ტრამპი: ირანთან ომში დაღუპული ამერიკელი სამხედროების გამო დიდ მწუხარებას განვიცდით
20.07.2026
ნახვები: 224
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან მიმდინარე კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გამო მწუხარება გამოთქვა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
„ძალიან ვწუხვართ, თუმცა ეს შესანიშნავი ადამიანები, ეს დიდი პატრიოტები, იქ იბრძვიან იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
პრეზიდენტის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) დაადასტურა, რომ შაბათს ჩრდილოეთ ერაყში ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო პარასკევს იორდანიაში განხორციელებულ დარტყმებს კიდევ ორი სამხედრო ემსხვერპლა.
CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დაწყებიდან დაღუპული ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაციებმა ირანს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
„ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზარალდა. სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს. მათ ძალიან ცოტა რესურსი დარჩათ“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმები დღესაც განახორციელა.