ამბიონი წამართვეს, ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი. ყოველდღე - ბოლომდე, - ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათზე წმინდა სპირიდონის პარაკლისს ვიხდიდი ქვემო ბეთლემში, მაგრამ ამბიონი წამართვეს და ხალხს ვერ ვხვდები ტაძარში. ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი. გელოდებით ყველას, დღეს 20:00 საათიდან.
ყოველდღე - ბოლომდე“,- წერს არქიმანდრიტი დოროთე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომა. ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან "კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, კერძოდ: ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები".
ეპარქიულმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს, რომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სასჯელის სახით გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში, რომლის საძმოს წევრადაც ირიცხება.