გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაზე არ გაჩერდება.
„ისევე როგორც 1938 წელს სუდეტის ოლქი არ იყო საკმარისი, პუტინი არ გაჩერდება“, – აღნიშნა მერცმა ჩეხოსლოვაკიის იმ ნაწილზე მითითებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მოკავშირეებმა ჰიტლერს შეთანხმებით დაუთმეს, ჰიტლერმა კი ამის შემდეგაც განაგრძო ევროპაში ექსპანსია.
„თუ უკრაინა დაეცემა, ის აქ არ გაჩერდება, ეს არის რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის და ევროპის წინააღმდეგ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მერცის თქმით, პუტინის მიზანია „ევროპაში საზღვრების ფუნდამენტური ცვლილება და საბჭოთა კავშირის აღდგენა ძველ საზღვრებში“.
ცნობისთვის, გერმანიის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ოფიციალური პირები განიხილავენ უკრაინაში ომის დასრულების წინადადებებს ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრამდე, რომელშიც ლიდერებიც მიიღებენ მონაწილეობას.
აშშ-ის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელსაც მერცი ორშაბათს ბერლინში მიიღებს.
მუშავდება აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც მოიცავს უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებს.
ერთ-ერთი წინადადების თანახმად, დონბასის რეგიონი გადაიქცევა თავისუფალ ეკონომიკურ ზონად, სადაც ამერიკულ კომპანიებს შეეძლებათ თავისუფლად ფუნქციონირება.