რუსეთთან შემწყნარებლობა სახიფათოა!, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჰესლინკის კომისიაში მოსმენაზე განაცხადა.
მისი თქმით, დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის და საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ.
სალომე ზურაბიშვილის სრული სიტყვა:
"უნდა გავიხსენო, რომ 100 წლის წინ, კონგრესის კომისია უკვე მართავდა მოსმენას საქართველოში არსებულმდგომარეობაზე. ეს იყო 1926 წელი და იმ დროს საქართველოში ვითარება უკიდურესად მძიმე იყო.
იმედი მაქვს, რომ ამჯერად, ყველაფერი სხვანაირად დასრულდება და ჩვენ შევძლებთ ვნახოთ მოვლენების სხვა გზით განვითარება. ჩვენ ყველამ ვიცით და მედიის საშუალებითაც არაერთხელ იქნა ახსნილი, რომ სიტუაცია საქართველოში უკიდურესად რთულია დემოკრატიული უფლებების, თავისუფლებებისა და ადამიანის მდგომარეობის კუთხით.
მე დღეს აქ ვარ იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ციხეში სხედან და სიმბოლურად, მინდა დავასახელო მზია ამაღლობელი, როგორც ჟურნალისტი, როგორც ქალი, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდაა დატყვევებული. სწორედ ამ ადამიანების სახელით მინდა ვისაუბრო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე და გავიხსენო, რომ უკვე 30 წელზე მეტია, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას, მხარში გვედგა, რათა დაგვხმარებოდა დამოუკიდებელი, სტაბილური, პროდასავლური, რეფორმებზე ორიენტირებული სახელმწიფოს აშენებაში, რომელსაც დღეს ვკარგავთ.
საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
უკვე 30 წელზე მეტია შეერთებულმა შტატებმა - 6 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო არა საჩუქრის, არამედ ვალდებულების სახით საქართველოს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლისათვის; დაიცვა საქართველოს სუვერენიტეტი; ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებას; დაეხმარა საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვასა და წვრთნაში; ააშენა სკოლები და საავადმყოფოები, გაწვრთნა მასწავლებლები, სახელმწიფო მოხელეები და სამედიცინო სპეციალისტები.
ეს იყო ქმედებები, რომლებმაც უზრუნველყვეს მშვიდობა და სტაბილურობა საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება გადამწყვეტი შავი ზღვის უსაფრთხოების, შუა კორიდორისა დაენერგორესურსების გზებისათვის, რომლებიც აკავშირებენ შავ და კასპიის ზღვებს, ასევე ცენტრალურ აზიამდე და მის უდიდეს რესურსებამდე.
საქართველო, მთელი ამ დროის განმავლობაში, მოქმედებდა როგორც შეერთებული შტატების სანდო პარტნიორი, ჩაერთო ავღანეთსა და ერაყში სახიფათო მისიებში. ქართველი ხალხი კი, მხარს უჭერდა ამ პარტნიორობას.
საქართველო აშშ-სთვის სტრატეგიული გამარჯვება იყო. ეს იყო გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ და ეს მშვიდობიანი გამარჯვება იყო მას შემდეგ, რაც რუსეთი, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა კავკასიის და შესაბამისად, ცენტრალური აზიის ექსკლუზიური დომინაციის შენარჩუნებას, ამერიკა რეგიონშისრულფასოვანი მოთამაშე გახდა, შთააგონა ჩვენი ხალხი და განსაზღვრა ახალი სტანდარტები.
დღეს, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პირველად საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას, დააშორა და სანდო მოკავშირისგან იზოლაციაში მოაქცია როგორც საკუთარი თავი, ისე ქვეყანა, რითიც თანდათან უფრო მეტად დაუახლოვა ქვეყანა შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს. რუსეთი თამაშობს თავისი დომინანტური პოზიციის აღდგენისათვის.
ქართული ოცნება სულ უფრო მეტად ხდება ანტიდასავლური და პრორუსული.
ქართული ოცნების საჯარო პოზიციები სულ უფრო აგრესიულ, ანტიამერიკულ ტონს იღებს: საჯარო შეტევები აშშ-ის წარმომადგენლებზე, ამერიკის პოლიტიკაზე, მტრული თავდასხმები პირადად პრეზიდენტ ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზე, აშშ-ის მიმართ ბრალდებები ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნაზე.
პარალელურად, ქართული ოცნების ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს, პირველ რიგში, რუსეთთან (რუსული პიარის რიტორიკის კოპირება), ჩინეთთან (ანაკლიას პროექტი, სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკული პროექტის შეჩერების შემდეგ, ინფრასტრუქტურული პროექტები, უვიზო მიმოსვლა) და ირანთან.
საგარეო და შიდა პოლიტიკის 360 გრადუსიანი შემოტრიალება, დამოუკიდებლობის კომპრომეტირება, რომელიც ძალიან მაღალი ფასით იქნა მიღწეული. ეს მიმართულება პირდაპირ ეწინააღმდეგება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს.
რუსეთის ახალი ჰიბრიდული ომი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ:
რუსეთის უწყვეტი და გაძლიერებული ჩარევა საქართველოში დემოკრატიის შესასუსტებლად, საზოგადოების დაყოფის დასათესად, არა შეიარაღებული ძალებით, არამედ ახალი, ჰიბრიდული მეთოდებით;
პირველად, უახლოეს ისტორიაში რუსეთი ეუფლება "რბილ ძალას" - პროპაგანდას, რომელიც დაკავშირებულია თანამედროვე ტექნოლოგიასთან. კრემლის ეს მეთოდები, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რუსეთშია გამოცდილი;
ტოტალური კონტროლი და ძალაუფლების კონსოლიდაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდება. ფუნდამენტური ადამიანის უფლებების დარღვევა, კონსტიტუციის უგულებელყოფა, სასამართლოების, ისევე როგორც პოლიციის ძალების პოლიტიზება;
ოპოზიციის სრული გაუქმება (გამოგონილი ბრალდებებით სამოქალაქო აქტივისტების რამდენიმე წლით ციხეში ჩასმა) ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება და გასამართლება. პოლიტიკური პარტიები განადგურების საფრთხის წინაშე დგანან, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩამოერთვათ დაფინანსება და პარალიზებულნი არიან;
რუსეთი საქართველოში აშკარად სტრატეგიული კარტით თამაშობს, რათა აღიდგინოს თავისი დომინაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე, კონტროლი კავკასიასა და შავ ზღვაზე, გააუქმოს დასავლელი პარტნიორების სტრატეგიული გამარჯვება, ბოლო 30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
ეჭვგარეშეა, რომ ქართველი ხალხი არ ეთანხმება ამ დივერსიულ, ძალადობრივ ქმედებებს და ისეთივეერთგული რჩება დემოკრატიისა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა, როგორც თავისი ევროპული მომავლისა. ეს არის 368-დღიანი შეუჩერებელი პროტესტის მნიშვნელობა ქართული ოცნების პრორუსული პოლიტიკის წინააღმდეგ - სამოქალაქო საზოგადოების გამძლეობის მნიშვნელობა.
რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი აშშ-სთვის? საქართველოში დემოკრატიის გარეშე არ არსებობს სტაბილურობა; საქართველოში სტაბილურობის გარეშე არ არსებობს მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში.
საქართველოს მომავალი წარმოადგენს სტრატეგიულ გამოწვევას როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროპელი პარტნიორებისთვის. რუსეთმა ჯერ კიდევ წინა საუკუნეებში აღიარა, რომ "ვინც აკონტროლებს საქართველოს, ის აკონტროლებს კავკასიას".
დროა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა აღიარონ ეს სტრატეგიული რეალობა და თავიდან აიცილონ:
გეოპოლიტიკური ცვლილება რეგიონში - აშშ-ის მედიაციით მიღწეულმა შეთანხმებამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გახსნა ახალი გზები რეგიონული სტაბილურობისთვის, კავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ეს დიდი გამარჯვება და წარმატებაა პრეზიდენტ ტრამპისთვის.
ეს გეოპოლიტიკური ცვლილება არ უნდა მოხდეს. თუ რუსეთს საქართველოზე გავლენის გაფართოების უფლება მიეცემა, ამით დაბლოკავს ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის პოტენციალს, რომელიც შავ და კასპიის ზღვებს, ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს. კავშირი და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაცია აშშ-სა და ევროპელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს სამხრეთ ფლანგებზე ექსკლუზიური ბატონობის აღდგენა.
და ბოლოს - რუსეთთან შემწყნარებლობა სახიფათოა; აშშ-ის შემრიგებლური მიდგომა საქართველოს ფაქტობრივ ლიდერობასთან წარსულში ჩავარდა და ვერც ახლა მიაღწევს წარმატებას; დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის, საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ; რასაც მმართველი რეჟიმი საქართველოში აკეთებს, ეს არ არის მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების ღალატი - ეს არის პირდაპირი უარი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეერთებულ შტატებთან.
ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა, დიპლომატებმა და სამხედროებმა დიდი ძალისხმევა ჩადეს საქართველოს წარმატებაში. იმის ყურება, როგორ იკარგება ეს ინვესტიცია ანტიდემოკრატიული ქცევის, აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებთან წინააღმდეგობაში მყოფი მოქმედებებისა და მტრული რიტორიკის გამო, მიუღებელი უნდა იყოს.
ანგარიშვალდებულება აუცილებელია. რეალური შედეგები უნდა დადგეს მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია და ვინც ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახშობს განსხვავებულ აზრს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთესს, ისევე როგორც ამერიკელი ხალხი, რომლის მხარდაჭერა ყოველთვის დაფუძნებული იყო თავისუფალი, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს იმედზე."