შსს-მ ხუთი არასრულწლოვანი დააკავა – გამოძიებით, მათ მაღაზიებიდან 14 000 ლარზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარეს
13.07.2026
ნახვები: 181
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხუთი არასრულწლოვანი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამი წარსულში უკვე ნასამართლევია და დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად მოქმედებდნენ და დედაქალაქში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქციას იპარავდნენ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან იმალებოდნენ.
სამართალდამცველებმა ასევე დაადგინეს, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილ მოპედებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა.
შსს-ს მონაცემებით, არასრულწლოვანთა ქმედებების შედეგად სავაჭრო ობიექტებს 14 000 ლარზე მეტი ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ.
პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც, უწყების ინფორმაციით, ბრალდებულთა მიერ ჩადენილ დანაშაულს ადასტურებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობა) და 178-ე (ძარცვა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.