სააკაშვილი: მურთაზ ზოდელავამ ციხეში ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში „ვივამედში“ გადაიყვანეს
17.07.2026
ნახვები: 212
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი თანამებრძოლი მურთაზ ზოდელავა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასწრაფოდ კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
სააკაშვილის თქმით, მოგვიანებით გაირკვა, რომ ზოდელავამ, რომელიც მის მეზობელ საკანში იმყოფებოდა, ორჯერ გადაიტანა ინსულტი.
„ჩვენი თანამებრძოლი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს „ვივამედში“ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო. გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში ორჯერ გადაიტანა ინსულტი. ის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყოველთვის იყო ცნობილი ადგილობრივი ჯალათებისთვის. ციხის მედპერსონალი და ციხის ზოგიერთი თანამშრომელი ტეხავდნენ განგაშს, მაგრამ მათი თბილისელი უფროსები დემონსტრაციულად აიგნორებდნენ ამ საფრთხეს“, – წერს სააკაშვილი.
მისივე განცხადებით, მურთაზ ზოდელავას საქმე და ასევე პაატა ბურჭულაძის პატიმრობა, მისი შეფასებით, მიუთითებს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.
„მურთაზის ისტორია, ის, რომ ასაკში მყოფი პაატა ბურჭულაძე ასევე უსამართლოდ ჰყავთ გამოკეტილი, ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი მზადაა წავიდეს ოპონენტების ფიზიკურ განადგურებაზე. „ნულოვანი ემპათია“ სინამდვილეში რუსული დაუნდობლობის გამოხატულებაა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.