ვთქვი, რომ ვიღაცისთვის ამზადებენ. ესენი ხომ პერსონალურად წერენ კანონებს?! ივანიშვილს ქონება რომ გადმოეტანა საქართველოში,  ოფშორების კანონი მიიღეს. ვიღაცისთვის შურისძიების ნიადაგზე, ან ვიღაცის კეთილდღეობისთვის რომ იწერება კანონები, იქ უკვე ყველაფერი ნათელია. ყველაზე მთავარი, რაც ამ სახელმწიფოში არ არის, ეს არის სამართლიანობა. ნეტარ ავგუსტინეს აქვს ნათქვამი, სახელმწიფო, სამართლიანობის გარეშე, არის ყაჩაღთა დიდი ბანდაო და შესაბამისად, ჩვენ ვდგავართ ფაქტის წინაშე და უნდა გავიაზროთ ის, რომ ამ უსამართლო ქვეყანაში, მმართველი ძალა არის ყაჩაღთა დიდი ბანდა. შესაბამისად, ამ ყაჩაღთა დიდ ბანდას ქართული საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს იმით, რომ ან ყაჩაღობა მიატოვებინოს, ან ამ ყაჩაღების მონად იქცეს. სხვა ალტერნატივა არ არსებობს! ხოლო ვინც სვამს კითხვას, აბა სად არიან პოლიტიკოსები და ლიდერები, მათთვის არსებობს მკვეთრი პასუხი: ლიდერიც და პოლიტიკოსიც ხარ შენ! 

- გოჩა, არის მოლოდინი, რომ ხვალ ძალიან ბევრი ხალხი გამოვა. რა სცენარის განვითარებას ელით?

- პირადად მე არ ვარ საორგანიზაციო ჯგუფში ჩართული, რასაც ვუყურებ და ვხედავ, რის შეფასების საშუალებაც მაქვს, არის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ქართველი ხალხი იქნება იქ, სადაც უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება ისე, რომ კობახიძე შეძლებს დაითვალოს თავები. განსაკუთრებით მდინარაძეა ამ ნიჭით გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ ყველაფერს ძალიან სწორად უპასუხებს! მეორეც, ნებისმიერი გადაწყვეტილებები, რომელიც ამ პერიოდისთვის იქნება საორგანიზაციო ჯგუფის მიერ გაჟღერებული, მე ვფიქრობ, რომ იქნება სწორად მომზადებული და სწორად გაჟღერებული. იმის იმედიც მაქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი კონფიგურაციის, ნებისმიერი შინაარსის პირობებში, 5 ოქტომბერი  საქართველოსთვის სულ სხვანაირი გათენდება! თუ როგორი 5 ოქტომბერი გაგვითენდება, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ისევ ქართველი ხალხი! თუ მას უნდა მონობა ამ ყაჩაღთა ბანდის, ეს გადაწყვეტილებაც მისი მისაღებია, ხოლო თუ მას უნდა გამარჯვება, ეს გამარჯვებაც მისი იქნება!

ნონა ცაბაძე

ახალი თაობა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა