გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ღაზასთან დაკავშირებით.
რეზოლუციას მხარი 14-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი არ ყოფილა, ხოლო რუსეთმა და ჩინეთმა თავი შეიკავეს.
რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. „სამშვიდობო საბჭოში“, რომელიც გათვალისწინებულია, როგორც გარდამავალი ორგანო, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ღაზის რეკონსტრუქციასა და ეკონომიკურ აღდგენას. ის ასევე ამტკიცებს საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ღაზის დემილიტარიზაციის პროცესს, მათ შორის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებით. ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმა რეზოლუციის დანართის სახით არის თანდართული.
„შეერთებული შტატები დაამყარებს დიალოგს ისრაელსა და პალესტინელებს შორის, რათა შეთანხმდნენ მშვიდობიანი და აყვავებული თანაცხოვრების პოლიტიკურ ჰორიზონტზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი კვლავ ეწინააღმდეგება პალესტინის სახელმწიფოს შექმნას და პირობა დადო, რომ ღაზის დემილიტარიზაციას „მარტივი ან რთული გზით“ მოახდენს. „ჰამასი“ ჯერჯერობით უარს ამბობს განიარაღებაზე. მათი თქმით, რეზოლუცია ისრაელის ინტერესებს ემსახურება.