ნიკოლ ფაშინიანი - დღეიდან მზად ვართ, უზრუნველვყოთ სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან თურქეთში
Russia reports attack by nearly 200 drones, 34 of which were 'headed for Moscow'
Air defense forces neutralize 66 out of 100 Russian drones launched overnight
General Staff: 124 combat engagements on front lines in past 24 hours
Russia loses 800 more soldiers in Ukraine war over past 24 hours
Russia realized there would be consequences if it avoids good-faith negotiations – US expert
Ukrainian forces destroy Russia's newest Buk-M3 system worth $45M
Secretary Bessent refutes Dmitriev’s claims that sanctions have no effect on Russia’s economy

არასათავრობო ორგანიზაციები - პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს

27.10.2025 ნახვები: 222

პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პოლიტიკურ პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს; ჩამოაშოროს ისინი პოლიტიკური პროცესებისგან, მოახდინოს მათი პოლიტიკური აზრის და აქტივობის კრიმინალიზება და ამით ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში - მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონების საფუძველზე დაწყებული დავა საკონსტიტუციო სასამართლოში ანტიკონსტიტუციური, უფლებაშემზღუდველი და საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამო იქნება,- ამის შესახებ შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

„ვეხმიანებით „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის მიერ 2025 წლის 16 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას და მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას.

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებით, ისინი აპირებენ კონსტიტუციურ სარჩელში 10-ამდე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება მოითხოვონ. მათივე თქმით, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან ერთად, მზადდება იმ პირთა სია, რომლებსაც აკრძალულ პარტიებთან „დაკავშირებულ პირებად“ გამოცხადებას უპირებენ და მათი საჯარო პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას გეგმავენ.

ცვლილებებით, ნებისმიერი პირს, რომელიც გამოცხადდება აკრძალულ პარტიასთან „დაკავშირებულ პირად“, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, ხელმძღვანელობა, პოლიტიკური პარტიის წევრობა, საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება, პოლიტიკური შემოწირულების განხორციელება.

ცვლილებებით, პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება ავტომატურად გამოიწვევს ამ პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას და პარტიული სიის გაუქმებას.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები უკიდურესად საგანგაშოა შემდეგი გარემოებების გამო:

კანონი არ განსაზღვრავს რაიმე კრიტერიუმს, ან გარემოებას, რომლის საფუძველზეც შეიძლება მოქალაქე აკრძალულ პარტიასთან „დაკავშირებულ პირად“ გამოცხადდეს და პოლიტიკური უფლებები ჩამოერთვას.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, დაკავშირებული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მიუხედავად იმისა, არსებობდა ან არსებობს თუ არა ასეთ პირსა და პარტიას შორის პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი. ასეთი კრიტერიუმების უქონლობა ნოყიერ ნიადაგს უქმნის „ქართულ ოცნებას“ ნებისმიერ არასასურველ ოპონენტს პოლიტიკური საქმიანობა თვითნებურად აუკრძალოს;

„ქართული ოცნება“ პარტიას და პარტიასთან „დაკავშირებულ პირებს“ პოლიტიკურ საქმიანობას სამუდამოდ უკრძალავს.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არ ითვალისწინებს რაიმე ვადას, რომლის გასვლის შემდეგ პირის მიმართ დაწესებული აკრძალვა გაუქმდება, ან პირობებს, რომლის აღმოფხვრის შემდეგ პირს შეეძლება აღიდგინოს კონსტიტუციური უფლებები. შესაბამისად, ცვლილებების პაკეტი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრინციპებს და კანონის განჭვრეტადობის და მკაფიოობის საერთაშორისო სტანდარტს. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, რადგან კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს.

მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური აქტივობების და პოლიტიკური უფლებების ჩამორთმევა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციურ კომპეტენციაში არ შედის.

გაუქმებული პარტიის ყოფილ წევრებს არ მიეცემათ უფლება ჩაერთონ პოლიტიკურ საქმიანობაში, შექმნან პარტია ან იყვნენ სხვა პარტიის წევრები. კანონი არ მიუთითებს, უკვე აკრძალული პარტიის ყოფილ წევრთაგან სხვა პარტიაში ან პარტიულ სიაში რამდენი პირის ყოფნაა საკმარისი იმისათვის, რომ ეს სხვა პარტიაც აიკრძალოს; ან იქნება თუ არა ამისათვის საკმარისი თუნდაც ერთი ასეთი პირის ყოფნა პარტიაში ან პარტიულ სიაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილების მიღებისთვის მხოლოდ 14 დღე მისცა ისეთი პარტიის გაუქმების თაობაზე, რომელიც არსებითად იმეორებს აკრძალული პარტიის მიზნებს, საქმიანობას ან პერსონალურ შემადგენლობას. ასეთ მოკლე ვადაში რაიმე სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი გონიერ, მიუკერძოებელ და ობიექტურ დამკვირვებელს არ შეიძლება ჰქონდეს.

აკრძალული პარტიების ამომრჩევლები არჩევანის გარეშე დარჩებიან. ამ არაკონსტიტუციური ცვლილებების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში რეალური არჩევანის გარეშე დარჩება ასობით ათასი ამომრჩეველი, რაც ნებისმიერ მომავალ არჩევნებს აზრს დაუკარგავს.

საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით - ბიუროზე რეგისტრაციიდან 3 დღეში, სამი მოსმენით იქნა მიღებული. უკიდურესად უფლებაშემზღუდველი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებულად განხილვა ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის საერთაშორისო სტანდარტებს.

საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებები ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ პოლიტიკურ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქეთა მიერ გაცხადებულ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების პრინციპს, ეწინააღმდეგება და აზრს უკარგავს საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლით დადგენილ დემოკრატიული მმართველობას, პოლიტიკურ პლურალიზმს, თანასწორობას და დისკრიმინაციის აკრძალვას.

წარმოდგენილი ცვლილებებით შექმნილი მოდელი მმართველ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს გააუქმოს მისთვის არასასურველი ოპოზიციური პარტიები და უფლებრივად გაანეიტრალოს მასთან „დაკავშირებულად“ გამოცხადებული ნებისმიერი პირი.

ამრიგად, აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პოლიტიკურ პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩამოაშოროს ისინი პოლიტიკური პროცესებისგან, მოახდინოს მათი პოლიტიკური აზრის და აქტივობის კრიმინალიზება და ამით ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონების საფუძველზე დაწყებული დავა საკონსტიტუციო სასამართლოში ანტიკონსტიტუციური, უფლებაშემზღუდველი და საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამო იქნება“, - აცხადებენ არასამთავრობოები.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა