საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს პროგრესს მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველყოფის კუთხით და გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში.
კომისარი აღნიშნავს, რომ 2025 წლის მარტის მემორანდუმში წარმოდგენილი რეკომენდაციები კვლავაც აქტუალურია. კერძოდ, ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ბრალდებების ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დაზარალებულთათვის სრული რეპარაციის უზრუნველყოფის აუცილებლობას.
ამასთან, კომისარი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას უწევს:
“უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივის დროული მიღება და მისი პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელება, რომლის მიხედვითაც ყველა სამართალდამცავ პირს ეკეთება მკაფიოდ ხილული, ინდივიდუალურად იდენტიფიცირებადი საიდენტიფიკაციო ნომერი;
უზრუნველყოს, რომ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიებები იყოს სრულყოფილი, დროული და რეალურად დამოუკიდებელი, და მოიცავდეს არა მხოლოდ უშუალო შემსრულებელთა, არამედ ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხების შესწავლასაც;
გამოძიების ფარგლები გააფართოვოს 2023 წლის მარტის, 2024 წლის მარტი–მაისისა და 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის დასაწყისამდე გამართული საპროტესტო აქციების დროს არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა სარწმუნო ბრალდებაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საქმეებს შესაბამისი გადაკვალიფიკაცია მიენიჭოს სისხლის სამართლის კოდექსის 141¹, 141² ან 141³ მუხლებით;
უზრუნველყოს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების საკითხის საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება, სამართალდამცავ საქმიანობაში ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა 2020 წლის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, დაზარალებულებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, და გამოძიების შედეგები საჯაროდ გამოაქვეყნოს ყოველგვარი შემდგომი დაყოვნების გარეშე;
მიიღოს სამართალდამცავ ორგანოებში ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა 2020 წლის სახელმძღვანელო პრინციპები;
განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება, რათა სრულად შესრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეების - „ცინცაბაძის საქმეების ჯგუფსა“ და „ცაავას და სხვების“ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების სრულად აღსასრულებლად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებების შესაბამისად“, - აღნიშნულია მემორანდუმში.
2025 წლის მარტის მემორანდუმში წარმოდგენილი რეკომენდაციების გარდა, რომლებიც კვლავაც ძალაში რჩება, კომისარი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას უწევს:
„გადახედოს, გააუქმოს ან არსებითად შეცვალოს 2025 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში მიღებული ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-11 მუხლსა და შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებთან, კერძოდ: დაიცვას სპონტანური შეკრებების უფლება და გააუქმოს მშვიდობიანი პროტესტის მიმართ დაწესებული ზოგადი შეზღუდვები, ამასთან უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი შეზღუდვა იყოს მკაცრად აუცილებელი, პროპორციული და ექვემდებარებოდეს ეფექტიან სასამართლო კონტროლს; გააუქმოს დებულებები, რომლებიც საპროტესტო საქმიანობასთან დაკავშირებული განმეორებითი სამართალდარღვევებისთვის არაპროპორციულ ადმინისტრაციულ პატიმრობასა და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს, ხოლო შეკრებების კონტექსტში თავისუფლების აღკვეთა გამოიყენოს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და თითოეული პირის მიმართ ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე;
დაუყოვნებლივ აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობის შესახებ, მათ შორის, თვითნებური დაკავების წინააღმდეგ დაცვის ზომების გაძლიერებით, უკანონო საპოლიციო პრაქტიკისთვის ეფექტური ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფით და კომისრისა და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში გამოვლენილი სტრუქტურული ხარვეზების მოგვარებით;
შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ GEOFARA-სა და გრანტების შესახებ კანონის ფარგლებში დაწყებული მოკვლევები;
შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები დამამძიმებელ გარემოებებში საბოტაჟში სავარაუდო მონაწილეობის ბრალდებით ან სულ მცირე დაუყოვნებლივ აღდგეს წვდომა ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე;
გააუქმოს GEOFARA, 2024 წლიდან მიღებული ყველა ცვლილება „გრანტების შესახებ“ კანონში და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი მათთან დაკავშირებული ცვლილებები;
გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს სხვა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანების თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე, განსაკუთრებით ცვლილებებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად;
თავი შეიკავოს ნებისმიერი ისეთი ღონისძიებისგან, რომელიც თვითნებურად ზღუდავს დემოკრატიულ თავისუფლებებს, პოლიტიკურ პლურალიზმსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას“, - აღნიშნულია მემორანდუმში.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა „მემორანდუმი საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ აპრილში ქვეყანაში მისი ვიზიტის საფუძველზე გამოაქვეყნა.
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ