ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის - ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც აღივე მათგანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა.
ამასთან, შვანგირაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, საქმეზე დაეკითხათ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, არ დააკმაყოფილა.
სახალხო დამცველის დაკითხვასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა პაატა მანჯგალაძემ, ვინაიდან იოსელიანს თავად აქვს გაცხადებული, რომ ის მზად არის მანჯგალაძესთან დაკავშირებით "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართოს.
"ვფიქრობ, ამ საქმეში არსებითია სახალხო დამცველის ჩართვა, მან გამოხატა სურვილი, მოვიდეს და მოწმე იყოს ამ საქმეზე",- განაცხადა მანჯგალაძემ.
კიდევ ერთხელ სიტყვით ისარგებლა მურთაზ ზოდელავამ.
„თუ მე და ჩემზე ნიჭიერმა სამმა ადამიანმა ლაპარაკით შეძლო და ამდენი ადამიანი გამოიყვანა, გადაავსო რუსთაველი, რაშია საქმე? - საქმე იმაშია, რომ ხელისუფლებამ იმ ვითარებამდე მიიყვანა ქვეყანა, რომ მე და ჩემნაირებმა სატელევიზიო გამოსვლებით შევძელით ეს...
ვინც ეს კლიმატი შექმნა, ის ხომ არაა დამნაშავე და მაგათ გამო ჩვენ ხომ არ გვასამართლებენ?",- განაცხადა ზოდელავამ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.