ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ორი ახალგაზრდა, რომლებიც კლინიკა „ჰელსიკორში“ მკურნალობენ, სტაბილურ მდგომარეობაში არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის, შმაგი ჭიოკაძის განცხადებით, ორივე პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.
„ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა, 17-18 წლის ბიჭი. ორივეს ესაჭიროებოდა ოპერაციული მკურნალობა. ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხარის, მეორეს – მარცხენა მტევნის არეში. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივე სტაბილურ მდგომარეობაშია. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ახლა ვესაუბრე, ორივე კარგად არის და თავს კარგად გრძნობს,“ – განაცხადა შმაგი ჭიოკაძემ.
შეგახსენებთ, ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, დაიჭრა. ერთ-ერთი არასრულწლოვანი მიღებული ჭრილობების შედეგად კლინიკაში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევამდე შელაპარაკება ბრალდებულ ნიკა კაპანაძის დედასა და ახალგაზრდებს შორის მოხდა. გავრცელებული ცნობებით, ქალმა კაფიდან გამოსულ ახალგაზრდებს შენიშვნა მისცა, რადგან მათი ავტომობილი მისი საცხოვრებელი სახლის წინ იყო გაჩერებული, რის შემდეგაც, გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ცეცხლი გახსნა.
ცნობილია, რომ ავტომობილში მყოფი ოთხი პირიდან სამი დაიჭრა, ხოლო მძღოლი არ დაშავებულა. მეოთხე დაჭრილი ტაქსით გადაადგილდებოდა, როდესაც შემთხვევით გასროლილი ტყვია მოხვდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.