ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა. ზოდელავა გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს თანხა გადაიხადა.
როგორც ცნობილია, სასამართლომ 13 სექტემბერს გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მურთაზ ზოდელავას პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ზოდელავა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მურთაზ ზოდელავას ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს.
IPN