ბოლნისში 79 წლის კაცმა ცოლი მოკლა - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს - 1950 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
როგორც შსს იტყობინება, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1946 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.