ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

ასეთი იყო თამარი და მისი ბრწყინვალე კარი

12.02.2020 | 11:18 ნახვები: 1125

ვისაც თამარი ნანახი არ ჰყავდა, ერთი მისი თანამედროვის მიხედვით დაბადებიდან ბრმად უნდა ჩათვლილიყო.
წყაროთა თანახმად თამარს ლურჯი თვალები ჰქონდა, იყო ,,გრემან თუალითა". საბას დროს გრემანს ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა - ,,[თუალნი] არც შავნი და ცხოვართა ფერი", მაგრამ მე-12-13-საუკუნეებში ის აღნიშნავდა ,,თუალსა ზღუებრ ლურჯსა", ალბათ ამიტომ წერს თამარის მეორე ისტორიკოსიც, რომ დედოფალს ჰქონდა ,,თუალნი ტბათაებრ მზისა შემცხრომელნი".
ის არც თუ ისე მაღალი ტანის ყოფილა (,,ტანი ზომიერი"), ჰქონია თეთრი პირისახე, მაგრამ ღაწვები ვარდისფრად შეფაკლული (,,ღაწუთა ვარდებრივ ფეროვნება", ,,ღაწუნი ვარდოვანნი"), იგივეს წერს ჩახრუხაძეც (,,ღაწვმწყაზარი"), თითქოს მორცხვი გამოხედვა ჰქონდა, თუმცა მხიარული პირისახე აღბეჭდილი იყო სილაღით, (იგივეს წერს ჩახრუხაძე - ,,მზე მცინარი, საჩინარი"). დედოფალს ურყევი გადაწყვეტილებები და მწყობრი საუბარი სჩვეოდა (,,ზრახვისა უჩუკნობა და სიტყვისა სინარნარე", დაახლოებით ამავეს წერს ჩახრუხაძეც), ეს სიმტკიცე გააფთრებადაც შეიძლება ქცეულიყო და ,,მოეწვა და მოეოხრებინა ურჩნი მეფობისა მისისა" საკუთრივ საქართველოშიც, როგორც ეს ფხოვში გააკეთა, რის გამოც ბოლო დრომდე ფხოვურ/ხევსურულ გადმოცემებში თამარი ეშმაკეულ, ავ დედაკაცად იყო მიჩნეული.
ამ უზადოდ მაღალმხატვრული დახასიათებით თანამედროვე ავტორმა ,,ხატი თამარისი ზედამიწევნულად აღძეგლა".
თანამედროვეებს მეფის მომთენთავი სინაზის წინაშე მუხლები ეკვეთებოდათ, უმშვენიერესი დედოფალი იყო ,,მგუემელ კდემითა", მისი ნაკვთებისა და მანერების სინატიფე ორლესული მახვილივით წამახული იყო.
მე-12-13 საუკუნეში მუსლიმი სულთნები საქართველოს ძლევამოსილ მეფეებს უამრავ ეგზოტიკურ საჩუქარს, სხვათა შორის ცხოველებსაც ჩუქნიდნენ. მათ შორის სპილოებსა და ლომებსაც (ალა ად დინი, აღსართანი). შამქორის ომში კი დავლად ქართველებს ორმოცი ავაზაც დარჩათ.
თამარზე შეყვარებულმა შარვანშამ ლომის ბოკვერი გამოგზავნა. პატარა ბოკვერი დედოფლის კალთაში გაიზარდა. ნამდვილი ამბავია - დღესაც კი ბევრ ადამიანს ყავს მოშინაურებული ლომი. საერთოდ ისინი პატრონის მიმართ დიდი სიყვარულით გამოირჩევიან ხოლმე. წყაროების გადმოცემით ბოკვერი გაზრდის შემდეგ ისეთი თავზარდამცემი გახდა, რომ შესახედადაც ზარია, დედოფალს სამოსის ფესუედს ულოკავდა და როდესაც ჯაჭვით უკან გაზიდავდნენ, შემზარავად ღრიალებდა. თანამედროვეები ამ შთამბეჭდავ მოვლენაში მრავლისმეტყველ სახეს ხედავდნენ იმისას თუ როგორ დნებოდა დედოფლის წინაშე უძრავი გულიც, იდრიკებოდა ამპარტავანი ქედი და იჩოქებდა მგლის მუხლიც.
თამარის ოთხი ფრესკული გამოსახულებიდან პორტრეტული არცერთი არ არის. ქალის აქ გამოსახული სახე - პირმრგვალი, წარბებგადაბმული, პატარა ტუჩებით, ერთგვარი კლიშეა შუა საუკუნეების აღმოსავლელი ლამაზი ქალისა და მისი სხვადასხვა ვარიაციის ნახვა უამრავ ძველ ქართულ ხელნაწერშია შესაძლებელი. მაგრამ თამარის თანამედროვე საქართველოში მრავალი ნიჭიერი, ანტიკური ფილოსოფიური და მხატვრული მემკვიდრეობის მცოდნე, მხატვრულ სიტყვას საფუძვლიანად დაუფლებული ფართო წარმოსახვის ავტორი წერდა, მათ თამარის ფიზიკური თვისებები და მასში გამოხატული სულიერი მხარეები თავიანთ შემოქმედებაში ნიჭიერად ასახეს.
ის იყო საშუალო სიმაღლის, თეთრი სახის, ლურჯთვალება, ღაწვებ შეფაკლული, მორცხვი მზერის, მაგრამ სახენათელი ქალი, შემოსილი იმდროინდელ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ქსოვილით (იბნ ისჶანდიარი) ნამზადი, ყინწვისის ლაჟვარდისფერი (თავის თვალებივით) საიმპერატორო პორფირით, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოფაზის - ბაჯაღლო ოქროს მაღალი გვირგვინით დაგვირგვინებული, რომელშიც ჩასმული ზმირის (ზურმუხტის) და სმარაგდის თვლები მწვანე შუქს ღვრიდნენ. აზევებული იყო მაღალ სამეფო ტახტზე, რომლის ,,კედელ-ყურენი" ფიქლით იყო შეძერწილი, მასში ელვარე სარდიონი, ხურუმზი, ბივრილიონი და ლიგვირიონი იყო ,,ურთიერთს შთათხზილი", (იოანე შავთელი), რომელთა გამოც ტახტი ძვირფასი ქვების წარმტაცი ფერადოვნებით იყო აციალებული. სარდიონი და ბივრილიონი იყო ,,თუალი ნაკვერცხლის ფერი, რომელსა აქუნდა ღამე ცეცხლებრივ ელვარებაჲ", ამიტომ შავთელი წერს, რომ მეფის იგავმიუწვდომელი ტახტი თვალისმომჭრელად ელავდა, მასზე დაბრძანებული სახენათელი დედოფლის თვითმხილველები გადმოგვცემენ: ,,უგავს ელობა კრონოს ციერსა".
ალ ჰუსაინი საუბრობს საქართველოს (,,აბხაზის") მეფის ოქროს მაგიდებზე, სინებზე,, თეფშებზე და ფიალებზე, რითაც მეფე სადილობდა, (შავთელი ახსენებს უძვირფასესი ალისფერი ბადახშის სასადილო ჭურჭელსაც), ვერცხლის გეჯებზე, რითაც მისი ცხენები წყალს სვამდნენ, მეფის ხაზინაზე - სავსეზე დიდძალი მარგალიტით, სარდიონით და მარჯნით, ,,როგორზეც ალაჰმა ილაპარაკა ყურანში და როგორსაც მორწმუნეებს შეპირდა სამოთხეში".
მეფის სამლოცველო სავსე ყოფილა ბაჯაღლო ოქროს, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ჯვრებით, ოქროსყდიანი და ძვირფასთვლიანი სახარებებით, ,,რომლის მსგავსიც არსად იყო და რომლის ფასიც არავინ იცოდა".
თამარის სახარების მინაწერიდან ირკვევა, რომ დედოფლის კარის ეკლესიაში საბაწმინდის შავმთური ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ.
აჯა იბ ად-დუნჲას აღწერით კეთილმოწყობილ სამეფო სასახლეს მრავალი კოშკი ჰქონდა დატანებული, ძირს კი ძალიან ახლოს წყალი ჩაუდიოდა, შავთელის ცნობით თაღებით შემკულ დიდებულ სამეფო სასახლეში, რომელიც ,,აზმათა" მიხედვით ,,ყოვლითურთ სამოთხისა მსგავსია" უამრავი ბაღი (,,მტილ-სამოთხენი") და აუზი (ავაზანი) იყო. აჯა იბ ად-დუნჲა ქალაქში სხვა ,,სიკეთით სავსე ბაღებზეც" ლაპარაკობს.
სპარსელი გეოგრაფის - ჰამდალლაჰ ყაზვინის ცნობით ირკვევა, რომ აბხაზის (საქართველოს) მეფის შემოსავალი მინიმუმ ორჯერ მეტი იყო თანადროული ინგლისისა და საფრანგეთის მეფის შემოსავალზე.
სანამ რუმის სულთანი რუქნ ად დინი საქართველოს წინააღმდეგ გამოილაშქრებდა, რუმის იმპერიაში იყო დიდი ეკონომიკური კრიზისი. იბნ ბიბი გადმოგვცემს, რომ ხალხს სულთანი საქართველოზე ლაშქრობით აიმედებდა, რაც ,,ურიცხვ ნადავლს" მოიტანდა: ,,ღმრთისაგან აღთქმული ურიცხვი ნადავლი (ს) ( შოვნა), აღსრულდება აბხაზის დამორჩილებით".
ასე, დიდი იმპერია ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას საქართველოს დალაშქვრით გეგმავდა, რომლის სიმდიდრეზე ლეგენდები არამხოლოდ მახლობელ რუმამდე, შორეულ გერმანიამდეც კი აღწევდა, ,,პარციფალში" ლაპარაკია კავკასიის დიდ სამეფოზე (,,ტრიბალიბოთი"), ოქროს მთებზე, დიდებულ ოქროქსოვილებსა და ბრწყინვალე დედოფალზე.
ერთი უცნობი წყაროდან, რომელიც ახლახან მოვიპოვე, ირკვევა, რომ ჯვაროსნები ელოდებოდნენ, თუ როდის დაუბრუნებდა ქრისტიანებს მუსლიმთაგან დაპყრობილ იერუსალიმს - ,,REGINA POTENTISIMA TAMAR", ( ,,დედოფალი ძლევამოსილი თამარი"), როგორც პრესვიტერ იოანეს მემკვიდრე. ამის მერე გასაგები ხდება თუ რატომ მოითხოვდა სალადინი ,,ფიცის წიგნში" თამარისგან იმის პირობას, რომ მის ტერიტორიებს არ დაიპყრობდა.
თეთრყირმიზი, ლურჯთვალება თამარი, ლურჯი პორფირითა და ზმირისთვლიანი ოფაზის მაღალი გვირგვინით, თავისი მწიგნობრებისა და კარის ბრწყინვალე პოეტების გარემოცვაში, თანამედროვეთა შეფასებით იგი ,,სწავლის ებგურია (გუშაგი)". გარშემორტყმული დატყვევებული ზვიადი მუსლიმი ამირებით, ხვეულებით მოჩითული აბრეშუმის მოხდენილ სკარამანგებში გამოწყობილი ახოვანი ქართველი მოყმეებით, (რომელთა ბრგე აგებულება ასე იტაცებდა უცხო თვალს - (იხ. გიიომ ტიროსელი, იბნ დავადარი...), ლომებითა თუ ავაზებით, ყველა მისი სამკაულით თავზარდამცემად დიდებული იყო.
როდესაც მუსლიმი მმართველი ამირ მირმანი საქართველოში ჩამოვიდა და თამარის შვიდივე სამეფოს ,,აბჯარკეთილი ლაშქარი", შემდეგ კი თავად დედოფალი იხილა ღვთაებრივ დიდებაში, დაზაფრულმა და დაბნედილმა ამოილუღლუღა, რომ ,,აბხაზისა და თბილისის ფადაშაჰ" თამარის სწორი არც ძველ და არც ახალ წიგნებში არავინ ეწერა.
წყაროები თამარს ,,მამამისთან" - ბიბლიურ სოლომონთან აიგივებენ, რომლის სახელიც ,,განხდა ყოველსა ქუეყანასა". ეს შედარება უსაფუძვლო არ იქნება, თუკი გავითვალისწინებთ იმ გრანდიოზულ გეოგრაფიულ არეალს, რომელშიც გავრცელდა ხმა თამარის დიდების შესახებ - რუსეთიდან (ივერიის დედოფალი დინარი) ეგვიპტემდე (,,ალ ჰიმმას გურჯების დედოფალი") და ეგვიპტიდან გერმანიამდე (ვოლფრამ ფონ ეშენბახთან), საფრანგეთამდე (ალბერიხთან ტრიუმ ფონტიუმის სააბატოში, ასევე ფრა თომასთან) და იტალიაში (კამპანიის კურიაში).
რა თქმა უნდა, თამარი არ ყოფილა კდემამოსილების ხატი, როგორც ამას მისი ისტორიკოსები წარმოაჩენენ. მისი მოწყალებაც ხშირად უძლურება იყო ძლიერ ოპოზიციასთან და მაშინ როცა მოთხოვნებით უფრო სუსტი სოციალური ფენა გამოდიოდა წყალობა/დაყვავების ნაცვლად მათ მიწასთან ასწორებდა, წვავდა და ძირიანად თხრიდა. იმდენად შემზარავად, რომ დასჯილთა შთამომავლობას ეს წიოკი და ამოგდება ლამის მეოცე საუკუნემდე ახსოვდა.
ცხადია შუა საუკუნეების პოლიტიკურ ფიგურას ამას მანკიერებაში ვერ ჩაუთვლი, მაგრამ საინტერესოც ისაა, რომ თამარი ერთი იმ უიშვიათეს მონარქთაგანი იყო, რომელიც სახელმწიფოსა და საკუთარ თავს არ აიგივებდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და აუცილებლად გასათვალისწინებელი მეფის შეფასებისას. გარდაცვალებისას ასე ილოცა: ,,ქრისტე, მხოლოო ღმერთო ჩემო, მარადიულო მეფეო ცისა და მიწისა, შენ გავედრებ ამ ქვეყანას - საქართველოს, რომელიც შენ მარწმუნე და ამ ერს, შენი სისხლით გამოსყიდულს და ჩემს შვილებს, და მერე ჩემს სულს".
მსგავსი შინაარსის ტექსტი უანალოგოა შუა საუკუნეებისათვის, მეფე სახელმწიფოსთან საკუთარ თავს არ აიგივებს ! კიდევ მეტი, მისთვის ეს ერი ქრისტეს სისხლითაა გამოსყიდული, თვითონ კი მის მნედაა დადგენილი. ჯერ საქართველოა, მხოლოდ შემდეგ უსაზღვროდ საყვარელი შვილები.
ბექა ჭიჭინაძე, მკვლევარი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა