„მშვიდობიანი დამხობა“ იცით როგორი ტერმინია? „კეთილი სააკაშვილი“, დაახლოებით ასეთი ოქსიმორონია - პატარა ტურბულენციას შეეცდებიან, ჩვენი სამსახური იმისთვის არის, რომ ასეთი პატარ-პატარა ტურბულენტობები ქვეყანამ თავიდან აიცილოს, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მშვიდობიან დამხობაზე საუბრობს.
მისივე თქმით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, რათა სახელმწიფომ გამართულად იფუნქციონიროს და ვიღაცას არ ჰქონდეს საშუალება პატარ-პატარა ტურბულენციებით ეროვნული ინტერესები დააზიანოს
„მშვიდობიანი დამხობა იცით როგორი ტერმინია? “კეთილი სააკაშვილი”, დაახლოებით ასეთი ოქსიმორონია. არ შეიძლება სერიოზულად ასეთი ხალხის ასეთ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება. ეს არ არის დღეს გამოწვევა, რომელიც ქვეყანას აწუხებს. ერთადერთი, პატარა ტურბულენციას შეეცდებიან. ჩვენი სამსახური იმისთვის არის, რომ ასეთი პატარ-პატარა ტურბულენტობები ქვეყანამ თავიდან აიცილოს. აქ არ არის იმის საფრთხე, რომ სერიოზული გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს. აქ საუბარია მაქსიმუმ იმის საფრთხეზე, რომ არ დააზიანონ მცირედით ეკონომიკა, ადამიანები არ გაანერვიულონ, იმის იქით ჯერ „დამხობა“ სიტყვა, მათი მოწოდება არ შეიძლება მშვიდობიანი იყოს. „დამხობა“ და „მშვიდობა“ ერთმანეთს გამორიცხავს.
როგორც იურისტი, მე ყურადღებას ამას იმდენად არ მივაქცევდი, როგორც ამ ხალხის სხვა განცხადებებს, სადაც უფრო აშკარად შესაძლოა იკვეთებოდეს დანაშაულებრივი კვალიფიკაციის ნიშნები. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, რომ სახელმწიფომ გამართულად იფუნქციონიროს. ვიღაცას არ ჰქონდეს საშუალება პატარ-პატარა ტურბულენციებით ეროვნული ინტერესები დააზიანოს“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ამასთან, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნული იყო, რომ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებულ პირებს შორის ერთ-ერთისგან პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, როდესაც ავტომატისმაგვარი შაშხანით გადაადგილდება ადამიანი დემონსტრანტებს შორის, ადვილი სავარაუდოა, რომ რაღაც პროვოკაცია შესაძლოა იგეგმებოდეს.
„ჩვენ არ ვიცით ზუსტად, თუმცა, ვარაუდი შეგვიძლია, რა პროვოკაციას და მის თანმდევ ცუდ შედეგს ასცდა გუშინ ქალაქი, თუ ქვეყანა. ჯერ მკაფიოდ არ შეიძლება ითქვას. ფაქტია, როდესაც ავტომატისმაგავარი შაშხანით გადაადგილდება ადამიანი დემონსტრანტებს შორის ადვილი სავარაუდოა, რომ რაღაც პროვოკაცია შესაძლოა იგეგმებოდეს, მაგრამ გამოძიება დეტალებში კითხვას გასცემს. რომ მივალ პირველი ამ საკითხით დავინტერესდები, სულ ახალი ამბავია“, - აღნიშნავს მდინარაძე.