ინსტიტუციური რყევები, ძალაუფლების გადანაწილება და გარდაქმნები, რომლებიც საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ რეალობას შეცვლის
ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, უახლოესი 3-5 წელი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის შიდა ტრაექტორიას, მის ინსტიტუციურ განახლებას და მნიშვნელოვნად იმოქმედებს სახელმწიფოს განვითარებაზე.
ყველა კულუარული პროცესი, რომელიც დაინტერესებული პირებისთვის დღეს უკვე თვალსაჩინოა, ნათელ წარმოდგენას გვაძლევს, რომ ჩვენ ნამდვილად ვდგავართ ახალი ეპოქის დასაწყისის წინაშე - ეპოქისა, რომელმაც შესაძლოა, ეკლესიის მრავალწლიანი სტატუს-ქვო მშვიდად, მაგრამ შეუქცევადად შეცვალოს.
მოსახლეობის ნაწილისთვის ეს გარდატეხა მოულოდნელი შეიძლება იყოს, თუმცა ვინც ეკლესიის შიდა ცხოვრებას თვალს ადევნებდა, ხედავდა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ინსტიტუცია უკვე შედიოდა მძიმე ფაზაში.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია რეალობას გავუსწოროთ თვალი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში იყო ქვეყნის ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტი.
ეს ნდობა რელიგიური განცდიდან არ მომდინარეობდა. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ეკლესიაში ბევრი ადამიანმა იპოვა არა მხოლოდ სულიერი სიმშვიდე, არამედ „პატრონი“. გარკვეულწილად ეს იყო ისტორიული, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაქცია; ერთგვარი სიმბოლური აქტი - სკკპ-ს პარტბილეთის ჯვრით ჩანაცვლება. მაგრამ ფაქტია, რომ ეკლესია მიიჩნეოდა როგორც ეროვნული თვითმყოფადობის ძირითადი საყრდენი.
ეკლესიამ განსაკუთრებული სტატუსი მიიღო სახელმწიფოსგანაც - კონკორდატმა მას მიანიჭა რიგი პრივილეგიები, რაც ეკლესიას სოციალური და პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთ აქტორად აქცევდა. ამის პარალელურად, დაბალმა სამოქალაქო კულტურამ და საზოგადოების უდიდეს ნაწილში სეკულარიზმის პრინციპის გაუცნობიერებლობამ, ეკლესია ხშირად ჩართო ისეთ საქმეებში, სადაც მას მონაწილეობის არც უფლება ჰქონდა და არც ვალდებულება - მაგრამ „მრევლის მოთხოვნის“ სახელით ერთვებოდა პოლიტიკურ პროცესებში.
სხვადასხვა პერიოდში მივიღეთ პირდაპირი შანტაჟის ფორმები, როცა საპატრიარქომ ეკლესია გამოიყენა პოლიტიკური მანიპულაციისთვის.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეკლესიის ავტორიტეტი თითქმის უწყვეტად ეჯახებოდა სამ ძლიერ წინააღმდეგობას: პირველ რიგში - პოლიტიკურ ჩარევას, როცა საპატრიარქო იწყებდა კონკრეტული სახელმწიფო გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციას; მეორე - შიდა დაპირისპირებებს, რომლებიც განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს 2017 წლიდან (ციანიდის საქმე და მოსაყდრის დადგენა) მოყოლებული; და მესამე - რუსულ გავლენას, რომელიც მრავალი არხით არსებობდა და დღესაც საკმაოდ ფესვგადგმულია.
საქართველოს ეკლესიაზე ლაპარაკი რუსული კონტექსტის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. რუსეთი ეკლესიას იყენებდა და იყენებს როგორც გეოპოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტს. ამ გავლენას მოქმედების სამი მიმართულება აქვს -პოლიტიკური „რბილი ძალა“, იდეოლოგიური-ინფორმაციული ზეწოლა და უშუალო, პერსონალური კავშირები მაღალი იერარქების ნაწილთან.
რუსეთში აღზრდილი ცალკეული სასულიერო პირების გავლენა და მათი გამოყენება რუსული ინტერსებისთვის არაერთხელ დადასტურებულა. ეს იყო წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სქემა, რომელსაც თან ახლდა თეოლოგიური და იდეოლოგიური დამოკიდებულებები. ამასთან ერთად არსებობდა კავშირი ადგილობრივ კონსერვატიულ ცენტრებთან, რომლებიც ხშირად რუსული პროპაგანდის ნარატივს ატარებდნენ „ტრადიციული ღირებულების“ სახელით. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ზოგიერთმა ქართულმა მედიამ, მიუხედავად იმისა რომ ისინი რუსული პროპაგანდის ოფიციალური არხები არ ყოფილან, ხშირად ისე გაიმეორა ან გააძლიერა ეს რუსეთის შემოგდებული დისკურსი, რომ უნებლიედ იქცა მის გამტარად.
მეორე მიმართულება იყო იდეოლოგიური ზეწოლა, რომელიც „დასავლეთის სულიერი გახრწნის“ თემის გარშემო ტრიალებდა და ტრიალებს დღემდე. გზავნილები, რომლებიც ამ ნარატივს ამაგრებდნენ, იმდენად გავრცელებული გახდა, რომ ბევრმა მოქალაქემ ვეღარც გაარჩია რელიგიური თეოლოგია პროპაგანდული შინაარსისგან.
მესამე, და ალბათ ყველაზე სერიოზული - პირადი კავშირებია. მღვდელმთავართა ნაწილი არც კი მალავდა რუსულ წრეებთან სიახლოვეს. ზოგი კი ამ კავშირებს „თვალს მორიდებული“ ახორციელებდა. რუსეთში მოგზაურობები, ბიზნესინტერესები, „ორგანიზაციული ძაფები“ და ზოგჯერ აშკარა პრორუსული განცხადებები - ეს იყო ეკლესიის შიგნით არსებული ფარული ქსელი, რომელიც გავლენას ახდენდა პოზიციებზე, გადაწყვეტილებებზე და ზოგჯერ საეკლესიო პოლიტიკაზე.
ეს ყველაფერი ხდება იმ პირობებში, როცა საქართველოს ეკლესია ოფიციალურად ავტოკეფალურიაა და რუსეთის ეკლესიას ფორმალურად არ ექვემდებარება.
აქაც უნდა ვაღიაროთ, პრობლემა არასდროს ყოფილა იურიდიულ ავტოკეფალიაში - პრობლემა იყო და არის ამ ინსტიტუციის პოლიტიკური, კულტურული და იდეოლოგიურ ბმა რუსეთთან.
2020 წლიდან ეკლესიაში მოსალოდნელი ცვლილებების კონტურები აშკარად გამოჩნდა. რაც პირველ რიგში უკავშირდება ახალ თაობას - განათლებული, დასავლეთის აკადემიური გამოცდილებით, განსხვავებული ცნობიერებითა და უფრო თანამედროვე სულით. ამ თაობამ არა მხოლოდ შეცვალა ეკლესიის საჯარო - რიხიანი ტონი - არამედ, გააჩინა მოლოდინები, რომ მომავალში ის იქნებოდა ეკლესიის შიგნით მნიშვნელოვანი ძალა.
ამ პროცესს დაემატა საზოგადოების ნდობის კლება. „ციანიდის საქმე“, „სუს-ის ფაილები“, სკანდალები, ურთიერთბრალდებები - ამ ყველაფერმა თანდათან შექმნა განცდა, რომ ეკლესია პოლიტიკური და მატერიალური კონფლიქტების ეპიცენტრში იყო.
ამას დაემატა ქართული საზოგადოების ინტელექტუალური ზრდაც. ახალგაზრდობა და ინტელექტუალები აღარ ეგუებიან ეკლესიის შეუმცდარობის თეზას; ისინი ითხოვენ გამჭვირვალობას, საჯარო ანგარიშვალდებულებას და რეაგირებას ისეთ თემებზე, რომელზეც ეკლესია წლების განმავლობაში დუმდა - ძალადობა, ბავშვების უსაფრთხოება და უფლებები, ქალთა უფლებები, ფსიქიკური ჯანმრთელობა, სექსუალური განათლება და ა.შ.
ამ ყველაფრის ფონზე ბუნებრივია დავსვათ კითხვა: რა მოხდება, რას უნდა ველოდოთ?
არსებული ვითარების ანალიზით, იკვეთება ყველაზე რეალისტური სამი შესაძლო სცენარი.
პირველი სცენარი - რეფორმისტული გარდაქმნა.
ეს შეიძლება გახდეს მშვიდი, მაგრამ ფუნდამენტური ცვლილება.
ახალი თაობის სასულიერო პირები, განათლებული საზოგადოება და აქტიური ახალგაზრდობა ერთად შექმნიან იმ კრიტიკულ მასას, რომელიც ეკლესიას აიძულებს გადაანაწილოს პრიორიტეტები.
დაიწყება იერარქიის ფრთხილი განახლება, რუსული გავლენის შესუსტება, სეკულარიზმის პრინციპის მაქსიმალური პატივისცემა და თანამედროვე თეოლოგიური ხედვების გამყარება.
ასეთ შემთხვევაში ეკლესია შეინარჩუნებს ნდობას და სრულიად ახალ, უფრო ჯანსაღ ფაზაში გადავა.
მეორე სცენარი - ღია დაპირისპირების პერიოდი, რაც საკმაოდ რეალისტურია.
ძველი და ახალი ძალების მკაფიო კონფლიქტმა შეიძლება საჯარო გახადოს ის პრობლემები, რომლებიც დღეს ფართო საზოგადოებისთვის დაფარულია.
სასულიერო პირების ურთიერთბრალდებები, იერარქთა შორის დაპირისპირება, ინსტიტუციური შიდა ბრძოლები - ეს ყველაფერი არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს სტაბილურობაზეც იმოქმედებს.
ასეთი ვითარებაში რუსეთი საკუთარი გავლენის გამყარებას შეეცდება - კრიზისი კრემლისთვის ყოველთვის არის შესაძლებლობა.
თუმცა საბოლოოდ, დღეს არსებული მონაცემებით, მაინც პროგრესული ძალა გაიმარჯვებს, რადგან მას მხარს საზოგადოება დაუჭერს და ისტორიული ტენდენციებიც მის მხარეს იქნება. თანამედროვე რუს-ურბნისის თავიდან ასაცილებლად რეაქციულ ძალებს მოუწევთ დათმობაზე წასვლა.
მესამე სცენარი - კონსერვატიული სტაგნაცია, რაც ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია.
ეს არის სცენარი, სადაც არაფერი იცვლება:
იგივე იერარქია, იგივე გავლენები, იგივე რუსული კავშირები.
თუმცა ასეთ შემთხვევაში ეკლესია ფორმალურად ძლიერად დარჩება, მაგრამ რეალური გავლენა დაიკარგება.
ახალგაზრდობა გაიწევა, საზოგადოებრივი ნდობა საგრძნობლად დაეცემა, ხოლო ეკლესია საკუთარ ხალხთან დაშორების რისკის წინაშე დადგება.
ეკლესიაში მოსალოდნელი პროცესები პოლიტიკურ ცვლილებებსაც უკავშირდება.
2026 წელი, როგორც ჩანს, იქნება „ხმის ამოღების“ წელი - ეკლესიის შიგნითაც და საზოგადოებაშიაც.
საჯარო გახდება კონფლიქტები, რომლებიც აქამდე კულუარებში ვითარდებოდა. დაპირისპირების კლასიკაა ორი დიდი ბანაკის ჩამოყალიბდება - კონსერვატიული და რეფორმატორული ჯგუფები. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ასევე ჩამოყალიბდეს მიუმხრობელთა ჯგუფი. ამ ჯგფის ჩამოყალიბებას ველი პირველი და მეორე სცენარის შემთხვევაში, როდესაც „მიუმხრობლები“ შეეცდებიან მედიატორის როლის შესრულებას. პოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს, რომ ასეთი ჯგუფის შექმნა აუცილებელიც და მიზაშეწონილიც არის. თუმცა მისიის ამოწურვის შემდეგ ჯგუფი საკუთარ გავლენას დაკარგავს.
2027 წლისთვის გართულდება ურთიერთობები სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებთანაც; საქართველოს ეკლესია დაკარგავს ერთიანობის ილუზიას.
2028 წელი - ძალაუფლების გარდაუვალი ცვლილების წელია. ეს შეეხება როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიას.
2029 წლიდან კი დაიწყება ნამდვილი ცვლილებები: ეკლესია თანდათან გაემიჯნება პოლიტიკურ პროცესებს, შემცირდება მანიპულაციური იერარქიული გავლენები, გაიზრდება განათლებისა და სულიერების როლი.
და ბოლოს, რას ნიშნავს ყველაფერი ეს?
ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკვე შევიდა ახალ ეპოქაში - ეპოქაში, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, პირად და ინსტიტუციურ პასუხისმგებლობას, სეკულარიზმის პატივისცემას და ხალხთან უფრო პრაგმატულ, ქრისტეს სწავლებაზე დაფუძნებულ ურთიერთობას.
რუსეთის გავლენა შენარჩუნდება ცალკეული იერარქების დონეზე, მაგრამ სტრუქტურულად დაიშლება.
განათლებული, ეროვნული, ნაკლებად პოლიტიზებული და უფრო ღია აზროვნების ახალი თაობისა და რეფორმატორების მეშვეობით - შეიქმნება ეკლესიის ახალი რეალობის საფუძველები.
ეს პროცესი შეიძლება იყოს ნელი, მაგრამ ის უკვე დაწყებულია და მისი შეჩერება შეუძლებელია.
საბოლოოდ საქართველოს ეკლესია დაბრუნდება იქ, სადაც მისი მთავარი მისია -სულიერებაშია და არა ძალაუფლებაში.
რა თქმა უნდა, ალბათ უფრო საინტერესო იქნებოდა ეს ყველაფერი კონკრეტული პირების იდენტიფიცირებით წარმომეჩინა, მაგრამ ამის დროც მოვა, თან შორეულ პერსპექტივაზე არც ვსაუბრობ.