ირაკლი კობახიძე - სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher

ოცდაათი წლის წინანდელი „მხედრიონის“ სისასტიკე - დეკანოზ რომანოზ ჩიქობავას წამება

07.08.2022 | 10:22 ნახვები: 3520

ოცდაათი წლის წინ, 1992 წლის ივლისში, საქართველოში არსებულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, ე.წ. „მხედრიონმა“, კრიმინალ ჯაბა იოსელიანის ხელმძღვანელობით, შეიპყრო და უსასტიკესად აწამა სრულიად უდანაშაულო სასულიერო პირი, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი (შემდგომში დეკანოზი) რომანოზ ჩიქობავა.

ოცდაათი წლის შემდგომ გავიხსენოთ და თვალი გადავავლოთ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის უახლესი ისტორიის ამ ერთ-ერთ ძალზედ სამწუხარო და ტრაგიკულ ფაქტს და ამით კიდევ ერთგზის მივაგოთ პატივი ქრისტეს რწმენისა და სიმართლისათვის, ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისათვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული და კანონიერი ხელისუფლების დაცვისათვის თავდადებულ დეკანოზ რომანოზ ჩიქობავას.

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი

სამოცდაათწლოვანი საბჭოთა უღლის შემდეგ, საქართველომ შეძლო თავისუფლების მოპოვება და 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ (შემდგომში საქართველოს პრეზიდენტი) ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ახლადგანთავისუფლებულ ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა ეროვნული კონსოლიდაცია, რათა საბჭოთა იმპერიის კლანჭებისგან ახლადდახსნილს მიეღწია წარმატებისთვის... რუსეთის წაქეზებითა და დიდი დაფინანსებით, სამწუხაროდ, ნაცვლად ერთობისა, ქართველთა შორის დაიწყო შუღლი და უთანხმოება, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პოლიტიკური ძალები. პროცესებმა განსაკუთრებულად უმართავი და მწვავე სახე მიიღო 1991 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან, რომელმაც საფუძველი დაუდო, იმავე წლის დეკემბერში, სისხლიან დაპირისპირებას უკანონო ბანდფორმირებებისა კანონიერ ხელისუფლებასთან. 1991 წლის 21 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმართვა გაუგზავნა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს აკაკი ასათიანს, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ბესარიონ გუგუშვილს, საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანების ლიდერებს. მიმართვაში ნათქვამია: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. საქართველოში შექმნილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ თავის მწვერვალს მიაღწია. ქართველი დაუპირისპირდა ქართველს, მოსალოდნელია ძმათა შორის სისხლისღვრა. არ უნდა მოხდეს ეს სამარცხვინო ფაქტი, ნუ ჩავიდენთ საშინელ ცოდვას ღვთისა და ერის წინაშე. ამიტომ მოგიწოდებთ, დაუყონებლივ დაიწყოს დიალოგი თქვენს შორის და მშვიდობიან ვითარებაში გადაწყდეს ყველა სადავო საკითხი. თუ იქნება თქვენი სურვილი, მე მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ დიალოგში. გამოვთქვამთ იმედს, რომ ღვთის შეწევნით და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობით, დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია ეროვნული თანხმობით დამთავრდება. ღმერთმა დაგლოცოთ“ (საქ. საპ. არქ. ახ.აღწ. 6870. გვ.1).

სამწუხაროდ, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება, მათ ვერ გამონახეს საერთო ენა... 1991 წლის 22 დეკემბერს დაიწყო რუსეთის მიერ მართული სამხედრო გადატრიალება საქართველოში. თბილისი ომის ცეცხლის ალმა მოიცვა. სიტუაცია უმართავი და უკონტროლო გახდა. საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მოუწია თავი შეეფარებინა მთავრობის სახლის ბუნკერისათვის. 1992 წლის 6 იანვარს  პრეზიდენტმა გამსახურდიამ იძულებით დატოვა საქართველო, თუმცა, ის ოფიციალურად პრეზიდენტის თანამდებობიდან არ გადამდგარა. ქვეყანაში შეიქმნა სრული ანარქია და ქაოსი... ხელისუფლება თვითნებურად ხელში აიღო არალეგიტიმურმა და თავისი შინაარსით კრიმინალურმა ორგანომ, ე.წ. სამხედრო საბჭომ, რომლის ლიდერები იყვნენ ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი. აგრეთვე, მათთან იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა. უკანონო შეირაღებული ჯგუფები დათარეშობდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით... ამ მხრივ მეტად გამოირჩეოდა სამხედრო დაჯგუფება ე.წ. მხედრიონი, რომელმაც ყველაზე მეტად დააზარალა სამეგრელოში მცხოვრები მოსახლეობა. მიმდინარეობდა სასტიკი, სისხლიანი ანგარიშსწორება ეროვნული ხელისუფლების მომხრეების წინააღმდეგ. სწორედ, ამ დროს, 1992 წლის ივლისში, პოლიტიკური ნიშნით წარმოებულ სადამსჯელო დანაშაულებრივ ღონისძიებებში მოჰყვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სრულიად უდანაშაულო სასულიერო პირი, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი (შემდგომში დეკანოზი) რომანოზ ჩიქობავა, რომელსაც უკანონო შეიარაღებულმა ძალებმა, უშუალოდ ჯაბა იოსელიანის მეთაურობით, დასწამეს ტაძარში იარაღის დამალვა, რაც მრავალი ცდის მიუხედავად, ბუნებრივია ვერ აღმოაჩინეს, თუმცა მამა რომანოზს სასტიკად გაუსწორდნენ...

მამა რომანოზის სამღვდელო ჯვარი, რომელიც სასულიერო პირს მკერდზე ეკეთა შეპყრობისა და ტანჯვა-წამებისას

დეკანოზი რომანოზი (ერისკაცობაში რამინ ვლადიმერის ძე ჩიქობავა) დაიბადა 1949 წლის 1 იანვარს, წალენჯიხაში. სწავლობდა წალენჯიხის N 2 საშუალო სკოლაში. 1985 წელს დაქორწინდა ელენე (ლენა) შუბლაძეზე, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი. ჯერ კიდევ ერისკაცი რამინ ჩიქობავა მოსახლეობაში ხელმოწერებს აგროვებდა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ისტორიულ ტაძარში წირვა-ლოცვის აღდგენის მიზნით და ამ მხრივ დიდი ღვაწლი გასწია... 1988 წლის 4 დეკემბერს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, ტაძარი მოქმედი გახდა. 1990 წლის 22 ივლისს ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ჭყონდიდელმა მთავარეპისკოპოსმა (ამჟამად ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი) გიორგიმ (შალამბერიძე) დიაკვნად აკურთხა რამინ ჩიქობავა და მას რომანოზი უწოდა. ზუსტად ერთ კვირაში, ამავე წლის 29 ივლისს, ხსენებულ ტაძარშივე, მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ, დიაკონ რომანოზს მღვდლად დაასხა ხელი და მსახურებისთვის დაადგინა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში. აგრეთვე, სხვადასხვა დროს მამა რომანოზი მსახურობდა ჯვარის, ჩხოროწყუს, კორცხელის ტაძრებში.

1992 წლის ივლისი უმძიმესი აღმოჩნდა წალენჯიხისათვის. 6 ივლისს ე.წ. მხედრიონი შეიჭრა რაიონში. მოხდა შეიარაღებული შეტაკება კანონიერი ხელისუფლების მომხრეებსა და მხედრიონს შორის, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. შემზარავი სანახობა იყო დატრიალებული. მრავალი სახლი იწვოდა და კვამლის სქელი ღრუბლები ჰფარავდნენ რაიონს... ისმოდა ხშირი სროლის ხმა, რომელსაც თავზარდაცემული ადამიანების ყვირილი ერთვოდა. 1992 წლის 7 ივლისს ომონისა და „მხედრიონის“ შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ დეკანოზ რომანოზსა და მის ოჯახს. წინა დღით, „მხედრიონთან“ შეტაკებისას მოკლული ერთერთი ახალგაზრდის ცხედარი, მამა რომანოზმა ტაძარში დაასვენა, ვინაიდან, გარდაცვლილის წასასვენებლად არავის მოეკითხა. გარდაცვლილი იყო ვინმე გაბედავა, კორცხელიდან, დაახლოებით ოცდაათ წლამდე ასაკის ახალგაზრდა. სასულიერო პირი, ქრისტიანული მცნებებისამებრ მოიქცა და უპატრონოდ არ მიატოვა განსვენებულის ცხედარი, არამედ, დროებით, ვიდრე ნათესავები მოაკითხავდნენ წასასვენებლად, ტაძარში დაასვენა... ბოროტმოქმედებმა მამა რომანოზს კატეგორიულად მოსთხოვეს ტაძრისაკენ გაყოლა, სადაც მათი აზრით, იარაღი იყო დამალული. არც ის დამალეს, რომ ნაბრძანები ჰქონდათ, მოძღვარი დაეხვრიტათ. უწმაწური სიტყვებიც არ დააკლეს სასულიერო პირს და დაემუქრნენ, რომ ტაძარში დამალულ იარაღზე დაგაკლავთ ღორივითო... იარაღის კონდახის ცემით, მამა რომანოზი ტაძრისკენ წაიყვანეს და თან ბრალს სდებდნებ ლოთი ქობალიასთან კავშირში, რომელსაც მოძღვარი არც იცნობდა... ტაძარში შესვლამდე, მოძღვარმა მთელი გულით თხოვა შეიარაღებულ პირებს, რომ იარაღით არ შესულიყვნენ ტაძარში, რაც თავდამსხმელებმა შეისმინეს და მართლაც გარეთ დატოვეს იარაღი. მამა რომანოზმა მოითხოვა, რომ ტაძრის ჩხრეკას დასწრებოდნენ მეზობლები და ყველას ენახა, თუ მტყუანი აღმოჩნდებოდა მოძღვარი. ე.წ. მხედრიონელები დათანხმდნენ და მეზობლებიც შეუშვეს ტაძარში, სადაც შესვლისთანავე, ბოროტმოქმედებმა დაინახეს ზემოთხსენებული ახალგაზრდის ცხედარი დასვენებული, რომლის ხილვამ ძალიან განარისხა თავდამსხმელები იმ მოტივით, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა „ჩვენიანი“ არ არისო... სამწუხაროდ, მათ შებილწეს ცხედარი და მოძღვარსაც შეურაცხყოფა მიაყენეს. ვერავითარი იარაღი ტაძარში ვერ იპოვნეს, გადათხარეს ეკვდერი, სადაც ბუნებრივია, არაფერი საეჭვო აღმოჩნდა. ე.წ. მხედრიონელები იმდენად არაადეკვატურად მოქმედებდნენ, რომ თვით ლევან დადიანის აკლდამაც კი გაჩრიკეს, აქ ხომ არ არის იარაღი შენახულიო... საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ტაძარში არავითარი შეიარაღება ინახებოდა. დეკანოზი რომანოზი იგონებდა: „ეკლესიიდან რომ გადიოდნენ, ზოგმა მითხრა დაგვლოცეო. დავლოცე. ორ მათგანს ჯვარი ვაჩუქე, ვაკურთხე თანაც. ეზოდან გასვლისას ერთმა მკითხა: „შენ, მეგრელს ეკლესიაში რა გინდოდა მღვდლად?!“ - ნუ სცოდავთ! რა შუაშია მეგრელი და ქართველი? ჩვენ ერთი სისხლი და ხორცი ვართ. მე ქართველად ვთვლი თავს და თქვენ თუ მეგრელები ქართველებად არ მიგაჩნიათ, ეს არ შეიძლება. ეს ერის გახლეჩას ნიშნავს. ეს სირცხვილია, ამას ნუ იტყვით! ერთ-ერთი მხედრიონელი ძალიან გააღიზიანა ამ შეგონებამ. ხმალი აღმოაჩნდა და მომიქნია, შენ ზვიადი იქნებ ეპისკოპოსობას გპირდებოდაო, მაგრამ მანამდე თავს გაგაგდებინებო. მე ვუთხარი: ასე რომ მექცევით, ამას ღმერთი არ გაპატიებთ! ეპისკოპოსი, ღმერთი, მღვდელი, ამ სიტყვებს უხამსად იხსენიებდნენ და ხორხოცობდნენ“ (გაზ. „ნოჯიხური“, N25, 2012:5).

მხედრიონელები იქაურობას გაეცალნენ, თუმცა დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით ხუთი საათისთვის კვლავ მობრუნდნენ. ტაძრის ეზოში შესულ მამა რომანოზს თავზარდამცემი სურათი დახვდა. სხვადასხვა სახის იარაღით აღჭურვილი ადამიანები გარს შემორტყმოდნენ ტაძარს, ზოგიერთები სახურავზეც კი ასულიყვნენ. ბოროტმოქმედებმა მოსთხოვეს მოძღვარს, ტაძრის კარი გაეღო და ახლა უკვე, იარაღთან ერთად, ეჭვი გასჩენოდათ, რომ ტაძარში ე.წ. ზვიადისტებიც კი ჰყავდა დამალული მამა რომანოზს, რომელიც იხსენებდა: „შევახსენე, რომ იყვნენ ამ დილით და ვერაფერი ნახეს. გამაღებინეს და მკითხეს, აქ მკვდარი რომ გესვენა, სად წაათრიესო, ვინ იყო მისამართი გვითხარიო, იმას ბეტეერზე ჩამოვკიდებთ და ქუჩაში ვათრევთ, ოჯახს დავუწვავთო. მე ვუთხარი: „არც იმას ვიცნობდი და არც ის ვიცი, ვინ წაასვენა.“ სიმართლეს არ გვეუბნებიო და ისე მცემეს, რომ ცოტა ხანს უგონოდ ვეგდე ეკლესიის ქვაფენილზე. გონს მოვედი და ვხედავ როგორ ურტყამენ ავტომატების კონდახებსა და ლულებს სახარებასა და ჯვარს, ხატებს ქვემოთ ყრიან და გაიძახიან, იარაღი აქ იქნებაო. ვეუბნები მათ: „რაოდენ დიდ ცოდვას სჩადიხართ, ხომ ხედავთ აქ მხოლოდ ტრაპეზია, სახარება და ჯვარი ბრძანდება, ასე უდიერად რატომ ექცევით?!“ კვლავ მცემეს, ამჯერად ავტომატების ლულებით ისე, რომ გონება კვლავ მებინდებოდა. მერე ეკვდერების კარები გატეხეს, აქ ექნება ლოთის იარაღი გადამალულიო... მაცხოვრის ეკლესიის მინაშენზე არის ლევან პირველის ეკვდერი, სადაც წმიდა გიორგის წამების ფრესკებია, იქვეა ნატრაპეზალი, რისი გათხრაც დაიწყეს - აქ იქნებაო იარაღი. არ შევეშვი, მუხლებზე დავეცი და მათ მივმართე: „ხომ ხედავთ, ახალი ამონათხარი არ ემჩნევა, შეუძლებელია რაიმე ნახოთ. ეს წმინდა ალაგია და წმიდა ნაწილები იქნება დამარხული. ეს ცოდვაა, ნუ თხრით! აქ გათხრის უფლება მხოლოდ არქეოლოგებს აქვთ, ძეგლთა დაცვის საზოგადოების ნებართვის შემდეგ. აბუჩად ამიგდეს: „არქეოლოგი, ძეგლთა დაცვა, თქვა ახლა ამანაც. თქვენ ვერ გაიგეთ, რომ საქართველოში ჩვენზე უფროსი არავინ არაა...“, ერთი ცალი ტყვიაც რომ ამოვარდეს, ადგილზე დაგხვრეტთო. გაისროლეს ეკვდერშივე და ხელში ნასროლის „გილზი“ დაიკავეს... ბოლომდე არ მაყურებინეს, ისე გამომაგდეს ეკვდერიდან... არავინ იცის რა ამოიღეს და წაიღეს. ჩემზე კი რატომღაც ჯავრი იყარეს... მტაცეს ხელი, ეკლესიის ეზოში გამიყვანეს, ხან პირით აღმოსავლეთისაკენ დამაყენეს, ხანაც დასავლეთისაკენ. ესროლე და გადააგდეო, ეუბნებიან ერთმანეთს. მე ვლოცულობ, პირჯვარს ვწერ ჩემს ჯალათებს, თან ლოცვაში ჩავურთავ ხოლმე: „ამას ღმერთი არ გაპატიებთ!“ ისვრიან გამუდმებით... სასტიკად მცემენ...“ (იქვე :5)

ლაშა დეისაძე-შარვაშიძე დეკანოზ რომანოზ ჩიქობავას საფლავან, 10.09.2018

ნამდვილად რთულია, ეს სტრიქონები ემოციების გარეშე წაიკითხოს ადამიანმა... საუბედუროდ, მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების პირველი ნახევრის საქართველოში ამგვარი განუკითხაობა სუფევდა... გარე ძალებისგან წაქეზებულმა შიდა მოღალატურმა ძალებმა გადათელეს და გააპარტახეს მთელი საქართველო და არაერთ ადამიანს ამგვარად სასტიკად უსწორდებოდნენ. უდანაშაულო ადამიანებს აწამებდნენ, სცემდნენ ან კლავდნენ. არც სასულიერო პირს ერიდებოდნენ... სროლის ხმაზე მამა რომანოზის მეუღლე, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მისულა ტაძრის ეზოში, სადაც ამ დროს, მოძღვარს უკვე მესამე ჯერზე ამზადებდნენ დახვრეტისთვის... ტაძრის ეზოში მისულმა მეუღლემ უთხრა მამა რომანოზს, რომ თუ მართლა დამნაშავე იყო, თუ მართლა უღალატა ღმერთს, ადგილზე მოეკლა თავი და თავადაც ამგვარად მოიქცეოდა და გაშორდა შვილებთან ერთად აქაურობას. ამ დროს, ე.წ. მხედრიონელთაგან ერთ-ერთს აზრად მოუვიდა, რომ დაეხოცათ მამა რომანოზის ცოლ-შვილი, მოეჭრათ მათთვის თავები და მოეტანათ მოძღვრისთვის იმ მიზნით, რომ თითქოს ცრუობდა და ამ შემთხვევაში მაინც იტყოდა სიმართლეს. ამის გაგონებისგან თავზარდაცემული სასულიერო პირი, მოულოდნელად ხელიდან დაუსხლტა ბოროტმოქმედებს და ტაძრის შესასვლელისკენ გაექანა, თუმცა ის დაიჭირეს... მოძღვარი ჯვარს სახავდა თავდამხმელებს და ემუდარებოდა, რომ მისთვის ცოლ-შვილი არ მოეკლათ. ე.წ. მხედრიონელები კი გაიძახოდნენ, რომ მღვდელი ბეტეერზე მიეკრათ და მთელ წალენჯიხაში ეთრიათ... ამ საშინელ ვითარებაში, ადგილზე მივიდა მამა რომანოზის მეზობელთა უმრავლესობა, მათ შორის იყო პედაგოგი ლალი ეგია, რომელიც თავისი გარდაცვლილი ბიძაშვილის სახელისა და გვარის ხსენებით გამოეცნაურა ერთ-ერთ ე.წ. მხედრიონელს, უთხრა მათ, რომ მამა რომანოზი პატიოსანი კაცი გახლდათ, ის ასეთი მოქცევის ღირსი არ იყო და არც მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში ამოიტანდა ვინმე იარაღს, თხოვა მათ, რომ აღარ ეწამებინათ სასულიერო პირი. თავდამსხმელებმა გაითვალისწინეს ეს საუბარი, მოეშვნენ მოძღვარს, გასაოცრად ბოდიშიც კი მოიხადეს და წავიდნენ. მამა რომანოზი შეხვდა წალენჯიხაში ამ დროს მყოფ ჯაბა იოსელიანს და შესჩივლა, რომ მისმა ქვეშევრდომებმა ბევრი აწამეს და უდანაშაულოს რამდენჯერმე დახვრეტაც დაუპირეს... იოსელიანმა სატანა უწოდა სასულიერო პირს და ჰკითხა: „იარაღს ტაძარში რა უნდოდა?“ ახსნაც არ აცალეს მოძღვარს და იგი ძალადობით განაშორეს იქაურობას. მესამე დღეს, დილით, კვლავ დაესხნენ თავს მამა რომანოზს, აწ უკვე ოჯახში და ძალადობით წაიყვანეს სახლიდან. ბავშვები ტიროდნენ, მამა არ წაიყვანოთო... ერთ-ერთმა ე.წ. მხედრიონელმა ჯიბიდან ამოიღო ნამცხვრის ნატეხი და მამა რომანოზის უმცროს ვაჟს გაუწოდა: „აი, ეს ჭამეთ, მამა რად გინდათ...“ (იქვე :5).

მამა რომანოზი გადაიყვანეს წალენჯიხის სკოლა-ინტერნატის შენობაში, სადაც აწამეს და სცემეს. ამ დროს, სხვა ოთახებში, მეტადრე პირველ სართულზე სხვებსაც აწამებდნენ, სროლის ხმაც კი გაისმა... ეკითხებოდნენ, როგორი კაცი იყო პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და როგორი - ჯაბა იოსელიანი. ამ უკანასკნელზე ორაზროვანი პასუხის გაცემის შემდეგ, ბოროტმოქმედებმა ჰკითხეს მამა რომანოზს, რატომ არ ეახლა წალენჯიხაში მყოფ იოსელიანს და არ მიულოცა მას თანამდებობა, რაზეც სასულიერო პირმა მიუგო, რომ მას შეიარაღებულ ხალხთან არაფერი ესაქმებოდა. ამის გაგონებაზე, მამა რომანოზი სასტიკად სცემეს და მას სამკერდე ჯვარი წაართვეს, დანით წვერი ჩამაოგლიჯეს... თუმცა ე.წ. მხედრიონელთა შორისაც აღმოჩნდა ერთ-ერთი შედარებით შეგნებული და მოძღვარს მალევე დაუბრუნა სამკერდე ჯვარი. მამა რომანოზს დახვრეტა დაუპირეს ინტერნატის ეზოში მდებარე სტადიონზე, თუმცა საბოლოოდ ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს. ვერტმფრენიდან გადაგდებაც კი დაუპირეს, თუმცა ღმერთმა დაიფარა და გადარჩა ამ საშინელებას...

თბილისში ჩაყვანისას ცოცხლად დაწვითაც კი ემუქრებოდნენ. თბილისის წინასასწარი დაკავების იზოლატორში მიიყვანეს, სადაც კვლავ სასტიკად აწამეს, მიუხედავად იმისა, რომ სამღვდელო შესამოსლითა და ჯვრით იმყოფებოდა. უსამართლოდ, ტანჯვა-წამებით შეპყრობილ უდანაშაულო მამა რომანოზს იზოლატორში თავი გაუხეთქეს, ჭრილობაში, საიდანაც სისხლი დიდი რაოდენობით მოდიოდა, ერთ-ერთმა ჯალათმა თითები შეჩრა, ცოცხლად უნდა გაგატყავოთო, წვერს აგლეჯდნენ მოძღვარს, ავტომატის ლულითა და რევოლვერის ტარით უმოწყალოდ სცემდნენ, ღრძილებიდან სისხლი სდიოდა... ჯვარი წაართვეს... ტვინის შერყევა დაემართა მოძღვარს და ამგვარ მდგომარეობაში N 8 საკანში მოათავსეს, სადაც თოთხმეტი დღე დაჰყო, შემდეგ N 5 საკანში გადაიყვანეს და იქ ხუთი დღე გააჩერეს. საბოლოოდ ცხრამეტი დღის შემდეგ, უდანაშაულო მღვდელი გაანთავისუფლეს. უფლის მადლით, იგი სასწაულებრივად გადარჩა. არც დაუკითხავს არავის, რადგან იცოდნენ, უდანაშაულო იყო... მამა რომანოზი საპატრიარქოში მივიდა, სადაც კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა ეს იმ დღეს ვერ შედგა... მეორე დღეს, ნატანჯი და ნაწამები მოძღვარი წალენჯიხაში დაბრუნდა. სამრეკლო ზარები შემოჰკრა... ღმერთს მადლობდა. ცოლ-შვილიც უვნებელი დახვდა... რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ ჩავიდა თბილისში და ამჯერად შეხვდა კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც მამა რომანოზს თავისი კუთვნილი ჯვარი დაუბრუნა... არავინ იცის, რა გზით, მაგრამ უდანაშაულოდ დაპატიმრებული და ნაწამები მოძღვრის ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქთან მიუბრძანებიათ... სასულიერო პირს წამებისგან ჯანმრთელობა ძლიერ შეერყა და ეპილეფსიის დაავადება შეეყარა. სახეზე ეტყობოდა ნაიარევიც, რომელშიც მწამებლებმა თითები ჩაჩრეს. მამა რომანოზი იხსენებდა: „სასტიკად ნაგვემი, სასოწარკვეთილი და ღონემიხდილი ჩამოვედი გადამწვარ და აწიოკებულ წალენჯიხაში. ეკლესიაში ავედი, ზარები შემოვკარი, დავიჩოქე ხატების წინ. მთელი ღამე ვლოცულობდი და ვტიროდი“ (ჯალაღონია, ფიფია, 2018:9)

1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცემამდე ორი დღით ადრე, საქართველოს დევნილმა კანონიერმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მოილოცა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი. მამა რომანოზი კვლავ სიხარულით შეეგება ქვეყნის დამოუკიდებლობის აღმდგენელ პრეზიდენტს, საჩუქრად გადასცა მას ბიბლია და დალოცა იგი თავის თანმხლებ პირებთან ერთად. ეს საქციელი, მამა რომანოზის მხრიდან ღმერთისა და სამშობლოს მტკიცე ერთგულებაზე მიუთითებს. იგი ამ წმიდა შემართებაში ვერ გატეხა უმძიმესმა სატანჯველმა და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ გამსახურდიას ამგვარად მიღების გამო შესაძლოა დამუქრებოდა შეპყრობისა და წამების მორიგი საფრთხე, ის მაინც პირნათლად მოიქცა ღვთისა და ერის წინაშე.

2001 წელს ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა (ამჟამად მიტროპოლიტი) გერასიმემ, მღვდელ რომანოზს მიანიჭა დეკანოზის წოდება და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. დეკანოზი რომანოზი გარდაცვალებამდე გახლდათ წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი.

 დეკანოზი რომანოზი 2005 წლის 20 თებერვალს, მოულოდნელად აღესრულა ორმოცდათექვსმეტი წლის ასაკში. დაკრძალეს ამავე წლის 24 თებერვალს, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის გალავანში.

2018 წლის 10 სექტემბერს წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში შევხვდით დეკანოზ რომანოზ ჩიქობავას მეუღლეს, ქალბატონი ელენე (ლენა) შუბლაძე-ჩიქობავას, რომელიც ამავე ტაძრის მსახური-მესანთლე გახლავთ. დეკანოზის ქვრივმა ჩვენთან საუბრისას გაიხსენა მამა რომანოზის თავს გადახდენილი უმძიმესი წამება, ტანჯვა, შეპყრობა... ქალბატონი ლენას თანხმობით, მისი საუბრის აუდიოჩანაწერი გავაკეთეთ. მისთვის ახლაც ძალიან მძიმე და ტკივილიანია ოცდაშვიდი წლის წინანდელი ამბების გახსენება და უცრემლოდ ვერ შესძლო საუბარი... „ნახაზი რომ აქვს პიროვნებას და რომ მიდის პირდაპირ საქმეზე, აი ასე მოვიდნენ... საკურთხეველში იარაღის წვერით გადმოაგდეს ტრაპეზიდან სახარება. ახლაც ის სახარებაა ტრაპეზზე“, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში დეკანოზ რომანოზის ქვრივმა. მან გაიხსენა ის დღე, როდესაც მის მეუღლეს მეორედ დაესხნენ თავს სახლში და წაიყვანეს. ქალბატონმა ლენამ გაგვიმხილა, რომ მამა რომანოზის წაყვანისას, ე.წ. მხედრიონელებს თან ახლდა ერთი ნიღბიანი პიროვნება, რომელზეც დეკანოზის მეუღლე ფიქრობს, რომ იგი იყო წალენჯიხელი, მან იცოდა მოძღვრის საცხოვრებელი სახლი და მოუძღვა შეიარაღებულ ხალხს სასულიერო პირის შესაპყრობად. შესაბამისად, ამიტომ დაიფარა სახე, რადგან ჩიქობავების ოჯახისთვის ნაცნობი პიროვნება იყო... მამა რომანოზს ჰყოლია ავტომობილი „ზაპოროჟეცი“, რომელიც ეზოში იდგა. ბოროტმოქმედებს ერთმანეთში გადაულაპარაკებიათ, ეს მანქანაც ხომ არ წავიყვანოთო... ერთ-ერთ მათგანს უთქვამს, მამაოს სახლიდან რაიმეს გატანა როგორ შეიძლებაო, რაზეც მოძღვრის მეუღლემ მიუგო: „მამაო კი მიგყავთ და ეს „ზაპოროჟეცი“ სადაც გინდათ, იქ წაათრიეთ, თუ გამოგადგებათ“. დეკანოზის მეუღლემ გაიხსენა მამა რომანოზის ნათქვამი, რომ იზოლატორში ყოფნისას თითქოს ჩაი შეჰქონდათ პატიმრებთან, მაგრამ რეალურად ეს ყოფილა შეღებილ ქვაბში ადუღებული ჩვეულებრივი წყალი, რომელსაც ჩაის შეფერილობის აღქმას აძლევდა თვით ქვაბის ფერი და არავითარი ჩაი იყო... ქალბატონმა ლენამ გვიამბო, რომ მამა რომანოზთან ერთი საეჭვო ქცევის ადამიანი შესულა საკანში, თითქოს პატიმარი, რომელსაც გამოუკითხავს მოძღვრისთვის, თუ რისთვის იყო დაკავებული, რაზეც სასულიერო პირს სიმართლე უამბნია... ბოლოს გაღებულა საკნის კარი და ეს პატიმარი გაუყვანიათ, მამა რომანოზს კი მისი ხმა შემოსმია, ხომ გითხარით, აქ დიდხანს ვერ დავრჩებიო... სავარაუდოდ, ეს ადამიანი საგანგებოდ შეაგზავნეს ნაწამებ მოძღვართან, თუ რას იტყოდა ის დატრიალებულ ამბებზე, კონკრეტულად ვისი დავალებით ან რა მიზნით შევიდა უცნობი პიროვნება საკანში, ასევე მისი ვინაობა, უცნობია... ქალბატონმა ლენამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მამა რომანოზის წამებისა და დაკავების შემდეგ ოჯახთან არცერთ სასულიერო პირს ჰქონია კონტაქტი, არავის მოუკითხავს დაპატიმრებული მღვდელი. ერთადერთი, ჭყონდიდის ეპარქიაში (იმჟამად მთელი სამეგრელო ჭყონდიდის ეპარქიის იურისდიქციაში შედიოდა. შენ. ავტ.) მოღვაწე მონაზონი აკეფსიმა მისულა, მოუნახულებია მამა რომანოზის მეუღლე, უნუგეშებია, ტაძარი ერთად დაულაგებიათ და წასულა... ეს იყო და ეს, სხვა არავინ დაინტერესებულა სასულიერო პირთაგან მამა რომანოზისა და მისი ოჯახის მდგომარეობით. შვილები აფხაზეთში, გალში გადაუყვანია ქალბატონ ლენას, უსაფრთხოების მიზნით... სანამ მამა რომანოზი პატიმრობიდან დაბრუნდებოდა, ორი დღით ადრე ჩამოსულა მისი მეუღლე გალიდან, ისე, რომ მან არ იცოდა, როდის გაათავისუფლებდნენ მოძღვარს და საერთოდ ცოცხალი დაბრუნდებოდა თუ არა იგი... დეკანოზის ქვრივის თქმით, მამა რომანოზი დაბრუნებიდან დაახლოებით ათი დღის შემდეგ კვლავ ჩავიდა თბილისში მისი მეუღლე და შეხვდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომელსაც უთქვამს მღვდლისთვის: „უშეცდომო მიწიერ ცხოვრებაში არავინ ვართ“ და გადაუცია მამა რომანოზისთვის მისი ჯვარი... მამა რომანოზმა არ იცოდა და არც უკითხავს, თუ რა გზით აღმოჩნდა თავისი სამღვდელო ჯვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. აღნიშნული ჯვარი, რომელიც მოწმეა მოძღვრის საზარელი წამებისა, დღესდღეობით მამა რომანოზის ოჯახშია დაცული და დაბრძანებული. ქალბატონმა ლენამ გვითხრა, რომ მამა რომანოზი აღნიშნავდა თავის მწამებელ ჯალათებზე: „არავინ დამიწყევლია, მაინც ვლოცავდი ყველასო...“ (დეკანოზ რომანოზის მეუღლის, ელენე (ლენა) ყიფშიძის 2018 წლის 10 სექტემბრის საუბრის აუდიოჩანაწერი, სადაც ყოველივე აღნიშნულს საუბრობს, ინახება ავტორთან).

უდანაშაულო სასულიერო პირის - მღვდელ (შემდგომში დეკანოზი) რომანოზის სასტიკი ტანჯვა-წამება და უკანონო პატიმრობა დღემდე სამართლებრივად პასუხგაუცემელია, ისევე, როგორც მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, იარაღის გამოყენებით, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობა და შემდგომ, მისი მომხრეების დანაშაულებრივი დევნა. სამწუხაროდ, სამოქალაქო ქაოსის პირობებში, საქართველოს ეკლესიის მაღალიერარქია არ თუ ვერ იმყოფებოდა სათანადო ქრისტიანული მოწოდებისა და მართლმკვეთელობის სიმაღლეზე და არაფერი იღონა თავისი უდანაშაულო მღვდლის დასაცავად. დეკანოზ რომანოზის წამება ერთ-ერთი მტკივნეული გამოწვევაა საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიაში, რომელიც სხვა მრავალი პრობლემური საკითხითაა აღსავსე. მამა რომანოზი ჩუმად, უხმაუროდ წავიდა ამქვეყნიდან, ისე, როგორც ქრისტეს, ეკლესიისა და სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანს შეეფერებოდა. წავიდა ისე, რომ მან ამქვეყნად ვერ იპოვა სამართალი და საკუთარ თავს გადახდენილი ტანჯვა-წამების შესახებ ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე: რატომ?!

ქრისტეს ნათელი ქრისტესა და სამშობლოს ერთგულ დეკანოზ რომანოზს. ამინ.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე - ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა