გოჩა მირცხულავა - ბაჩანა ახალიას განაჩენი, შეიძლება თავად ბიძინა ივანიშვილისთვის და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც იქცეს უმძიმეს იურიდიულ პრობლემად
06.07.2026
ნახვები: 205
ბაჩანა ახალიას განაჩენი, შეიძლება თავად ბიძინა ივანიშვილისთვის და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც იქცეს უმძიმეს იურიდიულ პრობლემად, - აცხადებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა.
"ბაჩანა ახალიასთვთვის სასჯელის გამოტანით, სასამართლომ, ჩემი აზრით, დაუშვა ძალიან სერიოზული სამართლებრივი შეცდომა. და თუ ეს განაჩენი სწორედ იმ საფუძვლით არის გამოტანილი, რაც დღეს საჯაროდ გავრცელდა, მომავალში იგი შეიძლება თავად ბიძინა ივანიშვილისთვის და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც იქცეს უმძიმეს იურიდიულ პრობლემად.
ბაჩო ახალაიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რომელიც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
ფრაზა, რომელსაც ედავებოდნენ, ასეთია: „მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.“
აქ კი რამდენიმე ფუნდამენტური სამართლებრივი კითხვა ჩნდება. პირველი - „მე ვთვლი“ არის ადამიანის შეფასება, შეხედულება, აზრის გამოხატვა. ეს არ არის მოწოდება.
მოწოდება იქნებოდა, მაგალითად: „დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება.“ ან: „ყველა უნდა გამოვიდეთ და ძალით დავამხოთ ხელისუფლება.“
ეს უკვე იქნებოდა ქმედებისკენ მიმართული მოწოდება.
მაგრამ „მე ვთვლი“ მხოლოდ ავტორის პოზიციის გამოხატვაა და არა სხვისკენ მიმართული მოწოდება.
ეს ორი სრულიად განსხვავებული სამართლებრივი კატეგორიაა.
მეორე - საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ხელისუფლება ეკუთვნის სახელმწიფოს და ხორციელდება კონსტიტუციური ორგანოების მეშვეობით.საქართველოს სამართლებრივ სისტემაში „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“ როგორც იურიდიული კატეგორია საერთოდ არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილი არ არის სახელმწიფოს კონსტიტუციური ორგანო.
მაშინ ჩნდება კითხვა: რას ნიშნავს „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“? თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს ფრაზა 317-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო ხელისუფლებას გულისხმობს, მაშინ სასამართლოს პრაქტიკულად მოუწია „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების“ გაიგივება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებასთან.
სწორედ აქ ჩნდება ყველაზე სერიოზული პრობლემა. რადგან ასეთ შემთხვევაში სასამართლო ფაქტობრივად იმგვარ სამართლებრივ კონსტრუქციას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ხელისუფლება კონკრეტულ კერძო პირთან ასოცირდება.
თუ ეს ასე არ არის, მაშინ სასამართლომ უნდა განმარტოს, რატომ მიიჩნია, რომ ფრაზა „ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება“ სწორედ იმ სახელმწიფო ხელისუფლებას გულისხმობს, რომლის დამხობისკენ მოწოდებასაც 317-ე მუხლი კრძალავს.
და ბოლოს. მაშინაც კი, თუ ვინმეს ეთქვა: „დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“, სამართლებრივი კითხვა მაინც იგივე დარჩებოდა: რომელია „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“?
საქართველოს კონსტიტუცია ასეთ ცნებას არ იცნობს. საქართველოს ჰყავს საქართველოს ხელისუფლება - არა რომელიმე კერძო პირის ხელისუფლება. სწორედ ამიტომ, თუ მართლაც მხოლოდ ეს ფრაზა გახდა 317-ე მუხლის გამოყენების საფუძველი, სასამართლოს დასაბუთება საზოგადოებას ძალიან მკაფიოდ უნდა აუხსნას: რატომ მიიჩნია, რომ შეფასება არის მოწოდება; და რატომ მიიჩნია, რომ „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“ სამართლებრივად იმავე მნიშვნელობისაა, რაც საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება.
სამართლებრივ სახელმწიფოში თავისუფლების აღკვეთის საფუძველი არ შეიძლება იყოს ბუნდოვანი ტერმინები ან გაფართოებითი ინტერპრეტაცია. როდესაც საქმე ადამიანის თავისუფლებას ეხება, სისხლის სამართლის ნორმები უნდა განიმარტოს მკაცრად, ზუსტად და პროგნოზირებად. სწორედ ამიტომ ამ საქმეზე დასმული კითხვები მხოლოდ ბაჩო ახალაიას საქმეს აღარ ეხება - ისინი ეხება იმასაც, როგორ ესმის სასამართლოს სახელმწიფოს, ხელისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების საზღვრები", - აცხადებს გოჩა მირცხულავა.
შგახსენებთ,
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს" ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.
მისი გადაწყვეტილებით ბაჩო ახალაიას 2,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ახალია, შესაბამისად, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას ბრალი სასამართლოზე ნათქვამი ფრაზისთვის: "მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს", წაუყენეს.
ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.