შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის იმ მონაწილის წინააღმდეგ, რომელმაც 15 სექტემბერს, მომიტინგეებს შორის იარაღის დემონსტრირებისთვის არასრულწლოვანს იარაღი წაართვა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული პირის, ლევან ჯობავას ადვოკატმა, მარიამ ჯიქიამ განუცხადა, ჯობავას მიმართ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
„ორი დამოუკიდებელი გამოძიება მიმდინარებს: ერთი არის ძალადობის მუხლით დაწყებული და მეორე იარაღთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილებით. ჩვენ ვიყავით გამოკითხვაზე, რომელიც ეხებოდა 236-ე მუხლს. ძალადობის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე გამოკითხვაზე არ დავუბარებივართ. რაც შეეხება სტატუსს, ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, ლევან ჯობავას სტატუსი არ აქვს“, - განაცხადა მარიამ ჯიქიამ.
ცნობისთვის, შს სამინისტრომ 15 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელიც აქციის მონაწილეებთან იარაღის დემონსტრირებას ახდენდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2009 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის 15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით წამოსული ოცდაათამდე აქტივისტი რუსთაველისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, რის გამოც აქციის ორი მონაწილე გაეკიდა მას. აღნიშნული პირი შევიდა ბესიკის ქუჩის მიმდებარედ არსებულ კაფეში, სადაც აქტივისტებმა შებოჭეს და წაართვეს იარაღი, რომელიც პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, არის პნევმატური პისტოლეტი.
ხსენებული პირი და წართმეული იარაღი აქტივისტებმა გადასცეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
დადასტურების შემთხვევაში დანაშაული 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამი იყო 15 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ გაათავისუფლეს ის არასრულწლოვანი, რომელიც აქციის მონაწილეებთან იარაღის დემონსტრირების მიზეზით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ამოღებული ნივთი ცეცხლსასროლი იარაღი არ იყო.
გოჩა მირცხულავა: როგორ შეიძლება დავით აღმაშენებლის საქართველო იყოს ბიძინა ივანიშვილის შპს?! ან და პა
გოჩა მირცხულავა: წულუკიანის კომისია ბუნებაში არ არსებობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ღალატის კომისია