„მიხეილ სააკაშვილმა ყველა ის მითი დაამსხვრია, რაც უკავშირდებოდა თანხის გაფლანგვას“ - ადვოკატი
„მიშამ გააქარწყლა პროკურატურის ბრალდება“ - გიული ალასანია „პიჯაკების საქმის“ სასამართლოზე
პოზიტიურია, რომ მიხეილ სააკაშვილს მეორედ მიეცა საშუალება, პირადად დაესწროს სასამართლო პროცესს - კელი დეგნანი
„არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდხანს მოუწიოს ციხეში ყოფნა“ - ადვოკატი
„დღევანდელი სასამართლო სააკაშვილისთვის პოლიტიკური ტრიბუნა იქნება“ - გურამ მაჭარაშვილი
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენმდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორედ აირჩიეს
სააკაშვილის ადვოკატები „პიჯაკების საქმის“ დღევანდელ სასამართლოზე
მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშია

საქართველოს მოქალაქეები ეკლესიას რუსეთის ოკუპაციის დროს მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციას არ უნდა უხდიდნენ!

11.24.2021 | 13:41

„რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გაუქმებისა და ამ პერიოდში საქართველოს ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას საქართველოს ხელისუფლებები საკუთარ მოსახლეობას აიძულებენ", - აცხადებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებების დამოკიდებულება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საკუთარი მოსახლეობისადმი ლოგიკას მოკლებულია, სამაგიეროდ, მორგებულია ე.წ. საეკლესიო კონიუქტურას.

„ერთი შეხედვით, ძნელია, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობაში ხელისუფლებების ლოგიკას მიჰყვე, თუმცა როგორც კი გაიაზრებ, რომ ხელისუფლებებიც და საპატრიარქოც ხალხს და მრევლს საკუთარ მსახურებად და პირადი გამდიდრების ინსტრუმენტად მიიჩნევენ, ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ხელისუფლებები და საპატრიარქო მოსახლეობაზე თანაბრად ძალადობენ", - აცხადებს მირცხულავა.

ანალიტიკოსი, ასევე, ამბობს, რომ ორივე ინსტიტუცია მოსახლეობის ღია ძარცვაზეა გადასული.

„იმას, რომ კონკორდატი ყოველ ნაბიჯზე ირღვევა, დიდი გააზრება არ უნდა და ხელისუფლება, როგორც სახელწიფოს წარმომადგენელი და საპატრიარქო, როგორც ეკლესიის მმართველი ორგანო, უხეშად ერევიან ურთიერთსაქმიანობაში, თუმცა ეს სრულებითაც არ უქმნით პრობლემას, რომ საქართველოს მოსახლეობის ძარცვის საქმეში სიამტკბილობაში იყვენ. მეტიც, მოსახლეობას ადანაშაულებენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებაში", - აცხადებს მირცხულავა.

მირცხულავა აღნიშნავს, რომ ხელისუფლებებს ეკლესია საარჩევნო ხმების მობილიზებისა და ადამიანების მართვისთვის სჭირდებათ. ეკლესია კი სირქლემას პოზაშია და ძარცვის ამ აქტს ვითომ ვერ ხედავს.

„ჯერ კიდევ 2012 წლის თებერვალში გამოიცა საქართველოს მთავრობის #63 დადგენილება: „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ". კომისიის შემადგენლობა პერიოდულად ახლდება. დადგენილებით, კომისიას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. შექმნილია სამუშაო ჯგუფებიც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს XIX და XX სს-ში, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში ეკლესიისათვის მიყენებული ზარალის დამდგენი სამუშაო ჯგუფის არსებობაა. ავხსნი, რატომაც: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ უარი განვაცხადეთ ყველაფერზე, ანუ ვაღიარეთ, რომ ქონებრივი პრეტენზია არ გვაქვს რუსეთთან, როგორც სსრკ-ს სამართალმემკვიდრესთან. კონკორდატის მიხედვით, სახელმწიფოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, რომ ეკლესიას უნდა აუნაზღაუროს რუსეთისა და საბჭოთა კავშირის პერიოდში მიყენებული ზიანი, მაგრამ ეს ზიანი ერთმა ხელისუფლებამაც არ დაითვალა. რატომ? - იმიტომ, რომ მისი დათვლა არც ეკლესიას აწყობს და არც - ხელისუფლებებს, რომლებიც მუდმივ პოლიტიკურ და ფინანსურ გარიგებაში არიან. საინტერესოა, აინაზღაურა თუ არა საქართველოს ეკლესიამ რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალი და, მინიმუმ, საბიუჯეტო სახსრებით რამდენი წელი უნდა აფინანსოს სახელმწიფომ საპატრიარქო ჯერაც დაუთვლელი, გასტუმრებული თუ გაუსტუმრებელი ზიანის საბაბით? ამ დროისთვის არასრული ინფორმაციით, საპატრიარქოს სახელმწიფოსგან 2002 წლიდან 700 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული, 1988 წლიდან 2017 წლის ჩათვლით კი, მიღებული მიწის ფართობი ლამის ბათუმის ფართს - 6494 ჰექტარს უტოლდება. შეგახსნებთ, რომ ვატიკანის ტერიტორია ბევრად ნაკლები - 44 ჰექტარია", - აცხადებს მირცხულავა.

მისივე თქმით, აუცილებელია, გადაიხედოს კონკორდატი, ან დროებით შეჩერდეს მისი მოქმედება და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მუხლი საერთოდ ამოღებული იქნას საკონსტიტუციო შეთანხმებიდან.

„ვერაფრით გავიგე - დამოუკიდებლობის პირობებში დაბადებული საქართველოს მოქალაქე რატომ უნაზღაურებს ეკლესიას ზიანს? ან მე რა ზიანი მივაყენე ეკლესიას იმით, რომ საბჭოთა პერიოდში დავიბადე? თუ ზიანზეა საუბარი, რუსეთმა და საბჭოთა კავშირმა მხოლოდ ეკლესიას მიაყენა ზიანი და საქართველოს მოქალქეების და მათ წინაპრებს არა?" - კითხულობს მირცხულავა.

მისივე განცხადებით, თავის დროზე კონკორდატი საკმაოდ ნორმალური დოკუმენტი იყო, მაგრამ მისმა მუდმივმა დარღვევამ როგორც საქართველოს ხელისუფლებების, ასევე, საპატრიარქოს მხრიდან, დღის წესრიგში მისი გადახედვის საკითხი დააყენა.

„დღევადელი გადასახედიდან, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც არავინ ასრულებს, არც - სახელმწიფო და არც - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. შესაბამისად, მისი გადახედვა და გაკეთილშობილება აუცილებელია როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე, ეკლესიისთვის. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ვალდებულება, ეკლესიას უხადონ ზარალი იმავე ზიანისთვის, რაც მიადგა თითოეულ მათგანსა თუ მათ წინაპარს რუსეთის მხრიდან - დამოუკიდებლობის დაკარგვისა და ავტოკეფალიის გაუქმების პირობებში. იმ პერიოდში ერმაც და ბერმაც ერთი და იგივე ტკივილი და ზიანი განიცადა. ამიტომ, ამ კაბალურ დამოკიდებულებაზე უარი, პირველ რიგში, ეკლესიამ უნდა თქვას. ეს არის საკუთარი მოსახლეობის დასჯა, გნებავთ, პასუხისმგებლობის დაკისრება იმ დანაშაულისა და ქმედებისთვის, რაც მას არ ჩაუდენია. არ მგონია, რომ ეკლესიას და მის ჯანსაღად მოაზროვნე მესვეურებს საკუთარი, ისედაც გაღატაკებული მოსახლეობის მძარცველის სახელის ტარება მოსწონდეს. ხელისუფლებების პოზიცია აქ ნათელია - ამ ინსტიტუციისგან საარჩევნო ხმების წყალობა სურთ და ამისთვის , რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ჩვენივე ფულით ყიდულობენ ჩვენს კეთილგანწყობას", - აცხადებს მირცხულავა.

აქვე, მირცხულავა სვამს კითხვას: „და თუნდაც იყოს ეს ნორმა და არ შევეხოთ კონკორდატს, ვიდრე ეს ზიანი დათვლილი არ არის, რატომ ვუხდით მილიონებს ეკლესიას? ან იქნებ გავისტუმრეთ სულაც და საპატრიარქომ უთხრა ამის გამო მადლობა მის მოსახლეობას, რომელსაც ნამდვილად არ გაუუქმებია ეკლესიის ავტოკეფალია და რუსეთში არ გაუზიდავს მისი ქონება?"

„საქართველოს მოსახლეობის დაკანონებული ძარცვა უნდა დასრულდეს. არ გახლავართ არც ეკატირინე II-ს, არც - პავლეს, არც - ალექსანდრეს და არც ნიკოლოზ რომანოვების, მით უფრო, არც - ლენინის, არც - სტალინის, არც - ხრუშჩოვის და არც ბრეჟნევის შთამომავალი. ახლა, ჩემი წინაპრების მიწაზე, სოფელ თეკლათში 50 კომლი ცხოვრობს. დამიბრუნეთ მაშინ მეც ეგ მიწები, ან მომეცით კომპენსაცია, მაგრამ ეს მოთხოვნა ხომ არასერიოზულია და მავნებლურიც კი", - აცხადებს მირცხულავა.