საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი სიცოცხლისუნარიანი გზა არ აქვს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროკავშირის გაფართოების პაკეტის წარდგენისას, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველო ახლა მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა.
„ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი სიცოცხლისუნარიანი გზა არ აქვს, თუ პირობები მკვეთრად არ შეიცვლება. ის ახლა მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა“, - აღნიშნა კალასმა.
ასევე, კაია კალასმა „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვას უპასუხა.
„როგორც იცით, ჩვენ ასევე ვცდილობთ სანქციების დაწესებას მთავრობის იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც ძალადობას იყენებენ მშვიდობიანი მომიტინგეების და მსგავსი პირების წინააღმდეგ საქართველოში.
ჯერჯერობით ყველა არ არის თანახმა წევრი სახელმწიფოების მხრიდან, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას ამ საკითხების გადაჭრის სხვადასხვა გზების პოვნაზე“, - აღნიშნა კალასმა.