ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
UK imposes new sanctions on Russia over illegal deportation of Ukrainian сhildren
UK defense secretary visits site of Russian strike on British Council in Kyiv
Russia launches over 500 drones and 24 missiles against Ukraine – Zelensky
Trump again says he is disappointed in Putin
ვალერი თეთრაშვილი - პროკურორებმა მინდა იცოდეთ, ძალიან დიდ ძალისხმევას ვხარჯავ, რომ თან გიყუროთ და თან სიმშვიდე შევინარჩუნო
ირაკლი ქერაშვილი - იმის მიუხედავად, რომ პროკურატურა ბოროტებას სჩადის, მომავალში სავარაუდოდ, გადავიკვეთებით როგორც ექიმი და პაციენტი
რუსლან სივაკოვი - ბრალდება სრული აბსურდია - გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დიდება უკრაინას

ონისე ცხადაძე - ჩემთან რაც დააშავეთ, მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ, ნურას უკაცრავად

03.09.2025 ნახვები: 208

სულ რომ გაგვამართლონ, ამ ცხრა თვეს რა ვუყოთ?.. ჩემი მისამართით რაც დააშავეთ, მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ, ნურას უკაცრავად, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ დასკვნით სასამართლო სხდომაზე, საბოლოო სიტყვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ამ ქვეყანაში საზოგადოება იზრდება, მთავრობები კი ვერ იზრდებიან“.

„მე არ ვაღიარებ აღნიშნულ ბრალდებას, ვინაიდან ვერ დგინდება და ვერც დადგინდება რაიმე სახის კავშირი ჩემსა და სხვა ბრალდებულებს შორის. ვერ დგინდება და ვერც დადგინდება რაიმე სახის კავშირი ჩვენსა და ამ საქმის ე.წ. ორგანიზატორებს შორის, რომელთა ბრალდებაც ასევე აბსურდულია. კავშირი ვერ დგინდება, რადგან ჩვენ არა თუ არ ვიცნობდით ერთმანეთს, არამედ არც ერთ სოციალურ ქსელში ერთმანეთის არც მეგობრები ვართ, არც გამომწერები, დიდი ალბათობით, ქუჩაშიც კი არ ჩაგვივლია ერთმანეთის გვერდით ოდესმე და ერთმანეთისთვის თვალიც კი არ მოგვიკრავს სადმე, იქამდე ვიდრე ამ საბრალდებო სკამზე არ აღმოვჩნდებოდით.

ასეთი პირობებში კი, ბატონო მოსამართლევ, ეს ბრალდება მინდა აგიხსნათ ერთი მაგალითით. მე სკოლა დავამთავრე 2014 წელს. მას შემდეგ, ყოველ წელს, 11 წლის განმავლობაში, ადამიანები რომლებიც 12 წელი ერთად ვიზრდებოდით ვცდილობთ რომ შევიკრიბოთ და ვერ შევიკრიბეთ, ვერ დავორგანიზდით. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმისგან განსხვავებით, ჩვენი შეკრების მსურველი ბევრია და ორგანიზატორიც. ამიტომ, ბატონო მოსამართლევ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული იმ პირების მონაწილეობით, რომელთა შორის არანაირი კავშირი არ არსებობს?

გარდა ამ ყველაფრისა, ამ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული. მიუხედავად იმისა, რომ აქ მოწმედ იყო მოსული რამდენიმე პოლიციელი, მერიის თანამშრომელი, პარლამენტის თანამშრომელი, არც ერთ მათგან არ უთქვამს, რომ დააზარალა აქ მყოფმა რომელიმე ბრალდებულმა. ისინი ამბობდნენ - არ დამინახავს, არ ვიცი. და, საერთოდ, აქ არ მოსულა არცერთი იმ დღეს დაზარალებული მოწმე, რომელ დღესაც მე მედავებით.

მე, ასევე, მინდა აღვნიშნო პოლიციელების ქმედებები, რომლებიც აქ წარმოდგენილ ვიდეოებშიც ჩანდა. იქ პოლიციელების მხრიდან იყო საშინელი შეურაცხყოფები. იყო ნივთების სროლა მათი მხრიდან, გინება, შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციები. გვემუქრებოდნენ როგორც მოკვლით, ასევე ისეთი ქმედებით, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ნამდვილად უნდა გათხოვდეს მამაკაცი. საბედნიეროდ, მე ისევ ცოლის მოყვანას ვაპირებ.

რაც შეეხება მუხლის გადაკვალიფიცირებას, არც მაგას ვეთანხმები და ეგ ადვოკატებმა პუნქტებად ჩამოგიყალიბეს, აგიხსნეს. ამიტომ გრჩებათ ორი ვარიანტი. იმ ორიდან კი ერთადერთი სწორი, რომ გახსნათ ეს წყეული, მონჯღრეული კარი, რომელიც, ალბათ, ცოდვებისგანაა ასეთ დღეში ჩავარდნილი და გაგვიშვათ აქედან, ანუ გაგვამართლოთ.

ახლა გადავალ ჩემი დასკვნითი სიტყვის მეორე ნაწილზე, რომელიც იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ სახელი დავარქვი. მია. გოგოა. მია ანუ მადლობა იდეალურ ადვოკატებს. ეს ნაწილი ძვირფასია ჩემთვის, რადგან ვეცადე მასში რამდენიმე ემოცია გამომეხატა, ამიტომ მინდა გთხოვოთ თავი შეიკავოთ ნებისმიერი ემოციისგან, რათა მოსამართლემ სხდომა არ დახუროს.

პირველ რიგში, მიყვარხართ ყველა, ვინც იბრძვით არა პირადი ინტერესებისთვის, არამედ სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. ამ დარბაზშიც და ამ დარბაზს მიღმაც. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადოს მოსამართლემ, მიიღეთ ის მშვიდად. თავი აწიეთ და იარეთ ამაყად, რადგან ჩვენ ყველა ისტორიულ მომენტში სწორ მხარეს ვდგავართ. თანაც როგორ ისტორიულ მომენტში. ჩვენ შესაძლოა მალე მოვესწროთ ბოროტების იმპერიის დაცემას. გამარჯვება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!

მადლობა მინდა ვუთხრა ადვოკატებს, როგორც ჩემსას, ასევე სხვებისას და ასევე საზოგადოებრივ ადვოკატებსაც, იმისთვის რომ ხართ ღირსეული ადამიანები და მოიქეცით ისე როგორც მოიქეცით.

არ მეშინია არაფრის რაც საფრთხეს შეუქმნის ჩემს ფიზიკურ თავისუფლებას, ჩემს ჯანმრთელობას ან თუნდაც სიცოცხლეს. მე სხვა რაღაცების უფრო მეშინია. მეშინია ვინმე არ დავჩაგრო, ვინმეს რამე არ წავართვა, არ დავამცირო, არ მოვატყუო. იმისთვის რომ ასეთი შიშები მაქვს, მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მშობლებს, ჩემს ძმას, ჩემს ოჯახს, მეგობრებს. მადლობა თქვენ, მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისაც მსგავსი შიშები აწუხებს და აქვე მადლობა ადვოკატებს, იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის ჩამოხსენით ფარდა ამ სასამართლოს.

ეს სასამართლო არაფრით არ განსხვავდება საბჭოთა სასამართლოსგან. განსხვავება მხოლოდ კანონებშია. დღეს რომ დახვრეტა იყოს, თქვენ აუცილებლად გაიმეტებდით ადამიანებს სასიკვდილოდ, რადგან მოსამართლეები არა სამართალს, არამედ კონკრეტული პოლიტიკოსების კონკრეტულ ინტერესებს ემსახურებიან. ამაზე მეტყველებს თქვენი სუფთა სტატისტიკაც. ექვსი გამამტყუნებელი და არც ერთი გამამართლებელი გადაწყვეტილება. თუ მართალი არ ვარ მაშინ ერთხელ მაინც უთხარით ირაკლი კობახიძესმამუკა მდინარაძესშალვა პაპუაშვილსგია ვოლსკის - არ მაინტერესებს, რას ამბობთ ამ საქმეზე, ფეხებზე მკიდია თქვენი განცხადებები - უთხარით, ეს ხმამაღლაც და გამამართლებელი გადაწყვეტილებითაც. თქვენ ციხეში გაუშვით დავით ხომერიკი, მათე დევიძე და გიორგი მინდაძე. სამივე მათგანს ეტყობა როგორი კარგი ადამიანები არიან, თუმცა მე მინდა გესაუბროთ გიორგი მინდაძეზე. რადგან მასთან ერთად ერთ საკანში მომიწია ყოფნა და ახლოს გავიცანი. გიორგი მინდაძე არის 22 წლის, დიდი ტანის მქონე ცელქი ბავშვი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის, რის გაკეთებასაც მოინდომებს და იმის მაგივრად, რომ ასეთ ადამიანებს სახელმწიფო დაეხმაროს განვითარებაში, საკუთარი თავის და შესაძლებლობების პოვნაში, ციხეში უშვებს.

არ შემიძლია არ შევეხო მზია ამაღლობელის საქმეს, რადგან მისი განაჩენი არ არის მხოლოდ იმ მოსამართლის გამოტანილი. ეს განაჩენი გამოიტანა ქართულმა სასამართლომ და გეხებათ მატ შორის თქვენც. ამიტომ მე მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი იმისთვის, რომ გაგაგებინოთ რა ადამიანს გაუკეთეს ეს ყველაფერი.

დაკავებიდან დაახლოებით თვენახევარში გადავწყვიტე დამეწყო შიმშილობა, თუმცა ამის შესახებ არ მითქვამს არავისთვის. არც ციხის ადმინისტრაციისთვის, არც ოჯახისთვის, არც ადვოკატისთვის. ჯერ მაინტერესებდა თუ შევძლებდი. არ მინდოდა პოპულიზმი გამომსვლოდა. მეორე დღესვე, საღამოს, ვიგრძენი საშინელი სისუსტე, თითქოს მთელი სხეული მტკიოდა და გადავწყვიტე ეს არ გამეკეთებინა. ეს ვერ შევძელი მე, 29 წლის ბიჭმა. მზია ამაღლობელმა კი იშიმშილა 39 დღე და მას დასცინოდნენ ადამიანები, რომლებსაც საუზმეს, სადილს და ვახშამს შორის კიდევ რაღაცები აქვთ ჩამატებული, რადგან გაძღომას ვერ გებულობენ. მონანიებას ითხოვდნენ ადამიანები, რომლებიც სკამიდან ვერ დგებიან, ადამიანისგან, რომელიც ერთხელ არ დამჯდარა საბრალდებო სკამზე და პროტესტის ნიშნად საათობით იდგა ფეხზე. ამიტომ ყველამ მინდა იცოდეს, შეიძლება ერთ დღეს დაიბადოს ფეხბურთელი, რომელიც 9 ოქროს ბურთს მოიგებს, მაგრამ, იცოდეთ, რომ მზია ამაღლობელზე მაგარი ადამიანი აღარ დაიბადება. ისე კი ის მართლა რეალური საფრთხეა, რომ ერთ დღეს ირაკლი დგებუაძე გათხოვდეს.

მადლობა ყველას ვინც ერთი თეთრით მაინც დაგვხმარებია და მადლობა ყველას ვინც აორგანიზებდა ამ მხარდაჭერას. აქვე მადლობა ადვოკატებს.

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოთ ამ საქმეზე, ეს დიდად არაფერს ცვლის. ქვეყანაში, სადაც მოკლეს ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი… ონისე ცხადაძის ციხეში ყოფნა დიდი ვერაფერი ამბავია, თუმცა თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ამ პროცესის განგრძობადობა მიგვიყვანს ისეთ სახელმწიფომდე, სადაც ისევ მოკლავდნენ ილია ჭავჭავაძეს, მიხეილ ჯავახიშვილს, სანდრო ახმეტელს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და კიდევ უამრავ გენიალურ ადამიანს.

საშიში არ არის ჩემთვის რამდენიმე წლის ციხეში გატარება, საშიშია როდესაც ქუჩაში მიდიხარ და არ იცი თავში რა დაგეცემა, საშიშია როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი კაცი ქუჩში თავს დაიწვავს სახელმწიფოსგან ყურადღების მისაქცევად. საშიშია, როდესაც ბავშვს გარეთ გაუშვებ და უკან ვერ დაბრუნდება, რადგან სადღაც დენმა დაარტყა, სადღაც ჩავარდა…

პროპაგანდისტები ხშირად აბრალებდნენ ბავშვები რევოლუციაზე მიყავდაო. აქამდე ამ ამბავზე კონკრეტული მიზეზების გამო არაფერს ვამბობდი, თუმცა ახლა უნდა ვთქვა, რომ ეს სიმართლე არ არის და გეტყვით რაც არის სიმართლე. 28 ნოემბრის განცხადებამდე ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელი იყო ის ამბავი, რომ ისტორიის საგამოცდო პროგრამიდან ამოიღეს რუსეთის წინააღმდეგ ქართველთა აჯანყების ფაქტები, ხოლო ლიტერატურიდან - ბედნიერი ერი, ჯაყოს ხიზნები, მგზავრის წერილები და სხვა ისეთი ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც ჩვენი ერის იდენტობის შესანარჩუნებლად აუცილებელია. მაშინ ბავშვებისთვის მინდოდა მეთქვა, მიუხედავად აღნიშნული ცუდი ფაქტისა, მაინც ესწავლათ ეს ყველაფერი და ვინაიდან მაშინ ვერ შევძელი, ახლა გეტყვით იმავეს. ისწავლეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, იკითხეთ ქართული ლიტერატურა. ისწავლეთ, იკითხეთ, იშრომეთ თავდაუზოგავად და მაშინ მიხვდებით რისთვის ვიბრძვით, როდესაც თქვენს ცოდნას, ნიჭს და თავდაუზოგავ შრომას უნიჭო უსაქმურთა მლიქვნელობა გადაასწრებს. თუმცა თქვენ მაინც არ გაჩერდეთ. უფრო მეტად იშრომეთ და ყველაფერს მიაღწევთ. ზოგიერთი თქვენგანი გახდება კარგი იურისტი, ადვოკატი (აქვე მადლობა ჩვენს ადვოკატებს), ზოგიერთი თქვენგანი გახდება კარგი ეკონომისტი, წარმატებული ბიზნესმენი, მასწავლებელი. მსოფლიო დონის ფეხბურთელი, კალათბურთელი… თუმცა რასაც არ უნდა მიაღწიოთ, ხანდახან გადმოდით თქვენი ძვირადღირებული მანქანებიდან, ქუჩაში ფეხით გაიარეთ და ნახეთ, იქნებ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს თქვენი ძვირადღირებული მანქანებიდან ჩანს. იქნებ ბევრ ადამიანს უჭირს და ცუდად ცხოვრობს თქვენგან განსხვავებით. მადლობა წინასწარ ყველას, ვინც ჩემს ამ რჩევას გაითვალისწინებს და მადლობა ადვოკატებს რომ მსგავსი რჩევა არ დაგჭირდათ.

მადლობა მედიას, პრესას, თეატრს, კულტურას. მადლობა ყველა იმ სასულიერო პირს, რომლებიც იმდენად სუფთად გადიან ღვთისმსახურებას, რომ სიმართლის საუბარი არ უჭირთ და მადლობა ადვოკატებს. მადლობა პროკურატურასაც ერთადერთი რამისთვის. მადლობა, რომ ეს ადამიანები გამაცანით და კიდევ ერთი მადლობა ადვოკატებს.

აქვე მინდა გითხრათ, იმ შემთხვევაში თუ ამ საქმეზე არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირობას გაძლევთ საკანში დაბრუნებისთანავე დავიწყებ ციხის დეტალურად აღწერას, რათა როცა ამის დრო მოვა, გაგაცნოთ, რომ იცოდეთ რა პირობები დაგხვდებათ იქ. ოღონდ თქვე მე არ დაგიჭერთ, თქვენი დაგიჭერთ ქართველი ხალხი, სამართლიანი სასამართლო და თავისუფალი პროკურატურა. მე, პირიქით, ხელს შეგიწყობთ და საუკეთესო ადვოკატებს გირჩევთ. აი, მაგალითად, ბატონი ვაჟა და ბატონი ირაკლი ჩომახაშვილი ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს. ბატონო ირაკლი, რომ რამე იყოს, დაიცავთ ვაჟა თოდუას ინტერესებს?

მადლობა პერსონალურად ირაკლი ჩომახაშვილს. ხოლო რაც შეეხება ბატონ ვახტანგს, ის ძალიან ხშირად იხედება ჭერში და აშკარად ღმერთს ეძებს. იმედი მაქვს მალე იპოვნის, რადგან ბატონ ვახტანგს მხოლოდ ღმერთი თუ დაიცავს. ღმერთი ვახსენე და არ შემიძლია არ ვთქვა. მადლობა ღმერთს, რომ არსებობთ თქვენ და მადლობა ადვოკატებს, რომ გვწამს ღმერთის , რადგან თქვენ ყველანაირად დაამტკიცეთ ჩვენი სიმართლე. მაგრამ ყველა ერთად, ღმერთის იმედად ვართ დარჩენილები.

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლისას 7 მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს. მე, უკვე, 8 მადლობა გადავუხადე ადვოკატებს, თუმცა მინდა დავამრგვალო და კიდევ ორ მადლობას გადავუხდი ადვოკატებს. მადლობა ადვოკატებს, მადლობა ადვოკატებს. ეს 12 გამოვიდა, ამიტომ ბარემ ოცამდე ავიყვან. მადლობა ადვოკატებს, მადლობა ადვოკატებს მადლობა ადვოკატებს… მადლობა ადვოკატებს.

მადლობა გიორგი ახობაძეს, თედო აბრამოვს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ კაციას.

სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს, ნინო დათაშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, ზვიად ცეცხლაძეს, გიორგი გორგაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ინსაფ ალიევს, ვეფხია კასრაძეს, გიორგი ოკმელაშვილს, მათე დევიძეს, გიორგი მინდაძეს, დავით ხომერიკს, ანატოლი გიგაურს, ანტონ ჩეჩინს, საბა ჯიქიას და ყველა სინდისის პატიმარს. სოლიდარობა და თავისუფლება ყველა უკანონოდ დაკავებულ პოლიტიკოსს.

და ბოლოს, მინდა დავასრულო ჩემს ხელს არსებული ძალიან სანდო და სასიხარულო ინფორმაციით. გავიგე, რომ იმ შემთხვევაში თუ უვიზო მიმოსვლას შევინარჩუნებთ, პროკურორებს ერთმანეთი შეუყვარდებათ და დაქორწინდებიან. ამიტომ, ბატონო ვაჟა, ბატონო ვახტანგ, შეგიძლიათ აკოცოთ ერთმანეთს“, - განაცხადა ონისე ცხადაძემ საბოლოო სიტყვაში, რომელიც სოციალურ ქსელში მის გვერდზე ვრცელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა