ლევან ხაბეიშვილი - არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!
02.07.2026
ნახვები: 227
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილი განცხადებით, ხალხის სამსახურისთვის პარტიული თანამდებობა არ სჭირდება, ხოლო მისი მთავარი ამბიცია ბრძოლასა და საქმეში პირველობაა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაბეიშვილი ოპოზიციის ერთიანობის საკითხსაც ეხება და აცხადებს, რომ არც მომავალში აპირებს რომელიმე პროცესში შემაფერხებელი იყოს.
„თუ მე ვიყავი პრობლემა, რომ ბიძინაზე გაგვემარჯვა და ერთობა ყოფილიყო, აბა, ამ საკითხს როგორ დავაყენებდი კითხვის ნიშნის ქვეშ?! ხუთ წუთში ვთქვი, რომ მე გავიწევი და აგერ ბურთი და აგერ მოედანი. ცხადია, „მე“ მიზეზი ვიყავი, თორემ არავინ არსად არ გაერთიანდა. მიკროფონებისთვის იომეს და საბოლოოდ ყველა ციხეში გაგვაერთიანა ბიძინამ.
არც მომავალში ვაპირებ, რაიმე პროცესში შემაფერხებელი ვიყო. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ძლიერად ვგრძნობ თავს და ისიც ვიცი, ენმ-სთან და ხალხთან ერთად, როგორ მივიყვან ბრძოლას ბოლომდე.
არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს! მე ვარ მოსამსახურე ჩემი ხალხის და შესაბამისად მათი სიყვარული და ნდობა არის ჩემი უმაღლესი თანამდებობა.
ერთადერთ რამეზე მაქვს „პრეტენზია“, მაქვს ამბიცია, რომ ბევრი ვერ შემეჯიბრება საქმეში, ბრძოლაში და ხალხის ჩემდამი დამოკიდებულებაში“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.
მისივე განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა არჩევნებში მიღებული მხარდაჭერა მისთვის ხალხის ნდობის გამოხატულება იყო და პარტიის ლიდერად მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს.