2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატება
ზვიად რატიანი - ჩემი ერთ - ერთი მთავარი ინსპირაცია იყო მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის საქმეები, ის ძალადობა, რაც მათ მიმართ მოხდა
ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
საქართველო, "ოცნების“ პირობებში, ნარკოვაჭრობის მთავარ გამტარ ძარღვად იქცა - ირაკლი კუპრაძე
ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიგო - „პარი სენ-ჟერმენმა“ „ტოტენჰემი“ დაამარცხა
სოფელ იორმუღანლოში ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
Russian army loses 990 soldiers in war against Ukraine
Unmanned Systems Forces repel Russian assault in Pokrovsk direction

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა

14.08.2025 ნახვები: 219

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, აფხაზეთში რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს. როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე ცეცხლი გაუხსნა.

აფხაზეთში 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის აღების ოპერაციაში აფხაზური ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზებული კაზაკები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები.

1992-1993 წლების ომი ერთი მხრივ, საქართველოს, ხოლო, მეორე მხრივ, აფხაზ სეპარატისტებს, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონს, ჩრდილოკავკასიელ ბოევიკებს, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრებსა და ადგილობრივი სომხების ბაგრამიანის სახელობის ბატალიონს შორის. ომის დროს სეპარატისტებს აქტიურად ეხმარებოდა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებიც, რაც გამოიხატა რუსული ავიაციის მიერ ქართული სამხედრო პოზიციებისა და დასახლებების დაბომბვაში.

ომის პარალელურად მიდიოდა სამოქალაქო ომი დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე დევნილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებსა და ხელისუფლებაში სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსული ედუარდ შევარდნაძის მთავრობას შორის, რაც ხელს უშლიდა ქართული მხარის გაერთიანებას. თუმცა, იყო შემთხვევებიც, როდესაც ქართული ძალები ერთობლივად იბრძოდნენ მტრების წინააღმდეგ - აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ტამიშის ბრძოლა, როდესაც ერთმანეთთან დაპირისპირებული ქართული შენაერთები გაერთიანდნენ და მტრის დესანტზე გამარჯვება მოიპოვეს.

ომს წინ უსწრებდა ისეთი მოვლენები, როგორიცაა 1989 წლის ივლისში ანტიქართული არეულობები სოხუმში და 1991 წლის მარტში აფხაზეთის მიერ საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისთვის რეფერენდუმში მონაწილეობის მიღება, საქართველოს მიერ ამაზე უარის თქმის მიუხედავად. უშუალოდ ომის მაპროვოცირებელი გახდა 1992 წლის 23 ივლისს აფხაზი სეპარატისტების მიერ 1925 წლის აფხაზეთის კონსტიტუციის აღდგენით სუვერენიტეტის გამოცხადება და 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზური ეროვნული გვარდიის მიერ საქართველოს ძალების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნა.

ომის საწყისს ეტაპზე, ქართულმა ძალებმა დაიკავეს სოხუმი, გაგრა, ოჩამჩირე და გალი, ხოლო სეპარატისტები გუდაუთაში, ტყვარჩელსა და ოჩამჩირის რაიონის ნაწილში გამაგრდნენ. ომის მიმდინარეობისას სეპარასტისტებმა არაერთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს, მათ შორის აღსანიშნავია 1992 წლის ოქტომბერში გაგრაზე მიტანილი იერიში, რასაც გაგრის დაცემა და ქართული მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები მოჰყვა, ასევე 1993 წლის სექტემბერში სოხუმზე შეტევა, რის შედეგადაც სოხუმი დაეცა 27 სექტემბერს და ქართულმა ძალებმა ვეღარ შეძლეს მათ კონტროლქვეშ არსებული დანარჩენი ტერიტორიის შენარჩუნება.

საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი, ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი, ხოლო 300 ათასზე მეტ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი საკუთარი სახლიდან სეპარატისტებმა განდევნეს. მათგან ათეულობით ათასს აფხაზეთის დატოვება მოუხდა ფეხით კოდორის ხეობის გავლით, რა დროსაც მძიმე პირობების გამო ასობით ადამიანმა სვანეთის მთებში განუტევა სული. პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა.

ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა. დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას.

მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. როგორც თვით აფხაზები აცხადებენ, რეგიონი რუსეთის ფედერაციის „დე ფაქტო პროტექტორატია“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა