ზელენსკის თქმით, მიმდინარე თვეში უკრაინა დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს, რომელიც ქვეყნის საბრძოლო ავიაციის შესაძლებლობების გაზრდას მოხმარდება.
„ემანუელმა და მე ერთად განვიხილეთ ამ ქმედებების საპასუხო სხვადასხვა გზა. კერძოდ, მიმდინარე თვეში მივიღებთ ახალ პაკეტებს, რომლებიც ჩვენს საბრძოლო ავიაციას გააძლიერებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე ინფორმაციით, უკრაინა და საფრანგეთი ევროპული ანტიბალისტიკური თავდაცვის სისტემის, FREYJA-ს, ამოქმედების მიმართულებით მუშაობას აჩქარებენ. ზელენსკის განცხადებით, სისტემა წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის დაპირებული შეიარაღების წარმოებისთვის აუცილებელი ყველა ლიცენზია უკვე მიღებულია.
„მადლობას ვუხდი ემანუელს: საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის დაპირებული შეიარაღების წარმოების ყველა ლიცენზია უკვე მიღებულია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები გუნდების დონეზე დაუყოვნებლივ განხორციელდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მაკრონის განცხადებით, რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების ესკალაციის პირობებში აუცილებელია უკრაინის უზრუნველყოფა იმ საშუალებებით, რომლებიც მას საკუთარი ტერიტორიის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად სჭირდება.
„ვინაიდან რუსეთი სიტუაციის ესკალაციას მიმართავს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივად უზრუნველვყოთ უკრაინა ყველა იმ საჭირო საშუალებით, რაც მას თავის დასაცავად, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად სჭირდება“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონის თქმით, პარიზი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერასთან ერთად გააგრძელებს მუშაობას ისეთი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რომელიც ხანგრძლივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„ასევე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი მზადყოფნა, განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის გზაზე. საფრანგეთი კვლავაც შეასრულებს თავის ვალდებულებებს“, – განაცხადა მაკრონმა.
ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, რა სახის შეიარაღებას მოიცავს ოქტომბერში დაგეგმილი ახალი სამხედრო დახმარების პაკეტები და რა მოცულობის იქნება ისინი. ასევე არ გავრცელებულა დამატებითი ტექნიკური დეტალები FREYJA-ს სისტემის ამოქმედების შესახებ.