მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნჰემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა — ვინ არის დიდი ბრიტანეთის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი?
17.07.2026
ნახვები: 171
მანჩესტერის ყოფილმა მერმა, ენდი ბერნჰემმა, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის პოსტი დაიკავა, - ამის შესახებ Guardian-ი იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ბერნჰემმა პარლამენტის წევრების, პროფკავშირებისა და პარტიის რეგიონული ორგანიზაციების უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, რის შედეგადაც ის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის, ერთადერთი შემცვლელი კანდიდატი გახდა.
მედიის ცნობით, კირ სტარმერი ორშაბათს სავარაუდოდ ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებას ენდი ბერნჰემს გადააბარებს. ამის შემდეგ ბერნჰემი დაუნინგ სტრიტზე პირველი განცხადებით მიმართავს საზოგადოებას, ხოლო დღის მეორე ნახევარში ახალ მინისტრთა კაბინეტს დაასახელებს.
ვინ არის ენდი ბერნჰემი?
პრემიერ-მინისტრის პოსტიდან კირ სტარმერის გადადგომის შემდეგ, ლეიბორისტულ პარტიაში ძალაუფლების ვაკუუმი შეიქმნა. ანალიტიკოსების შეფასებით, მისი შევსების ყველაზე რეალური შანსი სწორედ ენდი ბერნჰემს აქვს.
მისი პოზიციები განსაკუთრებით მეიკერფილდის შუალედური არჩევნების შემდეგ გამყარდა, სადაც ლეიბორისტებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ეს შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა იმის ფონზე, რომ ბოლო თვეებში პოპულისტი პოლიტიკოსის, ნაიჯელ ფარაჟის პარტიის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ლეიბორისტებისთვის ეს გამარჯვება იმის სიმბოლოდ იქცა, რომ ამომრჩევლის ნდობის დაბრუნება და ხელისუფლების შენარჩუნება კვლავ შესაძლებელია.
ბერნჰემს ხშირად პოსტინდუსტრიული ბრიტანეთის ავთენტურ ხმად მოიხსენიებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მანჩესტერში საქმიანობდა, მისი პოლიტიკური კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ლონდონში განვითარდა. სხვადასხვა დროს ის დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრების, ტონი ბლერისა და გორდონ ბრაუნის, მთავრობებში მუშაობდა.
განსაკუთრებული პოპულარობა მან COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, მანჩესტერის მერის რანგში მოიპოვა, როდესაც ცენტრალურ ხელისუფლებას მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერის საკითხზე საჯაროდ დაუპირისპირდა. ამ ნაბიჯმა მას ჩრდილოეთ ინგლისის ინტერესების დამცველის იმიჯი შეუქმნა და მედიის ნაწილში „ჩრდილოეთის მეფის“ სახელიც მოუტანა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბერნჰემი გამოირჩევა მარტივი და უშუალო კომუნიკაციის სტილით, რაც მას კირ სტარმერის უფრო ტექნოკრატიული მიდგომებისგან განასხვავებს და ამომრჩევლისთვის უფრო მისაღებს ხდის.
თუმცა, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე მისი პოზიციები ზოგადი და არაპირდაპირია, რაც მისი შესაძლო პრემიერობის შემთხვევაში მართვის სტილთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. ამ დრომდე ასევე უცნობია, რა დამოკიდებულება ექნება მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობის საკითხში.