„ძლიერი საქართველო-ლელო“-მ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა
ირაკლი კუპრაძე - თბილისი გახდება კავკასიის მთავარი ევროპული ქალაქი
სალომე ზურაბიშვილი - რეჟიმი ავითარებს კლასიკურ რუსულ სცენარს: „ოცნება“ ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად
საპროტესტო მსვლელობის დროს ბესიკის ქუჩაზე დაპირისპირება იყო
ლევან ხაბეიშვილი - ნუ მიაქცევთ ყურადღებას გამოგონილ ოპოზიციონერებს და ნურც გაბღენძილ “ლიდერებზე” იდარდებთ
გიგა ბოკერია - ელენე ხოშტარიას დაკავება არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციური რეჟიმის მხრიდან ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი უტიფარი მაგალითია
სალომე სამადაშვილი - ელენე ხოშტარიას დაკავება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა, რომ რეპრესიული რუსული რეჟიმი გვმართავს
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

„ძლიერი საქართველო-ლელო“-მ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

16.09.2025 ნახვები: 188

კოალიციამ „ლელო-ძლიერი საქართველო“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

კოალიციის ლიდერებმა პრეზენტაციისას თბილისის განვითარების 9 მთავარი პრიორიტეტი დაასახელეს: „ახალი სარტყელი, ახალი შესაძლებლობა“; “თბილისი - მწვანე ქალაქი“; „საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზება და განვითარება; უსაფრთხო სამშენებლო პოლიტიკა; თბილისი ავარიული სახლების გარეშე; მიუსაფარი ცხოველების პრობლემის სისტემური გადაწყვეტა; ჯანდაცვის განვითარება და უფასო მედიკამენტები; ახალი სოციალური პოლიტიკა; თბილისი - სუფთა ქალაქი.

კერძოდ, პროგრამა მოიცავს:

„თბილისი - რეგიონის მთავარი ევროპული ქალაქი

თბილისი ისტორიულად ყოველთვის იყო კავკასიის გეოგრაფიული, პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. თბილისს ყოველთვის ჰქონდა ამბიცია, ყოფილიყო რეგიონში საუკეთესო, შესაძლებლობებით სავსე, კომფორტული ქალაქი.

თბილისის ფართობი საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ 1%-ია, მაგრამ აქ ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 40% და იწარმოება საქართველოს მშპ-ს 60%-ზე მეტი. თბილისი კლასიკური მეგაპოლისია, თანამდევი პრობლემებით და აქ ცხოვრება ნამდვილად აღარ არის კომფორტული.

ქალაქის უმთავრესი პრობლემებია: სატრანსპორტო ნაკადების არაკვალიფიციური მართვა, მუდმივი საცობები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, არასაკმარისი საპარკინგე ადგილები, საქალაქო ტრანსპორტის უსისტემო მოძრაობა, მაღალი უმუშევრობა, ავარიული შენობები, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მიუწვდომელი ჯანდაცვის სერვისები, ძვირი მედიკამენტები, მიუსაფარი ცხოველები.

ამ პრობლემების გადაწყვეტა დედაქალაქის მართვისა და განვითარებისთვის იქნება უმთავრესი. შესაბამისად, ამ საკითხების მოგვარებას ეფუძნება „ძლიერი საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამის ცხრა პრიორიტეტი, ცხრა ინიციატივა”, - ნათქვამია საარჩევნო პროგრამაში.

ახალი სარტყელი, ახალი შესაძლებლობა კი მოიცავს:

“ყველა განვითარებულ ევროპულ და ამერიკულ ქალაქს პერიმეტრზე, წრიული მოძრაობის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აქვს, რაც ამ ქალაქებში უბნებს შორის თავისუფალი გადაადგილების და ეკონომიკის ინკლუზიურად განვითარების საფუძველია. თბილისს უნდა ჰქონდეს 70-80 კმ სიგრძის, 3-3, ანუ ჯამში, 6-ზოლიანი წრიული პერიმეტრის ავტომაგისტრალი.

თბილისის ახალი წრიული მაგისტრალი უბნებს ერთმანეთთან პირდაპირ და სწრაფად დააკავშირებს, შედეგად, ქალაქის ორი ნებისმიერ წერტილის შორის მანძილი მანქანით მაქსიმუმ 20–25 წუთში დაიფარება, რაც გადაადგილებას პროგნოზირებადსა და ნაკლებად დამღლელს გახდის. მოქალაქეებისთვის გაეზრდებათ განათლებასა და ჯანდაცვაზე სწრაფი წვდომა, გამარტივდება კომუნიკაცია და შემცირდება საცობებში გატარებული დრო. ბიზნესს ექნება უფრო იაფი და სწრაფი ლოგისტიკა, გაიზრდება პროდუქტიულობა და ინვესტიციები, განვითარდება ბიზნეს-პარკები, გაიზრდება სამუშაო ადგილები და ადგილობრივი შემოსავალი.

თბილისი საქართველოს მშპ-ს უდიდეს ნაწილს აგენერირებს და მოსახლეობის თითქმის ნახევრის სახლია, შესაბამისად, სრულიად ლოგიკურია ამ მასშტაბის პროექტი ცენტრალურმა ხელისუფლებამაც დააფინანსოს”, - აღნიშნულია პროგრამაში.

თბილისი - მწვანე ქალაქი:

„თბილისის ცენტრში დაახლოებით, 200 ჰექტარი რეკრეაციული სივრცეა, რომელიც დღეისათვის ოლიგარქების ხელშია. ჩვენი პრიორიტეტია, ეს ტერიტორიები დავუბრუნოთ ხალხს და გადავაქციოთ ქალაქის ფილტვებად.

შეიქმნება თბილისის ცენტრალური პარკების სისტემა, რომლითაც თითოეული ტერიტორია ერთმანეთს დაუკავშირდება საფეხმავლო და ველობილიკებით:

არსენალის მთა (77 ჰა)
იპოდრომი (40 ჰა)
ცირკის მთა (12 ჰა)
ლაგუნა ვერე (8 ჰა)
ყოფილი ზოოპარკის ტერიტორია
უნივერსიტეტის უკანა ეზო (2 ჰა)
ამ პროექტით თბილისის ცენტრი მიიღებს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო რეკრეაციულ სისტემას.

სწორი მიდგომითა და გადაწყვეტით შესაძლებელია, თბილისის ბუნებრივი გამოწვევა, მთაგორიანი რელიეფი, ქალაქის უპირატესობად ვაქციოთ. თბილისის შემოგარენ მთებზე შეიქმნება ერთიანი ტყე-პარკი, რომლის ფართობიც 700 ჰექტარი იქნება. ეს სივრცე მოიცავს შემდეგ ტერიტორიებს:

კუს ტბა
მთაწმინდის პარკი
თაბორის მთა
ნარიყალა
გოლფის მოედნები
ბოტანიკური ბაღი და მიმდებარე ტერიტორიები.
ამ უნიკალურ სივრცეში აიკრძალება ავტომობილების მოძრაობა. მოეწყობა ტერასები, ხიდები, გადმოსახედები, სათამაშო მოედნები, ბილიკები და სპორტულ-დასასვენებელი ინფრასტრუქტურა.

ეს პროექტი თბილისს გადააქცევს ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე და თანამედროვე ევროპულ ქალაქად”, - აღნიშნულია საარჩევნო პროგრამაში.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზება და განვითარება:

„2017 წლის შემდეგ მილიარდობით ლარია დახარჯული თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოსაწესრიგებლად, თანხის დიდი ნაწილი კი კორუფციული სქემებითაა ათვისებული მერიის მაღალჩინოსნების მიერ.

ჩვენი გუნდის ხედვა თბილისის სატრანსპორტო სტრატეგიის ცენტრში აყენებს მეტროპოლიტენს. თბილისს სჭირდება ეკოლოგიურად სუფთა, სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც სრულად მოაგვარებს დღეს არსებულ სატრანსპორტო გამოწვევებს. ქალაქის რელიეფის და განაშენიანების თავისებურებების გათვალისწინებით, ეს უნდა იყოს მეტროს განვითარება.

ჩვენი პრიორიტეტებია:

მეტროპოლიტენის გაძლიერება და გაფართოება: არსებულ ხაზებზე ვაგონების რაოდენობა მინიმუმ 10 შემადგენლობით გაიზრდება და დაუყოვნებლივ დაიწყება დანარჩენი შემადგენლობების მოდერნიზაცია. ეს გაზრდის მეტროს გამტარუნარიანობას და შეამცირებს ლოდინის დროს.
სატრანსპორტო ხაზების დიფერენცირება: ჩვენ უარს ვამბობთ 90-იანი წლების არაეფექტიან და ქაოსურ სატრანსპორტო სქემაზე. ჩვენი გეგმა გულისხმობს ძირითადი და პერიფერიული სატრანსპორტო ხაზების მკაფიო გამიჯვნას: ძირითად, მაგისტრალურ მარშრუტებზე იმოძრავებს მხოლოდ ავტობუსები, ხოლო მიკროავტობუსები მოემსახურება შიდა კვარტალურ მარშრუტებს.
მიწისზედა ტრამვაის სისტემის დანერგვა: მეტროსადგურებთან დაშორებული უბნების დასაკავშირებლად შეიქმნება მიწისზედა ტრამვაის სისტემა, რომელიც მეტროსთან შედარებით ათჯერ უფრო იაფი ალტერნატივაა. მაგალითად, ვაშლიჯვრის, დიდი დიღმისა და დიღმის მასივის მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დაკავშირება.
საბაგირო ტრანსპორტი: თბილისში არსებული სატრანსპორტო პრობლემების აღმოსაფხვრელად, ქალაქის რელიეფის გათვალისწინებით, ვგეგმავთ ახალი საბაგირო მარშრუტების მოწყობას: ისანი-ვაზისუბანი (თბილისის ზღვა), სარაჯიშვილი-ზღვისუბანი, ვაჟა-ფშაველა-ნუცუბიძის პლატო, დიდი დიღომი-დელისი, სადგურის მოედანი-ვარკეთილი, უნივერსიტეტი-ბაგები-წყნეთი და სადგურის მოედანი-ლოტკინი.
სამდინარო ტრანსპორტი მტკვარზე - მდინარე მტკვარი თბილისის ყველა ხელისუფლებამ დაივიწყა, მაგრამ მტკვარს სერიოზული სატრანსპორტო ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, ვგეგმავთ მისთვის ისტორიული როლის დაბრუნებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.
ელექტროველოსიპედები - თბილისის რელიეფისა და სატრანსპორტო გამოცდილების გათვალისწინებით, საცობების განტვირთვისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წნეხის შესამცირებლად, აუცილებელია ელექტროველოსიპედების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს: კერძო სექტორთან თანამშრომლობით (Bolt, Lime და Uber) ამ ტრანსპორტის წახალისებას.
სატრანსპორტო გეგმის განხორციელებაზე ჯამში 600 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე არაეფექტიან და არაპრიორიტეტულ პროექტებზე მიმართული სახელმწიფო ხარჯები. „ძლიერი საქართველო“ ქალაქების დაბრუნების შემთხვევაში დააბრუნებს ევროპულ ფონდებს საქართველოში, რაც ბევრი მასშტაბური პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს.

პარკირების პრობლემის აღმოფხვრა:

ეს პრობლემა არამარტო სატრანსპორტო ქაოსს ქმნის, არამედ, პირდაპირ ძარცვავს მოქალაქეებს. ქალაქის ხელისუფლება წლების განმავლობაში მილიონობით ლარის შემოსავალს იღებდა ჯარიმებიდან და პარკირების საფასურიდან. მიუხედავად ამისა, თბილისში პარკირების პრობლემა გადაუჭრელ გამოწვევად რჩება.

ჩვენ 5-ჯერ გავზრდით მუნიციპალური პარკირების ადგილებს და თბილისის ყველა უბანში მოეწყობა მრავალსართულიანი მუნიციპალური მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგები.
ყველა სამშენებლო ნებართვის გაცემისას კომპანიებს მკაცრად მოეთხოვებათ შესაბამისი რაოდენობის საპარკინგე ადგილების მშენებლობა.
შეიქმნება პარკირების ახალი აპლიკაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება ლაივ რეჟიმში პარკირების ადგილის ძიება, დაჯავშნა და გადახდა მობილურიდან. აპლიკაცია ასევე უნდა იძლეოდეს ინფორმაციას ჯარიმების და შესაძლო დარღვევების შესახებ”, - წერია პროგრამაში.

უსაფრთხო სამშენებლო პოლიტიკა:

„მშენებლობა არის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი სეგმენტი. ჩვენი ხედვაა, წავახალისოთ ნებისმიერი მშენებლობა, ერთი დიდი დათქმით - ხარისხიანი, გენერალური გეგმით გათვალისწინებული მშენებლობა, რომელიც არ იქნება მწვანე სივრცეების ხარჯზე!

ჩვენი დაპირებაა, რომ დავასრულებთ ქაოსურ მშენებლობებს, რომელიც დედაქალაქის სახეს ამახინჯებს. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, რომ თითოეული ახალი პროექტი განხორციელდეს მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ და არ დააზიანოს არსებული გარემო, არ დაჩრდილოს ან შეავიწროოს სხვისი საცხოვრებელი პირობები.

რას გპირდებით?

მკაცრი კონტროლი და ხარისხი: ჩვენ დავამკვიდრებთ უმკაცრეს სტანდარტებს ყველა სამშენებლო პროექტისთვის. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მიწისქვეშა პარკინგის, გამწვანების ზონების, თანამედროვე ლიფტების მოწყობას და მაღალი ხარისხის მასალების გამოყენებას.
გარემოს დაცვა: მშენებლობის ადგილი ისე შეირჩევა, რომ არ დაირღვეს სხვა მოქალაქეების უფლება სუფთა და ჯანსაღ გარემოზე. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ყოველი ახალი შენობა ჰარმონიულად შეერწყას არსებულ ლანდშაფტს და არ შექმნას ვიზუალური ან ეკოლოგიური პრობლემები.
უსაფრთხოების მექანიზმები მშენებლობებზე: ყველა სამშენებლო ობიექტი QR კოდებით იქნება მონიშნული. შეიქმნება მშენებლობის ციფრული პორტალი, სადაც გამოჩნდება ობიექტის სტატუსი: ნებართვები, დარღვევები, გრაფიკი და ფოტოები. ეს ამარტივებს პროცედურებს და რთავს მოქალაქეებს ამავე პროცესში”, - ნათქვამია პროგრამაში.
თბილისი ავარიული სახლების გარეშე:

„ჩვენ შევქმნით სპეციალურ ფონდს, რომელიც 5 წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარს დახარჯავს და უზრუნველყოფს დედაქალაქში არსებული 10 ათასი ავარიული სახლის სრულ რეაბილიტაციას. ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფუძნება ფინანსურ გათვლებს:

ყოველწლიურად 250 მილიონი ლარი გამოიყოფა თბილისის ბიუჯეტიდან.
ამ თანხას მოვიძიებთ სამი ძირითადი წყაროდან: “თბილისის განვითარების ფონდის” უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლები, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით გამოთავისუფლებული სახსრები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა.
გაუქმდება კორუფციული “თბილისის განვითარების ფონდი”, რომელიც არ ემსახურება მოქალაქეების ინტერესებს. მის ნაცვლად შეიქმნება ახალი სახელმწიფო უწყება, რომელიც ბიზნესთან ერთად დაიწყებს მასშტაბურ რეაბილიტაციებს”, - აღნიშნავს კოალიცია.
მიუსაფარი ცხოველების პრობლემის სისტემური გადაწყვეტა:

თბილისში ათიათასობით მიუსაფარი ცხოველია. ამ პრობლემის მოგვარების სტრატეგია უნდა დაეფუძნოს მოქალაქეების ინტერესებისა და ცხოველთა უფლებების დაცვის ერთობლიობას.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიუჯეტი სამჯერ გაიზრდება - შესაბამისად, გაიზრდება პერსონალის რაოდენობა და პროფესიონალიზმი. მიუსაფარი ცხოველების პოპულაცია შემცირდება რეპროდუქციის შეზღუდვის გზით.
მობილური ვეტერინარული კლინიკები – მერია შეისყიდის სპეციალურ ავტომობილებს - მოძრავ კლინიკებს, რომელთა მომსახურებაც უფასო და ხელმისაწვდომი იქნება დედაქალაქის ყველა ნაწილში. ამ კლინიკების მეშვეობით ნებისმიერ დროს და ადგილას შესაძლებელი გახდება მიუსაფარი და სახლის ცხოველების სამედიცინო დახმარება.
ცხოველთა პოპულაციის სრულად აღრიცხვა – “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო” სრულად აღრიცხავს ცხოველებს და შეიქმნება ციფრული აპლიკაცია, რომელსაც მოქალაქეები გამოიყენებენ დაკარგული შინაური ცხოველების შესახებ ინფორმაციის მისაღებად”,-ნათქვამია საარჩევნო პროგრამაში.
ჯანდაცვის განვითარება და უფასო მედიკამენტები:

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, თითოეულ მოქალაქეს მივცეთ შესაძლებლობა, იცხოვროს ჯანსაღი და ხანგრძლივი ცხოვრებით. დღეს საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საგრძნობლად ჩამორჩება ევროპულ მაჩვენებლებს: მამაკაცებისთვის ეს 68 წელია, ქალებისთვის კი - 74 წელი. ეს სტატისტიკა ადასტურებს, რომ ჯანდაცვის სისტემას ფუნდამენტური რეფორმა სჭირდება. ჩვენი გეგმაა:

დამატებითი მუნიციპალური პროგრამების შემოღება

თბილისის თითოეულ მცხოვრებს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს დამატებითი მომსახურება: უფასო სკრინინგი ყველაზე გავრცელებული დაავადების გამოსავლენად, კომპიუტერული ტომოგრაფიები და სისხლის ყველა სახის ანალიზები.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ადრეული ასაკიდან

25 მუნიციპალური აუზი თბილისში - ყველა უბანში!

სპორტული სექციების განვითარება საგანმანათლებლო დაწესებულებებში!

უფასო სპორტული კომპლექსები თბილისის მასშტაბით!

უფასო მედიკამენტები მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება

ჩვენი ინიციატივაა, დავიწყოთ ახალი მუნიციპალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პენსიონერებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი პირებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, მარტოხელა მშობლებისთვის უფასო გახდება შემდეგი ჯგუფების სარეცეპტო მედიკამენტები:

არტერიული წნევის მარეგულირებელი საშუალებები;
გულის იშემიური დაავადების სამკურნალო მედიკამენტები;
ანტი-არითმიული პრეპარატები;
ბრონქული ასთმის სამკურნალო საშუალებები;
ანტიბიოტიკები;
სისხლის გამათხელებელი საშუალებები;
გლაუკომის სამკურნალო საშუალებები;
კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო საშუალებები;
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები და საშუალებები.
ამ ინიციატივებით, ჯანდაცვაზე ჩვენი მოქალაქეების ფინანსური ხარჯები მნიშვნელოვნად შემსუბუქდება”, - წერია „ლელო ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაში.

ახალი სოციალური პოლიტიკა:

„უფასო კვება სკოლებში - თბილისის სკოლებში ათასობით ბავშვი შიმშილობს. „ძლიერი საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის მერია უზრუნველყოფს ბავშვების უფასო კვებას. ამისთვის ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.

უფასო სასადილოების რეფორმა:

საკვები ულუფის ღირებულებისა და ხარისხის ზრდა. უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი ულუფის ღირებულება გაიზრდება 1.7 ლარიდან 4 ლარამდე, რაც უზრუნველყოფს საკვების ხარისხისა და მრავალფეროვნების გაუმჯობესებას.
მიტანის სერვისის დანერგვა. შეიქმნება სახლში მიტანის სერვისი იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ სასადილოში მისვლას. ამ სერვისით სარგებლობის კრიტერიუმები მკაფიოდ იქნება განსაზღვრული.
სანიტარიული პირობების გაუმჯობესება. უფასო სასადილოებში უზრუნველყოფილი იქნება სანიტარიული კეთილმოწყობა, სრულყოფილი ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მათი გამართულად ფუნქციონირება და პრივატულობის დაცვა.
ომის ვეტერანებისთვის - პარკინგი და საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა იქნება უფასო ყველა ვეტერანისთვის (განურჩევლად იმისა, თბილისელია ის, თუ არა)”, - აღნიშნულია პროგრამაში.

თბილისი - სუფთა ქალაქი:

„● გაუქმდება ლილოს ნაგავსაყრელი და დასავლური ფონდების დაფინანსებით, აშენდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა;

აშენდება მტკვრის გამწმენდი ნაგებობები და მდინარე დაუბრუნდებათ თბილისელების;
მერია დაიწყებს ჰაერის დაბინძურების მუდმივ მონიტორინგს.
თბილისის ახალი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი იქნება გამჭვირვალობა, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულება და კორუფციასთან ტოტალური ბრძოლა. ამ მიზნით, ჩვენ მოქალაქეებს ვპირდებით, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვები და ყველა ფინანსური ოპერაცია იქნება სრულად გამჭვირვალე.

სრულად ვიტყვით უარს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის ავტოპარკზე.

თბილისის ბიუჯეტი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და მოქალაქეები შეძლებენ მისი ხარჯვის მონიტორინგს.

თბილისის ახალი მერი მოიწვევს საერთაშორისო აუდიტს, რომელიც შეისწავლის “ოცნების” მმართველობის პირობებში საბიუჯეტო რესურსების ფლანგვისა და კორუფციის შემთხვევებს.

თბილისს აქვს პოტენციალი, სწორი მმართველობის და კორუფციის დამარცხების პირობებში, იქცეს ჩვენი დიდი რეგიონის მთავარ ევროპულ ქალაქად: ეკონომიკური შესაძლებლობებით, დასაქმების დონით, ღირსეული ანაზღაურებით, უსაფრთხოებით, ჯანდაცვის სისტემით, ინფრასტრუქტურით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რეკრეაციით.

თბილისი გახდება ქალაქი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, იცხოვრონ ღირსეულად და ამაყად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა