წალენჯიხის მერი - წალენჯიხის მერია იქცევა მოქნილ, ადგილობრივების საჭიროებების დროულად მომგვარებელ უწყებად
29.10.2025
ნახვები: 220
დღეს, 29 ოქტომბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი გუბა საჯაია მერიის თანამშრომლებს წარუდგინა.
სახელმწიფო რწმუნებულმა გუბა საჯაიას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ახალი მერი ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხები უმოკლეს ვადებში გადაიჭრას შეძლებს.
„გუბა საჯაიას ძალიან უყვარს წალენჯიხა და ეს სიყვარული მას წალენჯიხელებმა უზარმაზარი მხარდაჭერით დაუფასეს. დარწმუნებული ვარ, გუბა ამ მხარდაჭერას გაამართლებს. წალენჯიხაში სულ სხვა მოცემულობა გვქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა, წალენჯიხა არ დარჩენილა არცერთი სამთავრობო პროგრამის მიღმა. ახალ მერს ექნება, როგორც პირადად ჩემი, ასევე მთელი სამთავრობო გუნდის დიდი მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად მნიშვნელოვან საკითხებს გადავჭრით ამ მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა დავით ვერავამ.
გუბა საჯაიამ წალენჯიხელებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა. წალენჯიხის მერია იქცევა მოქნილ, ადგილობრივების საჭიროებების დროულად მომგვარებელ უწყებად. ჩვენ გვაქვს გეგმები ინფრასტრუქტურის, განათლების, სპორტის, კულტურის განვითარების მიმართულებით. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდულ საკითხებს და ახალგაზრდების ჩართულობას მუნიციპალიტეტის საქმიანობაში“, - აღნიშნა წალენჯიხის ახალმა მერმა.