გახარიას გადაწყვეტილება წამომეწია „პარლამენტში“ შესვლასთან დაკავშირებით - არაფერი სანერვიულო არ არის, ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი. შეიძლება შეუშვან პარლამენტში, მერე აუკრძალონ პოლიტიკური საქმიანობა და გამოყარონ. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსები მათზე ფეხებს გაიწმენდენ, ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ ბოიკოტის რეჟიმის დასრულებას და მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლას. როგორც ზურაბ ჯაფარიძე წერს, ამით ბრძოლაში არაფერი იცვლება.
„გახარიას გადაწყვეტილება წამომეწია „პარლამენტში“ შესვლასთან დაკავშირებით და ბარემ დავწერ 2 სიტყვას, იქნებ დროზე გამოაღწიოს გარეთ:
ამ ცირკის დასრულების შემდეგ ეგ ხალხი ზუსტად ისე გაქრება, როგორც გაქრნენ მეზვრიშვილი, ლილუაშვილი, ქემოკლიძე, დაუშვილი და სხვები, რომლებიც სანამ არსებობდა საპარლამენტო სკამის პერსპექტივა, აქეთ გვმოძღვრავდნენ და გვასწავლიდნენ - როგორ უნდა რეჟიმთან ბრძოლა. (სად არიან? მოიგეს? ტაიმაუტი აქვთ აღებული?)
შეიძლება შეუშვან, გაზაფხულზე საკონსტიტუციო უმრავლესობაზე გათვლით ვადამდელი ჩაატარონ და ეგრე გამოყარონ. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსები მათზე ფეხებს გაიწმენდენ. ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში.
ჩვენს ბრძოლაში ამით არსებითად არაფერი იცვლება.
ერთადერთი, ამ 25-ნომრიანი ბანერის წინ ჩატარებულ ყოველდღიურ, უშინაარსო და მხოლოდ მედიაში გამოჩენაზე გათვლილ ბრიფინგებს თუ არ დავუთმობთ ამდენ მედია ყურადღებას, უკეთესი იქნება ყველასთვის.
ასევე, „ცეცხლს დავანთებთ პარლამენტში“ დამაკლდა…“- წერს ჯაფარიძე წერილში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.