3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით
ნათია თურნავა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ლევან ხაბეიშვილი შს მინისტრს - კორუმპირებული ხართ, ბატონო ვახტანგ, სათამაშო და სამშენებლო ბიზნესში გაქვთ წილი
მიხაილ როთი - ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს“
პრეზიდენტი - აშკარაა, ეს რუსული კანონია, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია
არმაზ ახვლედიანი შს მინისტრს - ვინ არის „ხარება“ ასეთი, რომ ვერ ახერხებთ მის გათავისუფლებას?
გიორგი ვაშაძე მინისტრს - თქვენ არ ხართ შს მინისტრი, თქვენ იცავთ მხოლოდ ივანიშვილს

„სიკვდილი იქნება რბილი ჩაბნელება" - პასუხგაუცემელი კითხვები ნამახვანზე

11.22.2021 | 16:32 ნახვები: 652

რამდენიმე დღის წინ, ერთ საინტერესო ადამიანთან მქონდა საუბარი, რომელიც არაერთი გამოგონების ავტორია, ძალიან საინტერესო ბიოგრაფიით. მუშაობდა ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქების შემდეგ მის კონსერვაციაზე, შემდეგ - აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა არმიის სამხედრო ბაზაზე, გერმანიის გაერთიანების პერიოდში. მოკლედ, არის საბჭოთა კავშირის დაშლის ბევრი ისტორიული ფაქტის მომსწრე და მოვლენის უშუალო მონაწილე.

საუბარი ჩერნობილის ატომური სადგურით დავიწყეთ, შემდეგ - სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ახალი ატომური სადგურის მშენებლობის მიზნებზე და რისკებზე. საუბრის შინაარსმა ბუნებრივად მიმიყვანა კითხვასთან: როგორ ფიქრობთ, ნამახვანჰესი უნდა აშენდეს?
პასუხი ძალიან უცნაურად ჟღერდა: არ უნდა აშენდეს, მაგრამ უნდა აშენდეს.
ცოტა დავიბენი, ყველაფერს ველოდი, ასეთი პასუხის გარდა. ცხადია, ჩავეძიე. ამის შემდეგ ძალიან ბევრი და ჩემთვის ძალიან გაუგებარი ტერმინებით მესაუბრა ილონ მასკის პროექტზე კოსმოსში ახალი სადგურის შექმნის შესახებ, რომელიც მზის ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად და მოლეკულური ბმის (ეს ნამდვილად დავიმახსოვრე) პრინციპით მოხდება დედამიწაზე მისი მიღება.
ზუსტად გავიგე, რომ ამ პროექტზე მუშაობს 20 რუსი მეცნიერი, მეცნიერთა ჯგუფი ინდოეთიდან, უნგრეთიდან და ჩემდა გასაოცრად, რუმინეთიდან.
ამიხსნა, რომ ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ჩვენს პლანეტაზე საბოლოოდ მოგვარდება ელექტროენერგიის პრობლემა და ის იქნება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, მაგრამ ამ პროექტის განხორციელებას, მინიმუმ, 15 წელი კიდევ დასჭირდებაო, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი 15 წლის მანძილზე თუ საქართველო ენერგეტიკულად მთლიანად რუსეთზე იქნა დამოკიდებული და ალტერნატიული წყარო არ შექმნა, საბოლოოდ, გაფორმდება მისი პოლიტიკური დამოკიდებულება რუსეთზეო.
შემდეგ ვისაუბრეთ მზის ენერგეტიკის გამოყენების შესაძლებლობებზე საქართველოში. ძალიან დეტალური პასუხი მივიღე ყველაფერზე. მითხრა, რომ მზის ენერგია არის ყველაზე განახლებადი ენერგიის წყარო და მისი მთავარი უპირატესობაა:
1. ამოუწურავობა - მზის ენერგია შეიძლება გამოიმუშაო ნებისმიერი რაოდენობით და ის საკმარისი იქნება მრავალი ათასწლეულის განმავლობაში კაცობრიობის ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად;
2. მისი უპირატესობაა რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მზიდან დედამიწას ყოველწლიურად 1 მილიარდი ტერავატ/საათი ენერგია მოდის და ეს მაშინ, როდესაც დედამიწაზე ყოველწლიურად მხოლოდ 20000 ტერავატ /საათი ენერგია იწარმოება, რაც არის 0,002% ჩვენს პლანეტაზე ჩამოსული მზის ენერგიის;
3. უპირატესობა არის უხმაურობა, რაც მიიღწევა იმით, რომ მისი წარმოებისას, ქარის ენერგიისაგან განსხვავებით, არ გამოიყენება მოძრავი მექანიზმები, რომელიც ადამიანისათვის სახიფათოდ მიჩნეული ხმის სიმძლავრე აქვს;
4. კიდევ ერთი ღირსებაა გამოყენების ფართო სფერო. მზის ენერგია თავისუფლად შეიძლება გამოყენებული იქნას იმ რეგიონებისათვის, სადაც არ არის ცენტრალიზებული ენერგოსისტემა. ის მოიხმარება როგორც გამათბობელი ელემენტი, ასევე, როგორც ენერგიის ძირითადი წყარო საერთაშორისო კოსმოსური სადგურისათვის და თანამგზავრებისათვის;
5. მზის ენერგეტიკის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობაა მისი ეკონომიურობაა - კერძო სახლების და შენობების, რომლებიც მზის ენერგიით თბებიან, მეპატრონეები საკმაოდ დიდ ეკონომიას იღებენ.
და უმთავრესი უპირატესობა: საყოველთაობა, ანუ მზის ენერგიის მიღება დედამიწაზე ყველგან არის შესაძლებელი ეკვატორიდან დაწყებული ჩრდილო პოლუსით დამთავრებული.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობის მომავალი მზის ენერგეტიკის განვითარებას უკავშირდება, მაგრამ მაშ, რატომ არის მისი ხვედრითი წილი ასე მცირე დღევანდელ ენერგეტიკაში და რატომ უკავშირდება მზის ენერგეტიკის საბოლოოდ განვითარება მხოლოდ ილონ მასკის კოსმოსურ პროექტს?
როგორც ირკვევა, ამ უპირატესობებთან ერთად, არსებობს ბევრი გვერდითი მხარე, რომელიც ენერგეტიკის ამ პერსპექტიული სფეროს განვითარებას დროში ამუხრუჭებს: პირველი - მიუხედავად იმისა, რომ მზის ენერგია ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა, მისი მოპოვებისათვის აუცილებელი მზის პანელების წარმოებისას ატმოსფეროში გამოიტყორცნება გაზები, რომლის ქიმიური შემადგენლობა საკმაოდ მავნებელია გარემოსა და ადამიანის სიცოცხლისათვის.
ასე რომ, სანამ არ დაიხვეწება მზის ენერგიის მოსაპოვებლად დღეს არსებული ტექნოლოგია, მზის ენერგეტიკის განვითარება ეკოლოგიისათვის საკმაოდ დიდი რისკების შემცველია.
ღმერთმანი, ძალიან უცნაურია, როცა ნამახვანჰესის მშენებლობის შემჩერებელი პრემიერ-მინისტრის უცხოელი მრჩეველი ალტერნატივად მზის ბატარეების დამზადებას გვთავაზობს. რიონის ხეობის ეკოსისტემის შესანარჩუნებლად ნეტავ, საქართველოს რომელი რეგიონი უნდა დადგეს ეკოლოგიური საფრთხის წინაშე ამ ბატარეების წარმოებისას გამოტყორცნილი მომწამლავი აირებით?!
მეორე და უმნიშვნელოვანესი პრობლემა გახლავთ მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის საწყის ეტაპზე საჭირო საკმაოდ დიდი კაპიტალდაბანდება, რის უფლებასაც დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს ვერ მისცემს.
მართალია, განვითარებული სახელმწიფოების ხელისუფლებები ეხმარებიან საკუთარ მოსახლეობას უპროცენტო კრედიტებით და მუნიციპალური სუბსიდირებით, რომ შენობების გასათბობად მზის ენერგია გამოიყენონ, მაგრამ ასეთი ფუფუნების შესაძლებლობა საქართველოს მოსახლეობას კიდევ დიდ ხანს რომ არ ექნება, ეს ალბათ, ეჭვს არავისში იწვევს.
მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგოდამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ?
ჩვენი მთავარი პრობლემა, ალბათ, იმაშია, რომ გაცილებით მეტს ვფიქრობთ იმაზე, რა იყო წარსულში და რა იქნება მომავალში, ვიდრე იმაზე - რა არის დღეს. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც გვეგონა, რომ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისათვის ბორჯომი და ციტრუსი იქნებოდა საკმარისი.
საკუთარ შეცდომებზე სწავლის უნარიც ნაკლებად აღმოგვაჩნდა, არათუ სხვისი შეცდომებიდან სწორი დასკვნების გაკეთების.
მურმან ლებანიძეს ერთ ნაკლებად ცნობილ ლექსში სულ ერთი ფრაზით აქვს გადმოცემული სიკვდილის მთელი ესთეტიკა: „სიკვდილი იქნება რბილი ჩაბნელება".
რეალურად, ასეა - სანამ ადამიანის ფიზიკურ სხეულს საკმარისი ენერგიის გენერირება შეუძლია, ის ცოცხალია.
გვიფიქრია, რას შეიძლება ნიშნავდეს ქვეყნისათვის „რბილი ჩაბნელება", როცა პულტზე ხელის დაჭერა - არც მეტი, არც ნაკლები - მტერს შეუძლია? დღეს ხომ ასეა.
დღეს ხომ ჩვენი ენერგიის მთავარი წყარო რუსეთიდან ნაყიდი ელექტროენერგიაა? არ ვაშენებთ ჰესებს, მაგრამ რას ვაკეთებთ, რომ ქვეყანას „რბილი ჩაბნელება" თავიდან ავაცილოთ? „არა ჰესებს" და ჰო - რუსეთს?
მინდა პასუხი არა ვარლამისაგან, არა რიონის ხეობის მცველებისაგან. მინდა პასუხი საქართველოს პრემიერ-მინისტრისაგან, რომელმაც ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
მინდა პასუხი გიორგი გახარიასაგან, რომელმაც „ენკასთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა და მთელი საარჩევნო კამპანია ისე ჩაატარა, მისთვის კითხვა არავის დაუსვამს, რატომ მოაწერა ხელი ქვეყნისთვის „წამგებიან" ხელშეკრულებას?
მინდა პასუხი ბიძინა ივანიშვილისაგან, რომლის თანხმობის გარეშე ღარიბაშვილი ღამე სიზმარსაც ვერ ხედავს.

ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა