მივესალმები ნებისმიერი პოლიტპატიმრის თავისუფლებას, მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები, აბსოლუტურად გაუგებარი, აბსურდული ბრალდებით ციხეში გამოკეტილები , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ განცხადებები ნებისმიერ დონეზე არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მხოლოდ მაშინ იქნებოდა სარწმუნო, თუ პოლიტიკოსები ციხეში არ იქნებოდნენ.
„მივესალმები ნებისმიერი პოლიტპატიმრის თავისუფლებას, ეს ჩვენ ადამიანურად ძალიან გვიხარია. რა თქმა უნდა, მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები, აბსოლუტურად გაუგებარი, აბსურდული ბრალდებით ციხეში გამოკეტილები. „ოცნების" განცხადება, სადაც ისინი გულისხმობენ, რომ არჩევნები თურმე კონკურენტულ გარემოში უნდა ტარდებოდეს, ჯერ ერთი ეს არანაირი არჩევნები არ არის, დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარშან ამ დროს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ისინი შეიწყალებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ექნებოდა საშუალება სრულფასოვნად ჩართულიყო საპარლამენტო არჩევნების პროცესში. მაშინ ნამდვილად ვირწმუნებდი, რომ მათი პოლიტიკური ნება, მიდგომა და სურვილი არის ის, რომ საარჩევნო პროცესი, ნებისმიერ დონეზე ჩატარებული არჩევნები მიმდინარეობდეს კონკურენტულ გარემოში და არცერთი პოლიტიკური მოძრაობის ხელმძღვანელი თუ ლიდერი პირი არ იყოს ციხის საკანში გამოკეტილი“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.