რუისპირში ქორწილში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
21.07.2026
ნახვები: 236
თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ რუისპირში, სასტუმრო Agarani Estate-ში ქორწილის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ კაპანაძემ მიიღო. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვდა და მიუთითებდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე. ბრალდების ვერსიით, ჭიღლაძე დაზარალებულთა ნომერში თვითნებურად ავიდა და ერთ-ერთ სტუმარს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა მიიღო.
დაცვის მხარე ამ არგუმენტებს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ გიორგი ჭიღლაძე გამოძიებას თავიდანვე თანამშრომლობდა, მიმალვას არ აპირებდა და მისი პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობდა. ადვოკატებმა მხოლოდ არასაპატიმრო გირაო მოითხოვეს. მათი განცხადებით, 5000-ლარიანი გირაოს გადახდის მზადყოფნა სასტუმრომ გამოთქვა.
სხდომის დაწყებისას მოსამართლემ ბრალდებულს კისერზე არსებული დაზიანების შესახებაც ჰკითხა.
„კისერთან გაქვთ დაზიანება, მე მაინტერესებს, ეს პოლიციელების მხრიდან ხომ არ მოხდა?“ – მიმართა მოსამართლემ გიორგი ჭიღლაძეს, რომელმაც უარყოფითი პასუხი გასცა.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული იმ ჩვენებას ეთანხმება, რომელიც გამოძიებას უკვე მისცა.
ინციდენტი 18 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებმა აივნიდან ქორწილის სტუმრებს შეურაცხყოფა მიაყენეს და მუსიკალურ აპარატურას წყალი გადაასხეს, რის შემდეგაც კონფლიქტი გამწვავდა.
გიორგი ჭიღლაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე – აქვს წარდგენილი. აღნიშნული დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.