ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი. სხვები სხვანაირად ფიქრობენ, ყველა აზრი პატივსაცემია. ჩვენ ამაში ვხედავთ შესაძლებლობას. ჩვენ შევდივართ ამ არჩევნებში, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა ორი პარტიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი უნდა დასახელდეს.
როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, დღეს ორი პარტიის მიერ გაფორმებული მემორანდუმის აღსრულება იწყება.
„ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა ყველა შესაძლებლობით და ბრძოლა მხოლოდ გამარჯვებამდე. ყველას გააზრებული გაქვს ის გადამწყვეტი მომენტი, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ის ამოცანა, რომლის წინაშეც დგას ეს საზოგადოება - გადავარჩინოთ საქართველო კიდევ ერთხელ დაპყრობას, გადავარჩინოთ ეს ქვეყანა რუსულ ჩექმას. ჩვენ გვაერთიანებს იდეა - საქართველოს ევროპული მომავალი. მიუხედავად ბევრი განსხვავებისა, ბევრი წინააღმდეგობისა, კამათისა, ერთი რამ გვაერთიანებს, ეს არის კავშირი საქართველოს ნათელი, ევროპული და შესაბამისად, ეროვნული მომავლისთვის. ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადავწყვიტეთ, რომ ერთიან ბრძოლაში შევიდეთ. ორი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საერთო ევროპული ღირებულებები გვაქვს ერთი მტრის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ ერთად, სანამ არ მივიყვანთ საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენ ეს მემორანდუმი გავაფორმეთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გვეთქვა: „ჩვენ თქვენზე ვზრუნავთ, თქვენთვის ვარსებობთ და ამ ბრძოლასაც თქვენთვის ვიწყებთ“! დღეს ამ მემორანდუმის აღსრულება იწყება.
ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი. სხვები სხვანაირად ფიქრობენ, ყველა აზრი პატივსაცემია. ჩვენ ამაში ვხედავთ შესაძლებლობას. ყველა პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალის საქმეა, რომ შესაძლებლობა იპოვოს ასეთ პროცესებში. ჩვენ შევდივართ ამ არჩევნებში. ვიღაცას ეს მოსწონს, ვიღაცას არა. ჩვენ გვინდა, რომ მივიტანოთ ჩვენი სათქმელი მეტ საქართველოს მოქალაქემდე. ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე. მე დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალში. ამ ქვეყნის აუცილებლად გამარჯვებაში. რა წინააღმდეგობაც არ უნდა დაგხვდეს წინ, ყველაფერი ეს დროებითია“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.