ტრამპის თქმით, ზელენსკი საჯაროდ მოლაპარაკებების სურვილს გამოხატავს, თუმცა რეალურად შეთანხმების მიღწევას არ ცდილობს.
„ზელენსკი ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა გვქონდეს. მას მოლაპარაკება არ სურს. ამბობს, რომ მოლაპარაკება სურს, მაგრამ არ სურს. არა, მე ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. მათ უკრაინა გაანადგურეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამასაც დააკისრა. მისი მტკიცებით, მოვლენები ობამას პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა, ყირიმზე კონტროლი დაეკარგა.
ამასთან, ტრამპმა ყირიმს „ყველაზე ლამაზი მიწის ნაკვეთი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის წყლით არის გარშემორტყმული.
აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთისა და უკრაინის სამხედრო და დემოგრაფიულ შესაძლებლობებზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, რუსეთს მოსახლეობის რაოდენობის გამო ხანგრძლივი ომის წარმოებისთვის გაცილებით მეტი ადამიანური რესურსი აქვს.
„რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა. მას შეუძლია მილიონი კაცი დაკარგოს, თუმცა კიდევ მრავალი მილიონი ჰყავს. უკრაინას ასეთი ადამიანური რესურსი არ გააჩნია“, – აღნიშნა ტრამპმა.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა გააკრიტიკა უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე განხორციელებული დარტყმები.
ტრამპის მტკიცებით, მსგავსი თავდასხმები ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდას უწყობს ხელს და საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე ვითარებას ართულებს.
„მინდა, რომ ზელენსკიმ შეწყვიტოს და იგივეს პუტინისგანაც ვისურვებდი. ახლა, თუ მეუბნებით, რომ ზელენსკი კვლავ ურტყამს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ის მხოლოდ ნავთობის გლობალურ ფასებს ზრდის. ვფიქრობ, ეს უბრალოდ სირცხვილია“, – განაცხადა მან.
ტრამპის განცხადებებიდან ირკვევა, რომ იგი როგორც უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტას, ისე რუსეთის მხრიდან თავდასხმების შეჩერებას ემხრობა.
ამასთან, მისი შეფასება, თითქოს ზელენსკის მოლაპარაკებები არ სურს, ეწინააღმდეგება უკრაინის პრეზიდენტის საჯაროდ გაცხადებულ პოზიციას, რომლის მიხედვითაც კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე დათმობებს არ აპირებს.
შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს დაიკავა და უკანონოდ მიიერთა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყირიმი უკრაინის ტერიტორიის ნაწილად რჩება.