გარემოს ეროვნული სააგენტო: თბილისში 8 საათში ივლისის თვის ნორმაზე 2.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა
21.07.2026
ნახვები: 203
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 20-21 ივლისს თბილისში 7-8 საათის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით ივლისის თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი, ხოლო ცალკეულ უბნებში 2.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა, რამაც ქუჩების დატბორვა და ურბანული ინფრასტრუქტურის გადატვირთვა გამოიწვია.
სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც დაახლოებით 8 საათში 110 მმ ნალექი მოვიდა. ეს თბილისში ივლისის თვის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, მხოლოდ ერთ საათში (23:00-00:00) 54.5 მმ ნალექი დაფიქსირდა, რაც ივლისის კლიმატურ ნორმას 30%-ით აღემატება.
სადგურების მონაცემებით, ნალექის რაოდენობა სხვადასხვა უბანში მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. მათ შორის:
- აღმაშენებლის გამზირი – 95.1 მმ;
- მუხათწყარო – 87.3 მმ;
- ბაგები – 75.2 მმ;
- სოხუმის უნივერსიტეტის ტერიტორია – 69.1 მმ;
- ვაშლიჯვარი – 55.8 მმ;
- ტაბახმელა – 25.07 მმ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ძლიერი ნალექი ატმოსფეროს მაღალი არამდგრადობის შედეგად განვითარდა, რასაც ხელი შეუწყო დღის განმავლობაში ჰაერის ძლიერმა გათბობამ, ქვედა ფენებში ტენის მაღალმა შემცველობამ და ზედა ფენებში შედარებით ცივი ჰაერის შემოჭრამ.
სააგენტოს შეფასებით, კლიმატის ცვლილების პირობებში იზრდება არა მხოლოდ ექსტრემალური ნალექების სიხშირე, არამედ მათი ინტენსივობაც, რის გამოც მოკლე დროში მოსული დიდი რაოდენობის ნალექი უეცარი დატბორვებისა და სხვა სახიფათო ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების რისკს ზრდის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდება.