რუსეთის ბაშკორტოსტანში 13 აგვისტოს დილით დრონებით იერიში განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრში. ინფორმაციას უკრაინული მედია ASTRA-ს „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით ავრცელებს.
ASTRA-ს ცნობით, დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური კომპლექსია. 2024 წელს ქარხანამ დაახლოებით 7.2 მილიონი ტონა ნავთობი გადაამუშავა, რაც რუსეთის მთლიანი გადამუშავების მოცულობის დაახლოებით 2.7%-ს შეადგენს.
ამავე ცნობით, უკრაინულმა დრონებმა აღნიშნულ ობიექტს 2025 წლის სექტემბერშიც ორჯერ დაარტყეს, ხოლო მიმდინარე წლის 14 ივლისის თავდასხმის შემდეგ ქარხანამ მუშაობა დროებით შეაჩერა.
ASTRA-ს ინფორმაციით, დრონებით იერიშის სამიზნე გახდა ასევე ბაშკორტოსტანის ჩიშმის რაიონში მდებარე Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრი. ობიექტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო, მისი საერთო ფართობი კი დაახლოებით 186 800 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
ცნობისთვის, 11 აგვისტოს ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც განახორციელეს იერიში.