უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინული ძალების დონბასიდან გასვლას გამორიცხავს.
„ჩვენ არ წავალთ დონბასიდან. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. დონბასი რუსებისთვის არის ბიძგი სამომავლო ახალი თავდასხმისთვის. რამდენიმე წელი და პუტინს გახსნილი ექნება გზა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზეც და არამხოლოდ. ასევე, ხარკოვზე“, – განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ტერიტორიების გაცვლა ძალიან რთული საკითხია. მისივე თქმით, ტერიტორიული საკითხები ვერ განიხილება მოლაპარაკებებში უკრაინის მონაწილეობის გარეშე.
„მე არ ვაპირებ ჩემი ქვეყნის ჩაბარებას, რადგან ამის უფლება არ მაქვს. საქმე არ არის იმაში, რომ კონსტიტუციის უკან ვიმალები. სახელმწიფო რა არის, კერძო საკუთრებაა? დონეცკის ოლქის 30% რა არის, ჩემი კერძო საკუთრებაა? ტერიტორიების გაცვლა ძალიან რთული საკითხია, რომლის გამოყოფა შეუძლებელია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისგან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის პოზიცია რჩება უცვლელი: პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ კი სხვა საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოება.