კახეთში სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს მამას ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულმა ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.
პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო იარაღიც ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.