ირანული მედია: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება
30.06.2026
ნახვები: 180
ირანის ყოფილი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები და ოფიციალური დელეგაციები დაესწრებიან. ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო WANA News-ი იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ოფიციალურ დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი უხელმძღვანელებს და დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
WANA News-ის ცნობით, ირანში ასევე ჩავლენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალური გრაფიკის მიხედვით, საჯარო გამოსამშვიდობებელი ცერემონია 4 ივლისს, დილის 6:00 საათზე, თეირანში, იმამ ხომეინის მოსალაში დაიწყება და 5 ივლისის საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება. დაკრძალვის ლოცვა 5 ივლისის დილით გაიმართება.
ცერემონიების დასრულების შემდეგ აიათოლა ალი ხამენეის ცხედარს თეირანიდან და ყუმიდან ერაყის ოთხ ქალაქში გადაასვენებენ, შემდეგ კი ირანში დააბრუნებენ. საბოლოოდ, მისი დაკრძალვა 9 ივლისს ქალაქ მეშჰედში გაიმართება.
WANA News-ის ცნობით, ზოგიერთმა უცხოელმა ოფიციალურმა პირმა და მომლოცველმა, რომლებიც თავდაპირველად ირანში გამართულ ცერემონიებზე დასწრებას გეგმავდნენ, გადაწყვეტილება შეცვალეს და ერაყში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ.