ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა "ბათუმელების" დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა.
კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.
მოსამართლემ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი “სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1 მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-დან 7-წლამდე ვადით.