გილოცავთ ახალ 2026 წელს!
პაატა ბურჭულაძე - ძალა ერთობაშია! ბოლომდე!
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - თამარ მეარაყიშვილი მოლაპარაკების არსებული ფორმატების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად გათავისუფლდა
ზურაბ ჯაფარიძე - მე გადავიხდი გირაოს
თენგიზ აბლოთია - "2025 წელი" - დიქტატურის მოლოდინში
ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ელენე ხოშტარია - რაც უფრო კარგ ემოციებს მიიღებთ ამ დღეებში, მე უფრო გავიხარებ
ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ

„მთავარი არხი“ - არხის სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა

01.05.2025 ნახვები: 348

„მთავარი არხის“ სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა - როგორც ეს საქართველოს ისტორიაში, სამწუხაროდ, ბევრჯერ ხდება, ჩვენი ციხეც შიგნიდან გატეხეს, გარე მტერი ვერ მოგვერია! ჩვენ დაგვანგრია სწორედ იმან, ვინც თავის დროზე, ამ აუღებელი კედლების აშენებაში გვეხმარებოდა, - ამის შესახებ ნათქვამია “მთავარი არხის“ განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„მთავარი არხის“ განცხადების თანახმად, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პირადი მიზნებისა თუ შურისძიების გამო „მთავარი არხი“ დახურვამდე მიიყვანა და ამით რუსულ რეჟიმს დიდი სამსახური გაუწია.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ციფრული დეპარტამენტი - სოციალური ქსელები და ვებ-გვერდი განაგრძობს მუშაობას.

“5 წელი და 8 თვე აქ მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი მაყურებელი, ქართული საზოგადოება და ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა; ღირებულებები, რომელთა გაღრმავებითაც ჩვენ არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ღირსეულ წევრად უნდა დავრჩეთ და გადავრჩეთ; ღირებულებები, რომლებსაც ასე დაუნდობლად ებრძვის და ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს "ქართული ოცნება".

ჩვენც ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. ჩვენი არხის არსებობა დაარსების დღიდანვე არ იყო მარტივი. ამ გზაზე გადავიტანეთ უამრავი გამოწვევა, რასაც ბევრი, უბრალოდ, ვერ გაუძლებდა. ბევრი წარმატებაც გვქონდა და არც შეცდომებისგან ვიყავით დაზღვეული, თუმცა მათი გამოსწორებისა და არხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის უმძიმესი კრიზისების დროსაც კი არ დაგვიკლია ძალისხმევა. დახურვის პირასაც არაერთხელ ვყოფილვართ ამ წლების განმავლობაში, მაგრამ "მთავარი არხის" თითოეული თანამშრომლის პირადი თავდადებით, თავგანწირვით და ერთგულებით, რიგითი ადამიანებისა თუ ჩვენი პარტნიორების გვერდში დგომით, ზოგჯერ თქვენგან ჩარიცხული თითო ლარით ან, უბრალოდ, გამხნევებით, მაინც ყველა ჯერზე გადავრჩით და წარმოუდგენელ ვითარებაში ვინარჩუნებდით საქართველოს ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული კრიტიკული არხის პოზიციას. იმდენად, რომ, ხშირად, თვითონაც კი გვიკვირდა საკუთარი მოთმინებისა და მიღწევების.

ჩვენ მართლაც შეუძლებელს გავუძელით, მაგრამ, როგორც ეს საქართველოს ისტორიაში, სამწუხაროდ, ბევრჯერ ხდება, ჩვენი ციხეც შიგნიდან გატეხეს, გარე მტერი ვერ მოგვერია. ჩვენ დაგვანგრია სწორედ იმან, ვინც, თავის დროზე, ამ აუღებელი კედლების აშენებაში გვეხმარებოდა. ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავისი პირადი მიზნებისა თუ შურისძიების გამო დახურვამდე მიიყვანა "მთავარი არხი" და ამით დიდი სამსახური გაუწია რუსულ რეჟიმს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენი ციფრული დეპარტამენტი - სოციალური ქსელები და ვებ-გვერდი განაგრძობს მუშაობას. სატელევიზიო მაუწყებლობის შესანარჩუნებლად ჩვენ არანაირი საშუალება აღარ დაგვრჩა.

დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით და გვისმენდით "მთავარი არხის" გუნდს, რომელიც ნებისმიერ ფასად აგრძელებდა თქვენთვის მუშაობას. კადრში თუ კადრს მიღმა, ჩვენ ისევ ძველი ღირებულებებით განვაგრძობთ ბრძოლას და ყველგან და ყოველთვის მთავარი იქნებით თქვენ, ქართველი ხალხი და ჩვენი საქართველო.

მომავალ შეხვედრამდე”, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა