ლევან ხაბეიშვილი - სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა
მამუკა ხაზარაძე - მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ
ALDE და Liberal International - ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია
რასა იუკნევიჩიანე - დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა, რაც მოხდა ფარსი იყო
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს - მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ახალგაზრდებს
ეგრეთ წოდებულმა საარჩევნო კოლეგიამ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია
მამუკა ხაზარაძე - არალეგიტიმური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა, კანონგარეშეა

თორნტონი: დიქტატორებსაც კი არ უთქვამთ, რომ ოპოზიციის მოსპობას აპირებენ

03.09.2024 ნახვები: 686

საქართველოში "ენ-დი-აის" ყოფილი დირექტორი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება", 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დამკვირვებლების დისკრედიტაციას ცდილობს. ლორა თორნტონი ახლა "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორია. მას ვკითხეთ, რა გამოწვევებს ხედავს საქართველოში წინასაარჩევნოდ. ასევე მოვისმინეთ მისი შეფასებები, ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით.

 

ქართლოს შარაშენიძე, ამერიკის ხმა: ქალბატონო ლორა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და დროის დათმობისთვის. რვა კვირაზე ნაკლებ დროში, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. თქვენი ზოგადი დაკვირვებით დავიწყოთ - როგორია წინასაარჩევნო ლანდშაფტი საქართველოში?

ლორა თორნტონი, "მაკკეინის ინსტიტუტი": ძალიან შეშფოთებული ვარ. სინამდვილეში, ზაფხულის განმავლობაში, ჩემი შეშფოთება გაიზარდა. ივნისში საქართველოსთვის წინასაარჩევნო რისკების შეფასებაზე ვიმუშავე და ყველა გამოწვევის გათვალისწინებით, რაც ვნახე, ის ნამდვილად იყო დამთრგუნველი. მაგრამ, ვფიქრობ, ეს მხოლოდ უარესდება. განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან წამოსული რიტორიკით. რა თქმა უნდა, რაც ახლა ვაშინგტონში ყველას განსაკუთრებით გვაშფოთებს, ოპოზიციური პარტიების ლიკვიდაციის შესახებ, პრემიერ-მინისტრის დაპირებაა - ეს წინასაარჩევნო კამპანიისთვის უჩვეულო რამაა. კარიერის განმავლობაში, მიცხოვრია და მიმუშავია დიქტატორულ ქვეყნებში და დიქტატორებსაც კი არ უთქვამთ, რომ ოპოზიციის მოსპობას აპირებენ. არ ვიცი ეს უბრალოდ რიტორიკაა თუ არა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, საგანგაშო ნიშანია. შეშფოთების სხვა საგანია დაპირებული საარჩევნო რეფორმების ნაკლებობა, არათანაბარი სათამაშო მოედანი, კანონები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და "უცხოეთის აგენტების" შესახებ, რომლებსაც შეუძლია შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოება, არჩევნების დამკვირვებლები და ა.შ. ასე რომ დიახ, სამწუხაროდ, ღრმად შეშფოთებული ვარ.

ამერიკის ხმა: სადამკვირვებლო მისიები ახსენეთ, რა გამოწვევებს ხედავთ, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის? როგორი სამუშაო გარემოა მათთვის?

თორნტონი: რამდენადაც მესმის, ამ დრომდე, ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც დაგეგმილი იყო, რაც კარგია. ძალიან განვიცდიდი სადამკვირვებლო ჯგუფებთან დაკავშირებული რისკების გამო, განსაკუთრებით ადგილობრივი, ქართული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შესაძლოა არ დაემორჩილონ [ე.წ.] უცხოეთის აგენტების კანონს, შეიძლება დაკარგონ ნდობა და ეს საზიანო იქნება. საჭიროა რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი, უშუალოდ კენჭისყრის უბნებზე - კერძოდ, ხმების პარალელური დათვლა, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების დასადასტურებლად, მართლაც მნიშვნელოვანი კონტროლია. ოდნავ განსხვავებულია საერთაშორისო დამკვირვებლების როლი. ცხადია, ისინი ყველა საარჩევნო უბანზე წარმოდგენილი ვერ იქნებიან. მაგრამ, მათ შეუძლიათ საქართველოს არჩევნები საუკეთესო პრაქტიკის უფრო გლობალურ კონტექსტში მოათავსონ, შეადარონ ის საუკეთესო პრაქტიკას და სტანდარტებს. ამასთან, თუ პრობლემას დაინახავენ, უზრუნველყონ ადვოკატიირების ხმის ამაღლება, უფრო ფართო, გლობალური აუდიტორიისთვის. მაგრამ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვთქვათ - ეს არჩევნები მუშაობს, კარგად ჩატარდა. ეს ყოველივე თანაბრად მნიშვნელოვანია. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ფუნქცია არ არის მხოლოდ ხარვეზების აღნიშვნა, არამედ ასევე პროცესისადმი ნდობისა და რწმენის გაძლიერება. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, ნებისმიერი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია.

ამერიკის ხმა: ეს არჩევნები, თითქმის სრულად, ელექტრონული სისტემის გამოყენებით ჩატარდება. ეს სიახლეა, როგორც ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის, ასევე დამკვირვებლებისთვის. ხედვათ ამ მხრივ რაიმე გამოწვევას?

თორნტონი: ნებისმიერ დროს, როცა სისტემას ცვლი, იქნება თანდაყოლილი რისკი. ძირითადად, ეს რისკი ახლავს იმაში დარწმუნებას, რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება. სინამდვილეში, დათვლის ელექტრონული სისტემები ბევრად უფრო ეფექტიანია და ამით ბევრი ადამიანური შეცდომის თავიდან აცილება შესაძლებელია. ვფიქრობ, მეტწილად, რისკები დაბნეულობა და ქაოსია. ცესკოსა და სხვების პასუხისმგებლობაა, ამომრჩეველს სისტემის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდონ, რათა მათ ჰქონდეთ მისი ნდობა და რწმენა.

ამერიკის ხმა: „ქართული ოცნება“, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, სხვადასხვა გზით, ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაში სდებს ბრალს და მეტ გამჭვირვალობას ითხოვს. მათ შორის, "ენ-დი-აისგან" და "აი-არ-აისგან". რას ნიშნავს ეს თქვენთვის და როგორი იყო თქვენი გამოცდილება, როცა საქართველოში "ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს" ხელმძღვანელობდით?

თორნტონი: ვფიქრობ ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ დამკვირვებლების დისკრედიტაციას ცდილობს, რადგან სწორედ დამოუკიდებელი დამკვირვებლები ასახავენ ამ არჩევნების ხარისხს. ნათელია, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, თავიდან აიცილოს ნებისმიერი სახის ნდობა და რწმენა, ამ დამკვირვებლების ანგარიშების მიმართ.

საქართველოში ასევე არიან პოლიტიკური პარტიების დამკვირვებლები და ერთგვარი ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები, ჩვენ ეს ბევრჯერ ვიხილეთ. ამ შემთხვევაში ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია, ამ დამკვირვებლების ნდობა შეუძლებელია. ეს ძველი ტაქტიკაა, არაორიგინალური და ბევრი ქვეყნის შემთხვევაში გვინახავს.

ვფიქრობ, კონკრეტულად "ენ-დი-აისა" და "აი-არ-აის" წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, ამ ორგანიზაციების შევიწროებისა და დაშინების აშკარა მცდელობაა. „ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იცის, რას აკეთებს "ენ-დი-აი" და "აი-არ-აი" და ბრალდებები იმის შესახებ, რომ თითქოს ისინი ოპოზიციისთვის მუშაობენ, წმინდა წყლის სიცრუეა. მე ვმუშაობდი "ენ-დი-აიში", ვიწვევდით ყველა პოლიტიკურ პარტიას და ყველა მათგანთან ვიმუშავეთ. ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვიწვევდით, შეიძლება ზოგიერთმა მოწვევაზე უარი თქვას, მაგრამ ამას ყველას სთავზობენ. ბოლო ბრალდებების შემთხვევაშიც, საუბარია ღონისძიებებზე, სადაც პარტიებს საშუალება ეძლევათ, წარადგინონ საკუთრი პლატფორმები და ამომრჩევლებთან კომუნიკაცია დაამყარონ. ამ ღონისძიებებზე მიწვევა ასევე მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. "ენ-დი-აისა" და "აი-არ-აის" საქმიანობის არსი არ არის პოლიტიკაში ჩარევა. მათი საქმიანობის მთელი არსი, პოლიტიკური პროცესის მხარდაჭერაა, იმის ჩვენება თუ როგორია პოლიტიკური პარტიების პლატფორმა და მათი გზავნილები ამომრჩეველთა მიმართ, რათა ამ პროცესს დაეხმარონ. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პოლიტიკურ პარტიებს თანხებს უხდიან, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ეს ასევე არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთ მხარეს, მეორის საზიანოდ ეხმარებიან. ორივე ამ ორგანიზაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მხარესთან ჩართულობა, ასე რომ, ეს ბრალდებები უბრალოდ ფაბრიკაციაა.

ამერიკის ხმა: როდესაც საქართველოს ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ბრალდებებს გამოთქვამს, ხშირად საუბრობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, „ისფედის“ მიერ დაშვებულ შეცდომაზე. მაშინ ორგანიზაციამ აღიარა, რომ პარალელური დათვლის შედეგების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. როგორ ეხმარება ეს ხელისუფლების პოზიციას?

თორნტონი: ეს სიტუაცია ძალიან სასაცილოა. „ისფედმა“ შეცდომა დაუშვა. მათ აღიარეს, რომ შეცდომა დაუშვეს. შეცვალეს პრეზიდენტი და ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა სახის ინფორმაცია გაავრცელეს. შეუძლებელია, ეს ყველაფერი უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო. ამის დაფარვას არავინ ცდილობს. „ქართულმა ოცნებამ“ ეს ყველაფერი წარმატებით გამოიყენა იმისთვის, რომ მთლიანად დისკრედიტაცია გაუკეთოს ყველაფერს, რასაც ეს ორგანიზაცია აკეთებს. ჩემი აზრით, იმას თუ როგორ გაუმკლავდა ორგანიზაცია ამ პრობლემას, მის მიმართ კიდევ უფრო მეტი ნდობა უნდა ჩამოეყალიბებინა. ცხადია, ეს სამწუხარო იყო და არავის სურდა მომხდარიყო, მაგრამ შეიქმნა გარანტიები, რომ ეს აღარასდროს განმეორდება.

ამერიკის ხმა: თქვენ ამბობთ, რომ ქართული ოცნება ცდილობს დააზიანოს არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაცია, ამაში მმართველი პარტია მარტო არ არის, ჩვენ ვნახეთ რუსეთის საგარეო დაზვერვის, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები. ქართული ოცნება ხშირად მიანიშნებს იმაზე, რომ უცხო ძალები ქვეყანაში რევოლუციურ სცენარებს ავითარებს. იმავეს აცხადებს როგორც მოსკოვი, ასევე პეკინი. როგორ ხედავთ ამ განვითარებებს?

თორნტონი: ვერ ვიტყვი, რომ მოსკოვი და პეკინი, საქართველოსთან დაკავშირებით კოორდინირებულად მუშაობენ და გზავნილებთან დაკავშირებით კოორდინაციაა, მაგრამ, შემძლია ვთქვა, რომ მათ ნამდვილად აქვთ სხვა ავტოკრატიულ რეჟიმებთან პარტნიორობის ინტერესი. ეს არის მათთვის ყველაზე ეფექტიანი გზა, ჩინეთის შემთხვევაში, თავისი პოპულარიზაციისთვის და [საქართველოში] თავის დასამკვიდრებლად. იმისთვის, რომ შავ ზღვაში სავაჭროდ პორტი გამართონ. მე მიმუშავია და მიცხოვრია ქვეყნებში, სადაც ჩინეთმა გამოყენა ძლევამოსილი ფიგურების, ე.წ. "სთრონგმენების" ავტოკრატია იმისთვის, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობის ხარჯზე, მისი ბუნებრივი რესურსები მიეღო. ასე რომ, დემოკრატიები ჩინეთის სასარგებლოდ არ მუშაობს.

კრემლის შემთხვევაში განსხვავებული გაანგარიშებაა, მათ სჯერათ, რომ არსებობს მათი გავლენის სფეროები და შესაბამისად, სურთ მათი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნები ავტოკრატიული იყოს, რადგან ეს მათთვის უფრო მარტივია. სწორედ ეს სურდათ უკრაინაში. მათთვის სამწუხაროდ, უკრაინა დემოკრატიულია და უკრაინელ ხალხს დემოკრატიის სჯერა. ასე რომ, ისინი საქართველოსთან დაკავშირებით მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენენ და როგორც ჩანს, წარმატებას აღწვენ, რადგან, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, სრულად იზიარებს კრემლის თვალსაზრისს და მის თეზისებს იმეორებს, - იცავენ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში, თავს ესხმიან, შეურაცხყოფენ ნატოს და მის მოკავშირეებს, ფრენები განაახლეს მოსკოვთან და საშუალებას აძლევენ, თავი აარიდოს სანქციებს. ასე რომ, ეს ყველაფერი, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, შესაძლებელს ხდის, რომ კრემლმა და ჩნეთმა ის მიიღონ, რაც სურთ.

ამერიკის ხმა: საუბრის დასაწყისში თქვენ ახსენეთ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება - საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მმართველი გუნდი, მხარდამჭერებს გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვას პირდება. როგორ აღიქვამთ ამ დაპირებას? რას ამბობს, ამგვარი გეგმები მმართველ ძალაზე და ქვეყნის შესახებ, სადაც შეიძლება ეს მოხდეს, რამდენად რეალისტურად გესახებათ ეს?

თორნტონი: მსგავსი რამ არასდროს მსმენია. არასდროს გამიგია, პოლიტიკურმა პარტიამ ან კანდიდატმა, წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს დაპირებით, რომ ავტოკრატიას აამოქმედებს, ჩამოართმევს ოპოზიციას უფლებებს და მანდატებს, ხალხის მიერ არჩეულ პოლიტიკურ პარტიას. მოსვისმინე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამის გამართლება მოლდოვის მაგალითით სცადა. მოლდოვაში ეს მოხდა პოლიტიკური პარტიის შემთხვევაში, რომელიც პირდაპირ ფინანსდებოდა რუსეთისგან, ქვეყნის კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ. „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ ეს პარტიები დაფინანსებას საქართველოს მტრისგან იღებენ, ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ნაწილი? არ ვიცი, რეალურად რის გაკითებას აპირებენ, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ. მაგრამ, რაც ვიცი და რისი იმედიც მაქვს ისაა, რომ ქართველი ხალხი ნათლად ხედავს, რა არის ბიულეტენზე, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, შეასრულებს თუ არა ამ მუქარას ხელისუფლება, ეს ანტიდემოკრატიული მუქარაა. ქართველი ხალხის იმედი მაქვს და მჯერა, რომ მათ დემოკრატია სურთ, არ უნდათ, იყვნენ რუსეთის მონობაში. მათ ევროკავშირის და ნატოს წევრობა სურთ.

ამერიკის ხმა: ბოლოს მინდა გთხოვოთ თქვენი დაკვირვება გაგვიზიაროთ სხვა ძირითადი წინასაარჩევნო გზავნილების შესახებ, რომლებსაც ახლა ქართველი ამომრჩეველი, როგორც ხელისუფლლებისგან, ასევე ოპოზიციური პარტიებისგან იღებს. "ქართული ოცნება" ხშირად ამბობს, რომ ის არის ქვეყანაში მშვიდობის ერთადერთი გარანტი, საუბრობს ომის საფრთხეზე, რომელიც მათი მტკიცებით ქვეყანას აარიდეს. როგორ პოზიციონირებს ამ დროს ოპოზიცია, რას ხედავთ მათ გზავნილებში? რას სთავაზობენ ისინი ქართველ ამომრჩევლებს?

თორნტონი: ეს ნამდვილად საინტერესო კითხვებია, ვფიქრობ უპირველესად, რაც შეეხება ომის საფრთხეს, ეს ძალიან ეფექტური გზავნილია. როცა საქართველოში ვმუშაობდი, ჩვენ საზოგადოებრივი აზრის ძალიან ღრმა კვლევას ვატარებდით და ყველა ნარატივი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს უსაფრთხოებასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესია. ასე რომ, ვფიქრობ, ესაა თემები, რომლითაც მანიპულირება შესაძლებელია. წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ეფექტიანი სტრატეგიაა. არ ვფიქრობ, რომ ეს არის პატიოსანი სტრატეგია, მაგრამ, როცა შიშს იწვევ, ამას ყოველთვის აქვს ეფექტი. ასე რომ, როცა „ქართული ოცნება“ საუბრობს ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, როცა საუბრობენ, რომ ომში ჩართვისკენ უბიძგებდნენ, როცა ამბობენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ერთადერთი გზა მოსკოვთან კარგი ურთიერთობაა, თითქოს მოსკოვი როდესმე რამის დათმობას განიხილავდეს, - ეს სისულელეა, მაგრამ ეს არის გზავნილი, რომელმაც ეფექტურად გამოყენების შემთხვევში, შესაძლოა ამომრჩევლამდე მიაღწიოს.

სხვა საკითხია, როგორ შეუძლია ოპოზიციას წარმატებული კამპანია აწარმოოს ალტერნატიული გზავნილის საფუძველზე, - რატომ არის საქართველოს უსაფრთხოების ინტერესში, არ დაუახლოვდეს კრემლს? ამის გაკეთება მარტივი უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კრემლია ის, ვინც საქართველოს ოკუპაციას ახორციელებს და არა ნატო, ევროკავშირი, არა შეერთებული შტატები და სწორედ ნატო და ერვოკავშირი გთავაზობს უსაფრთხოებას, რომელიც საქართველოსთვის უკეთესი იქნება.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, რაზე აწარმოებს ოპოზიცია კამპანიას - მე საკმაოდ ხმამაღალი და კრიტიკული ვიყავი, ოპოზიციის მხრიდან დამაჯერებელი, ერთიანი გზავნილების არარსებობობის გამო. იმედგაცრუებული ვარ, რომ არ ყოფილა გაერთიანებისთვის უკეთესი ძალისხმევა. არსებობს გამოცდილება, როცა ავტოკრატიის, ან ავტოკრატი ლიდერის დამარცხება გაერთიანებით შეძლეს. მათ უბრალოდ საკუთარი ეგო განზე უნდა დააყენონ და თქვან - მოდი გავერთიანდეთ. ვიცი, რომ ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, კარკვეული ძალისხმევა გამოიჩინეს კოალიციების შესაქმნელად, მაგრამ საქართველოში ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაღალი ბარიერისა და ბლოკების აკრძალვის გამო. რთული იქნება, თუ ისინი დაყოფილი იქნებიან, ამან შეიძლება ბევრი ხმის დაკარგვა გამოიწვიოს.

რაც შეეხება ოპოზიციის გზავნილებს, მათ მართლაც მკაფიო გზავნილები აქვთ საქართველოს ევროპულ, დასავლურ არჩევანთან დაკავშირებით. მაგრამ, მათ ასევე უნდა მიაწოდონ დამაჯერებელი გზავნილი ქართველებს იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ გააუმჯობესონ მათი ეკონომიკური მდგომარეობა, როგორია მათი ხედვა საქარველოს ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის. ამის შესახებ მე ბევრი დეტალი არ მსმენია, მაგრამ ასევე ღრმად არ ჩამიხედავს ამ საკითხში. თუმცა, ვფიქრობ, ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიციიდან საუბარი, გაერთიანება.

ამერიკის ხმა 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა