ზურა ჯაფარიძე - არასწორი მგონია, რომ იმას, რასაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს, არჩევნები დავუძახოთ
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
კაია კალასი - რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება
გოჩა მირცხულავა: "თუ ბიძინა გადაწყვეტს, ყველა ლიდერს დაიჭერენ"
გაერო - თუ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება დროულად არ მიაღწევს, მომდევნო 48 საათში, შესაძლოა, 14 000 ჩვილი დაიღუპოს
ელენე ხოშტარია - ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით
საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო დაემატება
რაჟდენ კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ FARA უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება

გოჩა მირცხულავა: "თუ ბიძინა გადაწყვეტს, ყველა ლიდერს დაიჭერენ"

20.05.2025 ნახვები: 341

"კობახიძე ცდილობს, კრემლს დაანახოს, რომ თითქოს ძლევამოსილია"

"მოსაყდრედ წოდებულმა ადამიანმა სინდისის პატიმრების მშობლებს ერთი  სანუგეშო სიტყვა არ უთხრა. საპატრიარქო რომელ ოჯახის სიწმინდეზე გველაპარაკება?!"

 „ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- გოჩა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს? „ოცნებამ“ ოპოზიციონერ ლიდერებზე წნეხი გააძლიერა. ირაკლი ოქრუაშვილს, გირაოს გადაუხდელობის გამო, პატიმრობა შეუფარდეს. რა ჩაიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“?

- ყველა ქმედება, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ, „ქართული ოცნების“ მხრიდან არის სასოწარკვეთილი პოლიტიკური ძალის მიერ გადადგმული ნაბიჯები. უმსგავსო, პოლიტიკურად დეგრადირებული ქმედებებით ცდილობს, საკუთარ მომხრეებში და თანაგუნდელებში გააძლიეროს რწმენა, რომ ვითომ ძლიერები არიან. ეცდება მორალურად გატეხოს ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც თვალნათლივ ხედავს, არა მხოლოდ პოლიტიკურ და მორალურ დეგრადაციას, არამედ იმ გახრწნის პროცესს, რომელიც მიმდინარეობს მმართველ ძალაში.  ეს საგამოძიებო კომისია რომ არალეგიტიმურია, ყველამ ვიცით. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ კომისიის ყველა წევრი პარლამენტში მოხვდა „ქართული ოცნების“ სიით. ახლა ვითომ ოპოზიციას რომ ირქმევენ, ყველამ ვიცით, რომ ამ კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლები არ არიან. ეს ქმედებები, რომელიც ხელების გადაგრეხის პოლიტიკაა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ დეგრადირებს ეს პოლიტიკური ძალა.

- ვისმენთ შეფასებებს, რომ მმართველი ძალა ახლა სასოწარკვეთილია.

- სწორედ რომ ასეა. ჩვენ ვნახეთ ის სასოწარკვეთილი წერილი, რომელიც კობახიძემ ტრამპს მისწერა. ამ წერილს რეალურად ორი დანიშნულება ჰქონდა. ერთი  მხრივ, მოსკოვს ეუბნებიან, ნახეთ ჩვენ ტრამპიც კი არაფრად არ მიგვაჩნია, მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ზეაღმატებულ იმპერატივზმს ვაღიარებთ. თან ეს იყო ნაბიჯი იქითკენ, თითქოს ამერიკასთან პროცესის ნორმალიზაცია უნდათ. სინამდვილეში კი ეს წერილი ადასტურებს იმას, თუ რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან.

- თითქოს არ აშინებთ სანქციები, ფარატინა ფურცელიაო, სინამდვილეში აწუხებთ ძალიან.

- რა თქმა უნდა!  რომ აწუხებთ, სწორედ ის მომენტი გამოჩნდა. ეს ყველაფერი ხომ ბიძინა ივანიშვილის თამაშია. ისაა აქ მთავარი.

- რაც არ უნდა იძახონ, მთელი ძალაუფლება კობახიძეს გადასცაო, მაინც ისაა მთავარი?

- რა თქმა უნდა, ასეა! ვიღაც სასარგებლო იდიოტების აზრები მოვისმინე, რომ აი ბიძინა ცდილობს დისტანცირებას, ყველაფერი კობახიძეს შეაწმინდა და ასე შემდეგ. არა, ასე ნამდვილად არ არის. მეც მაქვს ის მოსაზრება, რომ კობახიძეს ცალკე ამბიციები აქვს, ახალ გზებს ჭრის სულ უფროსობასთან და ასე შემდეგ, მაგრამ ის ამ წუთს, ივანიშვილის დაქვემდებარებაშია. ვნახოთ, უახლოეს მომავალში რა და როგორ იქნება. შესაძლოა, პატრონებმა მოსკოვიდან სულ სხვა რამ ისურვონ. კობახიძე თავის მხრივ ცდილობს, კრემლს დაანახოს რომ თითქოს თვითონ არის ძლევამოსილი პერსონა და თუ ივანიშვილს მისით ჩაანაცვლებენ, ის ამ პროცესს მიესალმება. თუმცა ამ ეტაპზე ყველაფრის მმართველი ივანიშვილია და ჩვენს თავს ნუ გავისულელებთ,  რომ როგორი კარგი ბიძაა. ხომ ნახეთ ცოტნე როგორ ამბობს, რომ თურმე მამა-შვილი გულდათუთქულები არიან და ძალიან წუხან, ქართველ ახალგაზრდებზე რომ ძალადობენ. ხომ წარმოგიდგენიათ თურმე ცოტნე და ბიძინა წუხს. ამაზე დიდი ამორალური საქციელი არსებობს? ასეთი მორალური გახრწნა და უზნეობა არსად მსმენია. ეს იყო სრული უზნეობის დემონსტრირება. ამ ახალგაზრდა ადამიანისთვის, ეს არავის არ უნდა დაევალებინა, რომ ასე ეთქვა. ეს რომ მისი ნააზრევი არ არის, ყველამ ვიცით.

- ივანიშვილი ცდილობს, საბოლოოდ ჩამოშალოს და გადატეხოს ოპოზიცია?

- რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ქვეყნის შიგნით სუსტია, ქვეყნის გარეთ ისინი კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ სწორი ინფორმაცია იქნეს მიწოდებული საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის.

- „ოცნებას“ თუ დასჭირდა ყველა ლიდერს დაიჭერს?

-  ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამის ინდიკაცია ორ დღეში იქნება, ზურა ჯაფარიძესთან დაკავშირებით.

- ნაწილი იხდის გირაოს...

- მნიშვნელობა არ აქვს, იხდის თუ არა, თუ ბიძინა გადაწყვეტს, ვინც გადაიხადა მათაც დაიჭერენ. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ლიდერებად გამოკვეთილ პერსონებს დაიჭერენ, ამით ოპოზიციურად განწყობილ მასას გატეხენ. „ოცნებას“ საერთოდ არ აინტერესებს საერთაშორისო რეზონანსი, თუ ვინ რას იტყვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ფიქრობენ, რომ მათი ქმედება არის კანონით გამყარებული. იმდენად მკვეთრ და აგრესიულ  ნაბიჯებს დგამენ, სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ მათი მიზანია, ეს ოპოზიციური თავები მოჭრან. ფიქრობენ, ამ თავებს თუ მოჭრიან, უთავოდ დარჩენილი საპროტესტო მუხტი, გაიფანტება. მე კი ვეტყვი მათ, რომ ამ პროტესტს არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერები და არანაირი თავები არ არსებობენ. იყო ისეთი დღეები, თანაც ძალიან ხშირად, სადაც პოლიტიკური ლიდერები, ვერც კი ეკარებოდნენ აქციებს. რამდენ თავს მოჭრიან?! ამ ხალხს რომ არ ეშინია, ხომ უნდა მიხვდნენ?!

- სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას დაუქვემდებარეს. ანუ ფორმალურადაც აღარაა საჭირო ვითომ დამოუკიდებელი უწყება?

- ვინ ვის დაქვემდებარებაშია, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ყველაფერს ხომ ერთი კაცი მართავს? ყველა ხომ ივანიშვილის სიტყვის შემსრულებელია?! ახლა სტრუქტურულად, ვინ ვისთან იქნება დაქვემდებარებული, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ეს არსებითად არაფერს არ ცვლის. ისიც ხომ გახსოვთ, ლილუაშვილისთვის რაღაც ახალი სამინისტრო მოიგონეს და მერე ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდნენ! ვინ ვის შეერწყმება და ვინ ვისთან იქორწინებს, ამას რა მნიშვნელობა აქვს? თავიდან ბოლომდე არალეგიტიმური, პოლიტიკური ძალა მართავს ქვეყანას.

- ივანიშვილის ვაჟი ახსენეთ, რომელიც 17 მაისს გამოჩნდა და ამ დღეზეც უნდა გკითხოთ. რა იყო ეს ყველაფერი? ვნახეთ, რომ ეკლესია თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ სამსახურში გადავიდა. ამდენი უაზრო ინიციატივა, მაშინ როცა ეკლესიამ უკანონო პატიმრებზე ერთი სიტყვაც კი არ თქვა და არც მათ მშობლებს მოუსმინა.

- რომელ ოჯახებზე, რა ოჯახის სიწმინდეზე გველაპარაკებიან ესენი?! ჯერ ერთი, რელიგიური და თეოლოგიური პრინციპებიდან გამომდინარე თუ ვიტყვით, აი ამ ერთი დღის დაწესებით, რომელიც არის ძალადობის სადემონსტრაციოდ შექმნილი დღე (ნუ დაგვავიწყდება ის პოლიტიკური კონტექსტი, რისთვისაც ეს დღე დააწესეს), ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ყოველგვარ რელიგიურ სწავლებას. ახლა ვინ რამდენჯერ გათხოვდა და რამდენჯერ ცოლი მოიყვანა და ვინ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს, მოდი ამას თავი დავანებოთ, ამ დეტალებზე არ შევჩერდები, არ არიან ყურადღების ღირსნი. თუმცა ნამუსი და სინდისი ხომ უნდა ჰქონდეს იმ ხალხს, ვინც შვილებზე ძალადობს, მეუღლეზე ძალადობს, საზოგადოებაზე ძალადობს და ეს ადამიანები ოჯახის სიწმინდის დასაცავად გამოდიან. ეს ოჯახის სიწმინდის დღე არის ფარისევლების მიერ დაწესებული აფერისტობის დღე! ვისაც უნდა ამ აფერისტობაში მიიღოს მონაწილეობა, მიიღოს! რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი გაუნათლებელი ადამიანი გამოვა და აღნიშნავს ამ დღეს?! ამათ უფლება რომ მისცე, ადამიანებს კოცონზე დაწვავენ, იმისათვის რომ საკუთარი საიდუმლოებები დამალონ!  მე ღიად ვაცხადებ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, არის პირდაპირ  რუსეთის ფილიალი, რომელიც ყველა სიტუაციაში „აპრავებს“ საქართველოს ხელისუფლების უკანონო პოლიტიკური ძალის ქმედებებს. რომელ მორალურ თუ ზნეობრივ პრინციპებზე უნდა ვისაუბროთ, მოსაყდრედ წოდებულმა ადამიანმა სინდისის პატიმრების მშობლებს ერთ სანუგეშო სიტყვა არ უთხრა. საპატრიარქო რომელ ოჯახის სიწმინდეზე გველაპარაკება?!

ნონა ცაბაძე

ახალი თაობა

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა