ეს იყო სილა ყველასთვის, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით - ეს სილა იქცევა ძალიან დიდ სილად, საზოგადოებისგან, ხალხისგან! - ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულმა პოეტმა, ზვიად რატიანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მას პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილზე თავდასხმას ედავებიან. ბრალდების მხარის მტკიცებით, ზვიად რატიანმა თეიმურაზ მეშველაშვილს სახეში ხელი გაარტყა.
თავად ზვიად რატიანი თავს დამნაშავედ არ თვლის და განმარტავს, რომ მისი მხრიდან „ეს იყო ყველაზე უმტკივნეულო საქციელი, სიმბოლური, თავისი ისტორიული მნიშვნელობით“.
„ვეთანხმები ჩემს ადვოკატებს, არ მგონია ბევრი ახსნა სჭირდებოდეს იმას, რაც გავაკეთე და რატომაც გავაკეთე. დანარჩენს დასკვნითი სიტყვისთვის გამოვიყენებ. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვთვლი… ეს იყო ყველაზე უმტკივნეულო ან მინიმალურად მტკივნეული სიმბოლური საქციელი, განზოგადებული, სიმბოლური, თავისი ისტორიული მნიშვნელობით. ყველა პოლიციელმა უნდა მიიღოს ეს თავის თავზე, ვინც ჩართულია ამ უსამართლობასა და ქვეყნის ღალატში... ეს იყო სილა ყველასთვის, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით“, - განაცხადა ზვიად რატიანმა.
მან ასევე მიმართა პროკურორ გიორგი გოგალაძეს და აღნიშნა, რომ „მისი აბსურდული ტექსტებიდან“ მხოლოდ ერთი სიტყვის შესახებ გამოიტანა აზრი.
„ამ აბურდულ ტექსტებში, რა აზრიც გამოვიტანე ეს იყო ერთი სიტყვა „პიროვნება“... ელემენტარულად, სიტყვა ვალიდურის მნიშვნელობა არ იცით. გასაგებია, რა გზა აირჩიეთ ცხოვრებაში, მაგრამ ცოტა მეტი უნდა იშრომოთ…
ჩემი ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია იყო მზია ამაღლობელის და ნინო დათაშვილის საქმეები, ის ძალადობა, რაც მათ მიმართ მოხდა - ეს სილა იქცევა ძალიან დიდ სილად, საზოგადოებისგან, ხალხისგან“, - განაცხადა ზვიად რატიანმა.
ზვიად რატიანის ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვის სხდომა 27 აგვისტოსთვის ჩაინიშნა.
ცნობისთვის, პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს.
ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.