გოჩა მირცხულავა - ვის უნდა საქართველოს ეკლესიის კონტროლი?
მიხაილო პოდოლიაკი - ჰუმანიტარული მოტივებიდან გამომდინარე, გვინდა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში ან შესაძლოა, გაიგზავნოს ნეიტრალურ ქვეყანაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ
ალექსანდრ სირსკი - მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში „ოცნება“ უკან იხევს
ლევან ხაბეიშვილი -„ხარება“ არათუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, ვიდეოს იღებდა, უნდოდა მეთქვა, რომ ვარ „ჩმორი“ და მაშინ აღარ დამარტყამდნენ
გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ლევან ხაბეიშვილი - მე მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვარ და განცხადებას პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით ვაკეთებდი, რომელიც პოლიტიკური დაპირება იყო - ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას

გოჩა მირცხულავა - ვის უნდა საქართველოს ეკლესიის კონტროლი?

09.05.2026 ნახვები: 240

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის პოლიტიკა მხოლოდ ტანკებითა და ოკუპაციით არ შემოიფარგლება. თანამედროვე რუსული სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი იარაღი გავლენაა. გავლენა საზოგადოებრივ განწყობებზე, ღირებულებებზე, შიშებზე და ინსტიტუციებზე. საქართველოში არ არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც საზოგადოების იმხელა ნდობა აქვს, როგორიც მართლმადიდებელ ეკლესიას.

სწორედ ამიტომ, ეკლესია რუსეთისთვის მხოლოდ რელიგიური სივრცე არ არის. ეს არის საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, პოლიტიკური გავლენისა და ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის მართვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი.

წლების განმავლობაში რუსეთი საქართველოში აქტიურად მუშაობდა ეკლესიის შიგნით საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც გაჩნდა კითხვა - ვინ იქნება ილია II-ის შემდეგ?

წლების განმავლობაში მოსკოვი ცდილობდა საკუთარი ფავორიტის გამოკვეთას. სხვადასხვა წყაროებისა და პუბლიკაციების მიხედვით, მეუფე შიო სწორედ იმ ფიგურად განიხილებოდა, რომლის მიმართაც რუსეთის ინტერესები განსაკუთრებით მაღალი იყო.

ეს შემთხვევითი არ არის.

რუსეთისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული სასულიერო პირი, არამედ ის, თუ ვის ხელში აღმოჩნდება ინსტიტუცია, რომელსაც საქართველოში უდიდესი მორალური და პოლიტიკური გავლენა აქვს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქართული საზოგადოება ხშირად უფრო მეტად ენდობა ეკლესიას, ვიდრე პოლიტიკურ ინსტიტუტებს.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება - აფხაზეთის საკითხი, რომელსაც რუსეთი იყენებდა ილია II-ის დასაშანტაჟებლად. რეალურად კი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რომელი სექტა იარსებებს, მით უფრო, რომ ყველა ოფიციალურ მომოწერაში რუსეთმა ისედაც „ჩამოართვა“ ილია მეორეს ცხუმ-აფზახეთისა და ბიჭვინთის მიტროპილიტის წოდება.

მოსკოვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიაში პროცესები კონტროლირებადი იყოს და არ გაჩნდეს ფიგურა, რომელიც ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობასა და დასავლურ ორიენტაციაზე მკვეთრ აქცენტს გააკეთებს.

საყურადღებოა, რომ თავად პატრიარქმა კირილმა ღიად განაცხადა, რომ მათ საპატრიარქო ტახტზე სურთ ფიგურა, რომელიც უკრაინის ავტოკეფალიას არ აღიარებს. რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ განცხადებას დუმილით უპასუხა საქართველოს საპატრიარქომ.

მოსკოვს სჭირდება არა ღიად პრორუსული და უხეში ფიგურა, არამედ მართვადი, პროგნოზირებადი და გავლენიანი სასულიერო პირი, რომლის პირობებშიც ეკლესია რუსეთისთვის საფრთხედ არ გადაიქცევა და მათთვის ესეთი ფიგურა ვინც არის მგონი ნათელია.

სინამდვილეში, რუსეთის მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო არა მხოლოდ ტერიტორიების ოკუპაცია, არამედ საქართველოს შიგნით ისეთი გარემოს შექმნა, სადაც საზოგადოებრივი აზრი მუდმივად დაეჭვდება დასავლეთში, ევროპულ ღირებულებებსა და ევროატლანტიკურ არჩევანში.

ამ პროცესში ეკლესია უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.

საკმარისია გავიხსენოთ, რამდენად აქტიურად იყენებდა რუსული პროპაგანდა „ტრადიციული ღირებულებების დაცვის“ თემას, როგორ ცდილობდა დასავლეთის წარმოჩენას ეკლესიისა და ეროვნული იდენტობის მტრად და როგორ იქცა ეს ნარატივი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთ მთავარ იარაღად. რა თქმა უნდა, ამ  და სხვა დისკურსში მეუფე შიოს პოზიცია პირდაპირ ემთხვეოდა რუსეთის საპატრაირქოსა და სახელმწიფო იდეოლოგიას.

ამიტომაც, ბრძოლა ეკლესიის  შიგნით მხოლოდ რელიგიური ან პერსონალური საკითხი არ არის. ეს არის ბრძოლა გავლენისთვის - იმაზე, თუ ვინ მოახდენს ზემოქმედებას საზოგადოების განწყობებზე მომდევნო წლებში.

რუსეთის ინტერესი ამ პროცესების მიმართ იმდენად მაღალია, რომ ბოლო დღეებშიც კი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა პირდაპირ გააკეთა განცხადებები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს - კრემლი ეკლესიას განიხილავს არა მხოლოდ სულიერ ინსტიტუტად, არამედ პოლიტიკური გავლენის სივრცედ. საქართველო მმართველი ძალის მხრიდან ამ განცხადებას სამარცხვინოდ წაუყრუეს.

სწორედ ამიტომ, კითხვა - „ვის უნდა საქართველოს ეკლესიის კონტროლი?“ - სინამდვილეში ბევრად უფრო ფართო მნიშვნელობის მატარებელია.

ეს უკვე მხოლოდ ეკლესიის საკითხი აღარ არის.

ეს არის საქართველოს მომავლის, მისი გეოპოლიტიკური არჩევანისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და ფრიად სამწუხაროა, რომ საქართველოს ეკლესიის შესაძლო, მომავალი საჭეთმპრობელი ამ ვითარებაში რუსეთის მხარეს არის.

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა