აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაერო-ს მიერ ღაზასთან დაკავშირებით მომზადებული სამშვიდობო გეგმის დამტკიცება „მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას“ გამოიწვევს.
„ვულოცავ მსოფლიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესანიშნავ კენჭისყრას, რომელმაც აღიარა და მხარი დაუჭირა სამშვიდობო საბჭოს, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ და რომელშიც მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი, პატივცემული ლიდერები შევლენ. ეს გაერთიანებული ერების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოვლენად შევა, მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას გამოიწვევს და ნამდვილი ისტორიული მასშტაბის მომენტია. მადლობა გაერო-ს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს ყველა ქვეყანას. ასევე მადლობა იმ ქვეყნებს, რომლებიც არ იყვნენ ამ კომიტეტში, მაგრამ მტკიცედ უჭერდნენ მხარს ძალისხმევას“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, საბჭოს წევრების ვინაობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მომდევნო კვირებში ბევრი საინტერესო განცხადება გაკეთდება.
შეგახსენებთ, გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ღაზასთან დაკავშირებით.