უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 10-11 აგვისტოს ღამეს თავდაცვის ძალებმა რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, იერიშის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ხოლო მიყენებული ზარალის მასშტაბები ამ ეტაპზე ზუსტდება.
„ორსკნეფტეორგსინტეზი“ ორენბურგის ოლქში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და რუსეთის საწვავ-ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს. საწარმოს წლიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 6 მილიონ ტონა ნავთობია. ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო საწვავს, მაზუთს, ბიტუმსა და სხვა ნავთობპროდუქტებს.
მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ქალაქ კომსომოლსკ-ნა-ამურესა და ორსკში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები განხორციელდა. კერძოდ, ხაბაროვსკის მხარეში ხანძარი „როსნეფტის“ ქარხანაში გაჩნდა, ხოლო ორსკზე თავდასხმა ქალაქის მერმა, არტემ ვორობიოვმა, დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით ორსკის აეროპორტში ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.