ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა, რომელიც რუსეთის ფინანსურ სისტემას, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსა და ენერგეტიკულ სექტორს მასშტაბურად შეეხება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შევთანხმდით. პუტინს დარტყმას ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვაყენებთ: მას ფინანსურ რესურსებზე წვდომას ვუწყვეტთ, რომელსაც მისი ომის ძალისხმევის შესანარჩუნებლად ეყრდნობა. ეს სანქციების დასასრული არ არის. ჩვენ შემდგომ ნაბიჯებზე უკვე ვმუშაობთ“, – წერს კალასი.
მისი განცხადებით, ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტია და 218 სუბიექტს მოიცავს.
კალასის თქმით, ახალი შეზღუდვები შეეხება 100-ზე მეტ ბანკსა და კრიპტოოპერატორს, „ჩრდილოვანი ფლოტის“ 40-ზე მეტ გემს, ასევე რუსეთსა და ბელარუსში მოქმედ რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, მოსკოვის სამხედრო ძალისხმევას უწყობენ ხელს.
გარდა ამისა, სანქციების სიას დაემატა 50-ზე მეტი სამხედრო-სამრეწველო სუბიექტი, რასაც ევროკავშირი რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის, ინფრასტრუქტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხად განიხილავს.